შაქარი საგრძნობლად გაძვირდება, მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა

შაქარი საგრძნობლად გაძვირდება, მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა

რამდენიმე დღეში შაქარი გაძვირებას დაიწყებს და საბოლოო ჯამში, 1 კილოგრამის ფასი 30-40 თეთრით მოიმატებს. ამჯერად ასეთი საგრძნობი ცვლილება მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც

პროდუქტის იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ შაქარი 40-თეთრიანი გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით. დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება. გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.

ბოლო თვეებში ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში შაქრის იმპორტი საერთაშორისო საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად განხორციელდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნა და შაქრის ადგილობრივი წარმოება დააზარალა. შედეგად აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და იქ დასაქმებული 500-მდე ადგილობრივი მოსახლე სამუშაოსა და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.

შაქრის იმპორტზე მომსახურების საფასურის დროებითი დაწესება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის ფასის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ამასთან, საწარმოს ადმინისტრაციას მისცემს შესაძლებლობას, განაახლოს ქარხნის მუშაობა, აწარმოოს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქცია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 500-მდე დასაქმებული შეძლებს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

იმპორტიორები გაურკვევლობაში არიან. შპს ელ ჯორჯია ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელსაც შაქარი ევროპიდან შემოაქვს. კომპანიის მთავარი ბუღალტერი კომერსანტთანსაუბარში აცხადებს, რომ გადასახადის დაწესება შაქრის ფასზე იმოქმედებს და მომხმარებელს გაძვირებული პროდუქტის შეძენა მოუწევს. გაზრდილი ხარჯების პირობებში მათ შესაძლოა იმპორტის მოცულობა შეამცირონ ან მუშაობა საერთოდ შეწყვიტონ.

როცა გადასახადი იმატებს, შესაბამისად ეს მოქმედებს ფასზე. 50 კგ-ზე, ანუ ერთ ტომარა შაქარზე 20 ლარით მოიმატებს ფასი. შეიძლება არც შემოვიტანოთ ამ ფასში, აზრი არ ექნება, უბრალოდ. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი შემომტანები ვართ. მოცულობით ძალიან ბევრი შაქარი შემოგვაქვს და ბითუმად ვვაჭრობთ. ეს გადასახადი რაც დაამატეს, ძალიან ცუდია ბაზრისთვის. დიდ მასშტაბზე, ალბათ, ვეღარ გავქაჩავთ თუ რამე არ შეიცვალა. დატვირთული გვაქვს და ერთი პარტია უნდა წამოსულიყო. 22 აპრილამდე რაც არის დატვირთული იმას არ შეეხება გაძვირება. საერთოდ კი, შაქარი გაძვირდება და ეს მომხმარებლისთვის იქნება ცუდი, - განცხადა ირაკლი გოგიბერაშვილმა.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს, რის გამოც საჭირო იქნება შევსება. შემოტანილი შაქარი კი ძვირი იქნება, რაც კონკურენციის ვერ უზრუნველყოფს.

არ მგონია ადგილობრივი წარმოება გასწვდეს ბაზარს, ასეთ შემთხვევაში კი შევსება იქნება საჭირო. ჩვენი შემოტანილი შაქარი კი იქნება ძვირი. თუ ევროპაში შაქრის ფასი წამოვა ქვემოთ, მაშინ აზრი ექნება შემოტანას. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება დღეს რაც არის, მაშინ აზრი არ ექნება, - განაცხადა გოგიბერაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი ადრეც მოქმედებდა - 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1-ელ ივლისამდე. მაშინ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებდა, რომ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და აგარის შაქარში დასაქმებული ადამიანები იყვნენ.