რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი შაშკინმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, ჯარისკაცების, მეგობრებისა და კოლეგებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
“ქართველმა ხალხმა პირველ ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ, თუმცა, მე და ახალ უმრავლესობას გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები. მე ვმუშაობდი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში იმიტომ, რომ ვიზიარებდი მის იდეალებს და იდეებს. ჩვენ, მთავრობას, გვაერთიანებდა იდეა და არა _ პრაგმატული გათვლა, ჩვენ გვჯეროდა, რომ ფული არ არის მთავარი და იდეით და შრომით შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს. ჩვენ ვიყავით მთავრობაში არა იმისთვის, რომ გვეშოვა მილიონები, არამედ იმისთვის, რომ გვემსახურა ჩვენი ხალხისთვის. მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ვმუშაობდი ყველაზე ძლიერ და წარმატებულ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, მესწავლა ზურაბ ადეიშვილისგან და მეწოდებინა მისთვის მეგობარი. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ჩემი კოლეგა იყო ალე ხეთაგური, ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოში. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მთავრობის სხდომებზე ერთ მაგიდასთან ვიჯექი გრიგოლ ვაშაძესა და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად. მე გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და ჩვენ, ყველამ ერთად, საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთ.
2008 წლიდან ვიმუშავე სამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში და მუდამ ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის.
პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში შეხვედრისას ხალხი მადლობას მიხდიდა იმისთვის, რომ ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს შემცირდა ძალადობა და სიკვდილიანობა სისტემაში. განხორციელდა ისეთი პროგრამები, რომლებიც უნიკალური იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვახერხეთ ქალთა კოლონიაში ბუნტის აღკვეთა ისე, რომ სპეცოპერაციის დროს არ დაზარალებულა არც ერთი პატიმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და სპეცრაზმის თანამშრომლების ტანსაცმელი ცეცხლში იყო გახვეული. ამისთვის მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა სპეცრაზმელს და ბოდიშს ყველას, იმისთვის, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე რეფორმები სასჯელაღსრულების სფეროში.
ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ განათლების სისტემაში. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, იყო რთული, ხანდახან _ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი. ჩვენ დავაბრუნეთ ბავშვები სკოლებში, დავამყარეთ წესრიგი, დავიწყეთ პედაგოგების სერტიფიცირების პროცესი, გავზარდეთ მათი ხელფასები, მოვახდინეთ ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია, სკოლები აღვჭურვეთ ახალი კომპიუტერებით, ყველა პირველკლასელს გადავეცით საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი, ჩამოვიყვანეთ ინგლისური ენის ათასობით უცხოელი მასწავლებელი, ხელი შევუწყვეთ ფასების შემცირებას სასკოლო სახელმძღვანელოებზე, გავაღვივეთ ბავშვებში ინტერესი ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ავაშენეთ ახალი სკოლები და პროფესიული კოლეჯები, გავარემონტეთ ათასზე მეტი სკოლა და გავატარეთ უამრავი სხვა რეფორმა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემთან ერთად ახორციელებდა ამ რეფორმებს. ჩვენ შევქმენით თანამოაზრეების უძლიერესი გუნდი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით და ვახორციელებდით ერთად. ჩვენი ყველა წარმატება იყო ქვეყნის წარმატება და ამ რეფორმების შედეგები უკვე სახეზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დამემართა დიაბეტი მძიმე ფორმით, ამის გამო უკან არასდროს დამიხევია, რადგან მჯეროდა, რომ ვაკეთებდი მნიშვნელოვან საქმეს ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის. ბევრი ცუდი რამ ითქვა მანდატურებზე, ისტორია გაარჩევს, ვინ ცდებოდა და ვინ იყო მართალი. მე ვამაყობ, რომ ვიყავი ამ რეფორმის ავტორი და მინდა, შევახსენო ყველა მანდატურს, რომ მათი უშუალო მონაწილეობით გადაურჩა ძალადობას ათასობით მოსწავლე. თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი სკოლები ყველაზე უსაფრთხო იყო. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ათასობით სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებდით ამ რეფორმებს.
რაც შეეხება ჩემს ბოლო თანამდებობას თავდაცვის მინისტრის რანგში, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯარს, რადგან ვერ მოვასწარი იმის განხორციელება, რასაც დაგპირდით და დავგეგმე თქვენთან ერთად. ვთვლი, რომ საქართველოს ემსახურებიან საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტად დავისახე მათზე ზრუნვა. ჩვენი მთავარი დევიზი _ ,,არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ” _ დაედო საფუძვლად ახალ 3T კონცეფციას. ჩემთვის ყველაზე დიდ საჩუქრად დარჩება სამხედრო ფორმა, რომელიც მაჩუქა ერთ-ერთმა მეთაურმა. ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, დაუვიწყარი იქნება შეხვედრა ალექსანდრე ტუღუშთან და დანარჩენ დაჭრილ ბიჭებთან ამერიკის ჰოსპიტალში. ამ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ სანამ ასეთი ოფიცრები და ჯარისკაცები არიან საქართველოში, რუსეთი ვერ დაგვამარცხებს.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მქონდა, ავღანეთში გამეცნო რომან ჯანჯულია (ბატალიონის მეთაური), რომელიც ომობს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი განვითარდეს და ჩვენი ქვეყანა მიუახლოვდეს ნატო-ს.
არასოდეს ასე ახლო და რეალური არ ყოფილა საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, როგორც ახლაა. უკვე ნოემბერში ველოდებოდი აშშ-დან ახალი ვერტმფრენების შემოყვანის პროცესის დაწყებას, ხოლო დეკემბერში _ კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას საჰაერო თავდაცვის შექმნის თაობაზე...
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი ,,გაუგონარი ამბავი” ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს, თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას”.
რატომ გაიქცა შაშკინი საქართველოდან? იმ ფონზე, როცა ყოფილი ჩინოვნიკების ნაწილმა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა კარგა ხნის წინ დატოვეს, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ცხადია, ძნელი არაა, ანუ როგორც პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, ამ ადამიანებს დაჭერის შეეშინდათ და თავს უშველეს. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყოფილი ჩინოვნიკების პოვნა არ გაჭირდება.
სხვათა შორის, შაშკინი ერთადერთი ექსჩინოვნიკია, რომელმაც საქართველოს დატოვება ოფიციალურად აღიარა. მოარული ხმით კი, საქართველოდან, ასევე, გაიქცნენ, ზურაბ ადეიშვილი, ძმები ახალაიები. ასევე, ამბობენ, რომ საქართველო ვანო მერაბიშვილმაც დატოვა...
“ქართული სიტყვის” კონფიდენციალური წყაროს თქმით კი, ახალაიებთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი, მეგის ქარდავა, რომელიც პატიმრების ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იმხილება, ვარშავაში იმალება. ამასთან, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მეგის ქარდავამ ვარშავაში სახლი შეიძინა და თავს, თურმე, გადასარევად გრძნობს.