"რაკი მე ვარ მონიტორინგის ჯგუფში, გადავწყვიტე ყველა მომენახულებინა - პოლიტპატიმრებით დაწყებული, ქურდებით დამთავრებული და მათ შორის ისინიც, რომლებიც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ, მაინტერესებდა როგორ პირობებში არიან მკურნალიძეები, ხუჭუები და ძმანი მათნი. ისინი არიან გაცილებით უკეთეს პირობებში, ვიდრე თუნდაც პოლიტპატიმრები ან სხვა თანამდებობის პირები - ეს არის კარგი, მზიანი ოთახი, შეღებილი, დაგებულია პარკეტი, აქვთ ტელევიზორი, რადიო, პრესა. რაც შეეხება კომპიუტერს, არ ვიცი - სანამ შევიდოდი ინფორმაცია უკვე ჰქონდათ და შეიძლება გადამალეს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ლალი მოროშკინა გაზეთ "ალიასთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა დააბარეს ლალი მოროშკინას პატიმრების წამებისთვის დაკავებულმა ხუჭუამ და მკურნალიძემ?!
"პირველი, რაც თვალში მომხვდა ეს არის გაგა მკურნალიძის საწოლზე დალაგებული ხატები და სანთლები - ამან ღიმილი მომგვარა, ყოველივე იმის მერე, რაც ციხეში ჩაიდინა, ცოტა სასაცილოა მისი რელიგიური მოტივები. მე მქონდა მასთან რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად, სად გაქრა არქივი მე-8 საპყრობილიდან? დავით ხუჭუამ მიპასუხა: როცა დამაპატიმრეს, იმ დღეს ყველაფერი თავის ადგილზე იყოო. ამას სასამართლოში დაამტკიცებ-მეთქი? - კი არ არის პრობლემა, დავამტკიცებო. ახლა გამოდის, პირდაპირ ტუღუშს ადებს ხელს. მე ამდენი ხანია თავად ტუღუშისგანაც ვითხოვ ამაზე პასუხს, მაგრამ ის დუმს. საინტერესოა, სად წავიდა დანარჩენი ვიდეომასალები, რაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა გამოძიებისთვის? მკურნალიძე და ხუჭუა ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან - მხოლოდ ჩვენზე არ უნდა გადატყდეს ჯოხიო! - ცხადია, ამ საქმეში მხოლოდ მათი ბრალეულობა არ იკვეთება, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა პატიმრების წამებაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლალი მოროშკინა.
"ისინი მზად არიან დაასახელონ სხვებიც, მაგრამ საკმაოდ მშვიდად არიან და უდარდელად, იმედი აქვთ, რომ მათი მფარველები აუცილებლად უშველიან. ისინი მზად არიან დაასახელონ ქვედა რგოლები და არა მაღალჩინოსნები. ისინი დახმარებას ელოდებიან ახალაიებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებისგანაც იღებდნენ დირექტივებს. ვიმეორებ - საერთოდ არ ნერვიულობენ. მე გაგა მკურნალიძეს ვუთხარი - ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ბავშვის ცემა როგორ მოგივიდა აზრად-მეთქი - ეს ბავშვი იყო ის, ვინც ბუნტი მოაწყოო. საუბარია არასრულწლოვანთა კოლონიაზე. მე შევხვდი თითქმის ყველა არასრულწლოვან პატიმარს და იქ არავითარი ბუნტი არ ყოფილა - ბავშვებმა, უბრალოდ ხმა ამოიღეს თავიანთ საშინელ ყოფაზე. მკურნალიძე 14 წლის მოზარდის წამებას მიიჩნევს ძალიან ნორმალურ საქმედ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გგონიათ, რომელიმე ინანიებს და ამბობს, ზედმეტი მოგვივიდა, ეს არ უნდა ჩაგვედინაო? არა, უსამართლობა ჩაიდინეს და ამის განცდა არ აქვთ - ჩვენ არ ვართ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ეს იყო გასაკეთებელი და ამის შემდეგ ნახეთ რა მოხდება ციხეებში, ნახავთ, როგორ გაგექცევათ ციხეები ხელიდანო. მე ამ ადამიანებთან ლაპარაკი იმისთვის მინდოდა, რომ ჩემი ეჭვები გადამემოწმებინა და მტკიცებულება მიმეღო. ის ნაციონალები, რომლებიც ჯერ კიდევ მართავენ სიტუაციას იძლევიან ბრძანებებს, რომ უნდა აირიოს ციხე - დიახ, ეს დამიდასტურეს მკურნალიძემაც და ხუჭუამაც - თქვენ იძულებული იქნებით, რომ აქეთ შეგვეხვეწოთ დასახმარებლადო", - აცხადებს ლალი მოროშკინა და შეკითხვას - "ცოცხებიც ხომ არ მოვუმარაგოთ?" - პასუხობს:
"იმუქრებიან: აი, ნახავთ, ისევ აირევაო. ამას ხმამაღლა ვამბობ - დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან მალე აირევა სიტუაცია და ისინი თვითონ მიხედავენ ციხეებს. თან აქცენტს აკეთებენ ქურდებზე - ისინი არევენ ძალიან მალეო. ამის შემდეგ მე ვესაუბრე ე.წ. კანონიერ ქურდებს და მთხოვეს, თქვენი გაზეთის საშუალებით გავავრცელო მათი განცხადება: ისინი ხატზე იფიცებენ, რომ გარეთ მომხდარ დაყაჩაღებებსა და სხვა სახის დანაშაულებში არანაირად არ ურევია "კანონიერი ქურდების" ხელი, არავთარ დაძაბულობაში არ იღებენ მონაწილეობას - ჩვენ ისედაც ვართ დისკრედიტებული და გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენგან არ იქნება პრობლემა, გულისყურით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს - კატეგორიულად ვემიჯნებით იმ საბიტაჟს, რაც დაწყებულია დევნილებში, რაც დაწყებულია დანაშაულის მატების მხრივ - ეს ყველაფერი დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის მიერო!"
"მკურნალიძე და ხუჭუა არაფერს ნანობენ, პირიქით, ასე იყო საჭიროო. სხვათა შორის მე ბედუკაძის თემაც წამოვწიე - ეს ადამიანი ძალიან მძიმედ აწევთ გულზე, ფაქტობრივად, მან გამოიტანა თემები. ჩვენ კამერები იმიტომ გვქონდა, პატიმრები რომ მოჰყავდათ, თვითდაზიანებებს ჰქონდა ადგილი და ბედუკაძემ ეს მასალა გამოიყენაო - ტყუილებს ლაპარაკობენ, რა მასალაც იყო, კი ვნახეთ. ერთი რამ ფაქტია - ეს ტიპები არიან ძალიან ირონიულები, ძალიან დამშვიდებულები ელოდებიან, როდის დაგვემხობა თავზე ყველაფერი. ხელისუფლების დამხობა ციხიდან იწყება, როგორც ახლა მოხდა, ისევ ისე მოხდებაო. ჩემი აზრით სააკაშვილის და მაგათი საიმშვიდე ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. მე როგორც ვიცი, ამათ "კრიზისული პიარ პროგრამა" დაუკვეთეს ისრაელის ერთ-ერთ ფირმას. ახლა ძალიან საშიშია რომ ხელიდან არ დაგვიძვრეს რაღაც პროცესები. სულ 10 ადამიანია დაპატიმრებული მაგ საქმეზე , მაგრამ ეს ორია "ყოჩი". დანარჩენებს არავინ არაფერს ეკითხება", - დასძენს ლალი მოროშკინა.