"ძველმა ხელისუფლებამ გააძევა ქურდები და ყაჩაღები, მათი ადგილი კი თავად დაიკავა!"

არჩილ კბილაშვილი - "დამჭირდება ერთი კვირა, რომ ეს საკადრო ვერტიკალი შევცვალო. ძველმა ხელისუფლებამ გააძევა ქურდები და ყაჩაღები, მათი ადგილი კი თავად დაიკავა!"

"მე არც ერთი დღე არ მიმუშავია პროკურატურაში, მაგრამ ამას დავძლევ. ვიცი, რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო - უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გავხდე აღმასრულებელი ხელისუფლების დანაყოფი, მისი პოლიტიკური ნების შემსრულებელი. დაუშვებელია სასამართლოზე ზეწოლა - დღემდე ყველა განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი. მინდა დავაიმედო ბრალდებულები, რომ პროკურატურა მათ ბედს აღარ გადაწყვეტს. რაც უნდა ეთქვა ბრალდებულს, რა არგუმენტიც უნდა მოეყვანა თავის დასაცავად, ადვოკატს რა მტკიცებულებებიც უნდა წარმოედგინა, არავის აინტერესებდა. ხშირად პროკურორიც დარწმუნებული იყო ადამიანის უდანაშაულობაში, მაგრამ ამბობდა, მე ვერაფერს ვიზამო. ამას არ დავუშვებ!", - აცხადებს მომავალი გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დასასჯელი ბევრია!"

"ასევე, აუცილებელია, ერთმანეთისაგან გავმიჯნო საზოგადოებრივი აზრი და რეალური სამართალდარღვევა. შესაძლოა, საზოგადოებაში არსებობდეს აზრი ამა თუ იმ პირის დამნაშავეობის შესახებ, მაგრამ კონკრეტული ინფორმაციის გარეშე, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო არავის დასჯას არ ვაპირებ. საკადრო პოლიტიკას მნიშვნელოვნად გადავხედავ, რაც ხელმძღვანელი და საშუალო რგოლებიდან თანამდებობის პირთა გათავისუფლებას ნიშნავს. ეს მომავალი პროკურატურის მუშაობის სტრატეგიის ნაწილია. მართალია, პირდაპირი გაგებით რევოლუცია არ მომხდარა, მაგრამ რაც მოხდა, თავისი მნიშვნელობით რევოლუციის ტოლფასია. დამჭირდება ერთი კვირა, რომ ეს საკადრო ვერტიკალი შევცვალო. საქმეებს ძველი კადრებით ვერ გადავხედავთ. კაცი, რომელიც პროკურატურაში დაჩაგრეს, ბუნებრივია, თავისი განცხადებით მის დამჩაგვრელ პროკურორთან არ უნდა მოხვდეს, ამიტომ კადრების შეცვლა აუცილებელია.", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.

"ამავდროულად, მინდა გამოვაცხადო ერთგვარი მორატორიუმი ორი ან სამი კვირით იმისათვის, რომ ყველა მიმდინარე საქმე, რომელიც სასამართლოს არსებითად განსახილველად აქვს გადაცემული, შეჩერდეს. სახელმწიფო წლების წინ გამოტანილი განაჩენების გადახედვას აპირებს და აწმყოში უკანონოდ ვინმეს პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. დღევანდელი სასამართლოს განსახილველ საქმეებზე გამოძიება 3, 4, 5 თვის წინ არის დაწყებული. თავისთავად, ხელწერა ისეთივე იქნება, როგორიც იყო, ამიტომ გადავწყვიტე, შეჩერდეს განხილვები, შევისწავლოთ ყველა სასამართლოში არსებული საქმე და თუ დავინახავთ, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, უკან გავითხოვოთ ან შევწყვიტოთ სისხლისსამართლებრივი დევნა", - ამბობს რესპონდენტი

"რაც შეეხება საპროცესო გარიგებას, იმას, რაც იყო, საპროცესო შეთანხმება კი არა, საპროცესო იძულება ერქვა. ის მავნე პრაქტიკა, რაც არსებობდა, შეთანხმებასა და კომპრომისს გამორიცხავდა. თუ ადამიანი პროკურატურის შეთავაზებულ პირობებს არ მიიღებდა, ათჯერ უფრო მკაცრი სასჯელი გარანტირებული ჰქონდა, ამიტომ ხალხი აღიარებდა იმას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. ეს მავნე პრაქტიკა უნდა გამოსწორდეს. საპროცესო გარიგება, როგორც სამართლებრივი ფორმა სასჯელისა, არ არის ცუდი, უბრალოდ, მას ძალიან ცუდად იყენებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჯარიმების ოდენობის საკითხიც. არ შეიძლება, დანაშაული (ნამდვილი თუ მოგონილი) ბიუჯეტის შევსების წყარო გახდეს, ამას ყაჩაღობა ჰქვია. ძველმა ხელისუფლებამ გააძევა ქურდები და ყაჩაღები, მათი ადგილი კი თავად დაიკავა. საპროცესო შეთანხმება დარჩება, დაკონკრეტდება და დანაშაულის კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება", - განმარტავს არჩილ კბილაშვილი. 

"მინდა აღვნიშნო დაზარალებულის საქმიდან ჩამოშორების საკითხიც - დღეს დაზარალებული საქმეში მხარე აღარ არის და მას არავითარი უფლებები არ გააჩნია: დაზარალებული, ასე ვთქვათ, აწუხებდა პროკურორს. ის პროკურატურისათვის გახდა დისკომფორტის მიზეზი, ამიტომაც მარტივად გადაჭრეს ეს საკითხი: დაზარალებულები საქმეს ჩამოაშორეს! ნებისმიერ საქმეში დაზარალებული უნდა დადგეს პროკურორის პირისპირ... არა მარტო სკანდალური და საყოველთაოდ ცნობილი საქმეების გადახედვა დაიწყება, არამედ ყველა იმ ადამიანს გაუჩნდება სამართლის პოვნის შანსი, ვინც თვლის, რომ დანაშაულის, ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი გახდა. გადაიხედება უკანონო განაჩენები, დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტზე. დღის სინათლეს ჟვანიას საქმეც იხილავს", - აცხადებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი და შეკითხვას - "პროკურატურიდან ძველი კადრების დათხოვნას აპირებთ. შეძლებთ მათ სწრაფად შეცვლას ღირსეული ადამიანებით?" - პასუხობს:

"არ არის სავალდებულო, იმ ადამიანებს, ვინც პროკურატურაში დაიწყებს მუშაობას, პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. ვინც პატიოსნებით, ადამიანურობით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა და მიაჩნია, რომ პროკურატურის სისტემაში შეძლებს მუშაობას, ყველას კანდიდატურას განვიხილავთ. ვიცი, რომ შეიძლება ოპტიმალური არ იყოს ეს ვარიანტი, მაგრამ მარსიდან ვერავის ჩამოვიყვანთ. პროკურატურიდან კადრების დათხოვნა არ არის დევნა, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. იმ არაჯანსაღ პროცესში მსხვერპლად იქცნენ არა მარტო პროკურატურის თანამშრომლები, არამედ ადვოკატები და მოსამართლეებიც".

"სამწუხაროდ, ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადვოკატთა კორპუსის დაკნინებას. მათი ფუნქცია გახდა ოჯახსა და პროკურატურას შორის ამბის მიტან-მოტანა და არა - ადამიანის დაცვა. წესიერი ადვოკატები, მაგალითად, შალვა შავგულიძე, საშიშროებადაც კი იქცნენ ბრალდებულებისათვის! - მათი პროფესიონალიზმი, პატიოსნება, საქმისადმი ერთგულება და უბრალოდ, პროცესებში მონაწილეობა იქცა ბრალდებულისათვის კიდევ ერთ "დამამძიმებელ გარემოებად". ამ სისტემის თავისებური მსხვერპლია მოსამართლეც. სამსახურიდან წასვლა ადვილი არ არის. იმ ყოფაში, რაც ჩვენ გვქონდა, ამას მხოლოდ გმირები ახერხებდნენ, თუმცა სხვის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შენება არ შეიძლება. ვფიქრობ, იმ ადამიანებთან მუშაობა შეიძლება, რომლებიც ამ სისტემის პირობებში ახერხებდნენ მაქსიმალური შეღავათი გაეწიათ ადამიანებისთვის, მაგრამ რეფორმა აუცილებელია როგორც პროკურატურაში, ასევე _ სასამართლოში", - მიიჩნევს არჩილ კბილაშვილი.

"კორუფცია მხოლოდ აღებ-მიცემობას არ ნიშნავს. კორუფცია ფორმის შერყვნას, მის დარღვევასაც გულისხმობს და ამაზე თვალის დახუჭვის უფლება არ გვაქვს. ძველი კადრებით ამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია. უნდა დაისაჯოს პროკურორი, რომელმაც უკანონო დადგენილებას მოაწერა ხელი, უნდა დაისაჯონ გამყალბებლები, მაგრამ ის შემსრულებლები, რომელთა საქმიანობას მძიმე შედეგები არ მოჰყოლია, ასცდებიან მართლმსაჯულებას. მიუხედავად იმისა, რომ დასასჯელი ბევრია, ჩემი ქმედებები არ იქნება რევანშისტული, მაგრამ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას გვერდს ვერ ავუვლით... და კიდევ ერთი - პროკურატურის ახალი კადრების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო პროფესიონალიზმი, არამედ ადამიანური ფაქტორიც. პროკურატურა აღარ იქნება საზოგადოების წინააღმდეგ მომუშავე რეპრესიული მანქანა, რომელსაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ასეთი სახე ჰქონდა", - დასძენს მომავალი გენერალური პროკურორი.