საცობები დედაქალაქს უკვე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს. მიზეზი საწვავის ხარჯთან ერთად, დროის დანაკარგიცაა. გამოსავალი უკვე მრავალი წელია არსად ჩანს.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის გამოთვლით, საცობებში დაკარგული დრო და საწვავის დამატებითი ხარჯი ჯამში, 1 მილიარდ ლარს აჭარბებს. საყურადღებოა, რომ თბილისის გაუვალ ქუჩებში მძღოლი წლიურად 120 საათს კარგავს.
„პარამეტრები დამოკიდებულია იმაზე, რა მანძილს გადის, საშუალოდ, წელიწადში მსუბუქი ავტომობილი; დღიური გარბენი დაახლოებით 35-40 კილომეტრამდეა, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგი ავტომობილი მეტს გადის, ზოგი გაჩერებულია, ზოგი კვირაში რამდენიმე დღე მოძრაობას და ა.შ.
შეგვიძლია საცობში დაკარგულ 10 წუთზე დავთალოთ ეკონომიკური ზარალი და შემდეგ გადავიანგარიშოთ კოეფიციენტებზე. ჩემი შეფასებით, 10-წუთიანი საცობის წლიური ალტერნატიული ღირებულება საშუალო დღიურ ხელფასზე დათვლით 430-440 მილიონ ლარამდეა. 20 წუთი 860-880 მლნ ლარი გამოდის და ა.შ. ვფიქრობ, რომ დღიურ გარბენზე გაანგარიშებით საცობებში გატარებული საშუალო დრო 20 წუთს არ უნდა აჭარბებდეს. თვეში ერთი მძღოლი დედაქალაქში საშუალოდ, 10 საათს, წელიწადში კი - 120 საათს ატარებს. ხოლო მთლიანობაში, თბილისის საცობებში მოსახლეობა ატარებს, საშუალოდ, 66 მილიონ საათს. აქედან გამომდინარე, წლიური ზარალი რომ დავამრგვალოთ, 900 მილიონ ლარამდე იქნება“, - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ.
რაც შეეხება საწვავის ნაწილს, სტატისტიკოსმა იანგარიშა, რომ 100 კმ-ზე ავტომობილი მოიხმარს 8 ლიტრ საწვავს, თუმცა მანქანის მოდელის მიხედვით ეს რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი ან ნაკლები იყოს.
„საშუალოდ, 8 ლიტრი ავიღე, დავიანგარიშე საცობებში ნელი მოძრაობა და დამატებითი ხარჯი, ვფიქრობ, ეს ჯამში დაახლოებით 160 მილიონი ლარის ზარალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი არის კონსერვატიული შეფასებით და შეიძლება მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იყოს“, - დასძინა არჩვაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ იზრდება თბილისში ავტომობილების რაოდენობა, პრაქტიკულად, უცვლელი რჩება საავტომობილო გზები. პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე საუბრისას, ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, უფრო მეტად კი ხიდების, ესტაკადების მშენებლობასა და მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელების განვითარებაზე.
დედაქალაქში რომ საცობები სერიოზული პრობლემაა, ამას თბილისის მერი კახა კალაძეც ადასტურებს. იგი ირწმუნება, რომ ყოველდღიურად მუშაობენ ამ მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ ქალაქის ხელმძღვანელობა რაიმე ხელშესახები წარმატებით ვერ დაიკვეხნის.
კალაძის განცხადებით მერიაში ამ პრობლემის მოგვარებისა და მოძრაობის მოწესრიგების თავისი ხედვა აქვთ.
„ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია ემატება საავტობუსო ზოლები, რათა გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და დედაქალაქში მოძრაობა აჩქარდეს. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ.
გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს.
მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ასე მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 230 ათასით გაიზარდა.