დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებსა და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.
„რატომ ვერ იზრდება პროტესტის მასშტაბები
დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებზე და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, რატომ შემოიფარგლება ამ პროტესტის მასშტაბები მხოლოდ რამდენიმე ასეული, ან უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვით.
რამდენიმე დღის წინ გმირთა მოედანზე, სტუდენტების მიერ მორიგი ფიცის დადების დროს ამ ფიცის წამკითხველმა შუახნის მოქალაქემ ზურაბ ცეცხლაძემ გულდაწყვეტით იკითხა, რატომ ხდება, რომ როდესაც ერთი წლის წინ 5 ათასმა სტუდენტმა ამ ადგილას ერთგულების ფიცი დადო, მათგან დღეს მხოლოდ 50 სტუდენტი გამოვიდა ამ ფიცის ერთი წლისთავის აღსანიშნავად და ახალი ფიცის დასადებადო? ამ დროს კი ჩემი 19 წლის ვაჟი ოპოზიციური აქტიურობის გამო სხვა 50 პირთან ერთად ციხეში იტანჯებაო.
ოპოზიციაში კითხვების დასმა უკვე გაბედეს, მაგრამ სწორი პასუხების გაცემას ჯერ ვერავინ ბედავს. ცდილობენ ოპო-გამოსვლების მცირე მასშტაბები დააბრალონ ხელისუფლების პროპაგანდას, საქართველოში დამყარებულ „არნახულ დიქტატურას“, „რუსულ-კაგებეშნიკურ“ მართვის მეთოდებს და ა. შ. სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულად არის და ჩვენ შევეცდებით ადეკვატური, ლოგიკური და სწორი (ჩვენი აზრით) პასუხი გავცეთ კითხვას, საგარეო თუ საშინაო ძალების მობილიზაციის მიუხედავად, რატომ ვერ იძენს ოპოზიციური მოძრაობა მასობრივ და მასშტაბურ ხასიათს.
დავიწყოთ იმ რეალობით, რომელსაც არასოდეს აღიარებს დღევანდელი ქართული ოპოზიცია - ხელისუფლებამ არჩევნებში გაიმარჯვა და ოპოზიცია დამარცხდა, ანუ ხელისუფლებას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.
ამის მიუხედავად, ოპოზიციას შეეძლო განვლილ ნახევარ წელიწადში გაეზარდა მხარდამჭერთა რიცხვი, მაგრამ ის მოქმედებს 80-90-იანი ეროვნული მოძრაობის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით და იმდროინდელი კლიშეებით: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ „რუსეთი ოკუპანტია და მასთან დალაპარაკება ქვეყნის ღალატია!“ „ვინც იტყვის, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყანას ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოს ბედნიერება და სიკეთე არ უნდა, ის საქართველოს მოღალატეა!“ და ა.შ. და ა. შ. თავის დროზე ჩვენი თაობის მიერ გამოყენებულმა ზემოხსენებულმა ლოზუნგებმა დადებითი როლი შეასრულეს ეროვნულ მოძრაობაში და გარკვეულ დადებით შედეგებსაც მიაღწიეს, მაგრამ დღეს 30-35 წლის წინანდელი ტაქტიკით მოქმედება სრული ანაქრონიზმია. მით უმეტეს, რომ დღეს ამ ლოზუნგებს ეფარებიან 90-იანი წლების პარტკომები (ნათელაშვილები), კომკავშირის მდივნები (ხაზარაძეები) 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში გაწევრიანებულები (დ.უსუფაშვილები) და სხვები, რომლებიც მაშინ ჩვენ გვებრძოდნენ.
ინერციით 2 000-იან წლებშიც გაგრძელდა ეროვნული მოძრაობის ერთფეროვნება და სწორხაზოვნება, რასაც დაემატა 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების წარმატებით განხორციელების ფაქტი, რამაც დღევანდელი რევოლუციურად განწყობილი მასისთვის მარტივად დასაჯერებელი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საკმარისია ანტირუსული ისტერიის გაღვივებით ხალხის „აგდება“ და პარლამენტში შეჭრა. როდესაც ამას ვერ ახერხებენ ლიდერები, ოპო-მასას ლუსტრაცია ეუფლება, მიზეზებს ეძებს და პასუხებს ლიდერებისგან ითხოვს.
დღეს მსოფლიოში სრულიად სხვა რეალობაა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მიტინგომანიისგან და ხელისუფლებების ძალადობრივი დამხობების მცდელობებისგან. ხალხს ბევრი რამ ასწავლა პრაქტიკამ: ასწავლა ის, რომ მასების ემოციების, აღქმების და გრძნობების გამძაფრებაზე დამყარებულ პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გაცხადებული მიზნების უკუშედეგები მოაქვს, რომ პოლიტიკოსს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაზე ისაუბროს და არა იმანიპულიროს სხვა ადამიანების ან მით უმეტეს, მთელი სახელმწიფოს მსხვერპლად შეწირვით.
პრაქტიკამ, ის ილუზიებიც წარსულს ჩააბარა, რომ ნატოს დახმარებით უკრაინა დაამარცხებდა რუსეთს, მას გამოფიტავდა, დაშლიდა და ამით ჩვენც ვიხეირებდით, რადგან რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლებოდა და საქართველო გაერთიანდებოდა.
მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა, რომ ამ გზით წასულ უკრაინას ნატო არათუ ვერ ეხმარება სათანადოდ, არამედ ამერიკა უკრაინისგან ნატოზე უარის თქმას და ტერიტორიული დანაკარგების აღიარებასაც კი მოითხოვს.
დღეს დასავლეთისგან ათასჯერ სანქცირებული რუსეთი ამერიკას გამარჯვებულის პოზიციიდან უთანხმებს მშვიდობის პირობებს, ხოლო დანარჩენი მსოფლიო, რომელიც ამ ომში რუსეთს განადგურებას ან სტრატეგიულ დამარცხებას უწინასწარმეტყველებდა, დღეს მასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს მიესალმება.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ გაიგო და გაითავისა, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ომის შემთხვევაში ტერიტორიების დაბრუნების შანსი გვაქვს, პირიქით, გვაქვს საფრთხე, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგოთ, როგორც ეს უკვე მოხდა 2008 წელს, ან საერთოდ გავნადგურდეთ. ხალხის უმრავლესობამ ეს გაიგო და მიხვდა, რომ პოლიტიკა არა ემოციების, არამედ რაციონალიზმის ადგილია და ყველა ემოციურ შეთავაზებას რაციონალურად აფასებს.
მარგინალებად ქცეული, ოპოზიციური უმცირესობა სწორედ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას მოუწოდებს, რომ აიტაცონ მათი რუსოფობიური რიტორიკა და გვერდით დაუდგნენ, გაზარდონ პროტესტის მასშტაბები და დაამხონ ხელისუფლება.
უმრავლესობა კი უმცირესობას უბრალოდ, ეკითხება: „მერე რა იქნება?“ რაზეც არსებობს ბუნდოვანი პასუხი, რომ იქნება კოალიციური მთავრობა, რომელიც დასავლეთის კეთილგანწყობასაც დაიბრუნებს, რუსეთსაც მოერევა და ქვეყანასაც გააერთიანებს. როდესაც ეკითხებიან - „როგორ?“ ამაზე პასუხია: „მოგვეხმარეთ ხელისუფლებაში მოსვლაში და მერე გეტყვით!“, მაგრამ ხალხს მწარე გამოცდილება აქვს და კარგად ახსოვს, რომ ის „სისხლიანი 9 წელიც“ მათი ასეთი მიხმარების შედეგად დადგა. მით უმეტეს, რომ ოპოზიცია „იმ 9 წლის“ მთავარი შემოქმედის გათავისუფლებასაც კი ითხოვს. ამიტომ არა აქვს პერსპექტივა ოპოზიციური გამოსვლების მასშტაბების გაზრდას და რაც მალე მიხვდება ამას ოპოზიცია და ხელს აიღებს ერთი ადგილის ტკეპნისაგან, მით მალე გაჯანსაღდება პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში. ხოლო თუ ამის გაგების უნარი არ ექნება დღევანდელ ოპოზიციას, ის პოლიტიკურ ჭაობში ჩარჩება და პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებაში ახალი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას“, - წერს ნანა კაკაბაძე.