ახალმა მფლობელმა “რეალ ტი-ვი”-ს “ტი-ვი 3” დაარქვა

ახალმა მფლობელმა “რეალ ტი-ვი”-ს “ტი-ვი 3” დაარქვა

ერთმანეთი რომ გავიცანით, ის “პირველ არხზე” ე.წ. სპეცგადაცემების რედაქციაში მუშაობდა, მე _ ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორად... მერე, “ვარდების რევოლუცია” მოხდა და ის “პირველი არხიდან”, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, გამოაგდეს... სამსახური მეც შევიცვალე... და ამ ცხრა წელში კიდევ ათასი რამ მოხდა... პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “რეალ ტი-ვი” ჩემმა ძველმა ნაცნობმა, ლალი ეგაძემ 30 ათას ლარად იყიდა. რაღა დაგიმალოთY და, გამიკვირდა, ნეტავ, ეს იმიჯშელახული არხი რისთვის უნდა-მეთქი... დავურეკე... მოკლედ, ყოფილი “რეალ ტი-ვი”-ს ყოფილი ხელმძღვანელის კაბინეტი... მე და ლალი ეგაძე ძველ ამბებს ვიხსენებთ. მერე, დიქტოფონს ვრთავ და ლალის ვეკითხები:

_ როცა გავიგე, რომ “რეალ ტი-ვი”, ანუ ის ტელევიზია იყიდე, რომელიც არჩევნებამდე გარკვეულ წრეებში შს სამინისტროს ქვედანაყოფად ითვლებოდა, გამიკვირდა, რამეთუ საკმაოდ თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგი. არ გეშინია?
_ ვანო, სხვათა შორის, ექსკლუზიურ ინტერვიუს გაძლევ, რადგან პირფერობის გარეშე გეუბნები _ ნიჭიერ ჟურნალისტად გთვლი. რაც შეეხება “რეალ ტი-ვი”-ს ყიდვას, საქართველოში, ალბათ, დადგა დრო, რომ ადამიანები პოლიტიკაში ასი პროცენტით არ იყვნენ ჩართულნი. უცხოეთში ნამყოფები ვართ და, ქუჩაში ადამიანი რომ გააჩერო, ვერ გეტყვის, თუ ვინაა მისი ქვეყნის, მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი. საქართველოში კი, ბავშვიც კი, პოლიტიზირებულია...
ათი წელი ჟურნალისტიკაში საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწეობდი, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ბიზნესში წავედი...

_ ანუ, ლალი, ჟურნალისტიკას თავი იმიტომ დაანებე, რომ იმ ჟურნალისტთა კატეგორიაში აღმოჩნდი, რომლებიც “ვარდოსნებისთვის” მიუღებელნი იყვნენ?
_ რა თქმა უნდა... “პირველ არხზე” სამი ათასი ადამიანი მუშაობდა, რომელიც სხვადასხვა არხზე გადანაწილდა და ზოგი იქით მხარეს აღმოჩნდა, ზოგი _ აქეთ, მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით. საერთოდ, მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფ და ვცდილობ, რომ პირად ურთიერთობაში პოლიტიკა არ ჩაერთოს. ბოლო ათი წელი, ანუ რაც ბიზნესში ვიყავი, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გავკარებივარ და ჩემთვის ვმუშაობდი.

_ ბიზნესის კეთებაში ხელს გიშლიდნენ?
_ არა... ჩემმა 16 წლის გოგონამ “კემო”-ს ბრენდი შექმნა.

_ რას გულისხმობ?
_ სამი წლის განმავლობაში ათასამდე შარფი შეკერა და იმაზე დავიწყე ფიქრი, ეს ათასი შარფი ბიზნესად როგორ მექცია. მოკლედ, ყველაფერი კარგად წავიდა, მერე, შარფების ბიზნესს აქსესუარების ბიზნესი მოჰყვა. ვერ ვიტყვი, რომ საგადასახადო, ან სხვა ვინმე მაწუხებდა. ამის მიზეზი, შეიძლება, ის იყო, რომ ამ ბიზნესში ბავშვი ფიგურირებდა...

_ თუმცა, “ნაციონალური წნეხი” საკუთარ თავზე გამოცდილი გაქვს...
_ დიახ, “პირველი არხიდან” იარაღით გამოგვყარეს... მოკლედ, ყველამ იცის, საიდან, რომელი ჟურნალისტიკიდან მოვდივარ და ამასთან დაკავშირებით, მგონი, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. ტელევიზია კი, ისეთი “ჭაობია”, რომელიც მუდამ თავისკენ “გექაჩება”. როცა ტელევიზიის ყიდვის საშუალება გამიჩნდა, მივხვდი, რომ ამაზე უარი არ უნდა მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ “რეალ ტი-ვი”-ს სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

_ “რეალ ტი-ვი”-ს ყიდვა ყოფილმა მფლობელმა თვითონ შემოგთავაზა?
_ რა თქმა უნდა.

_ და მაინცდამაინც, შენ რატომ შემოგთავაზა?
_ საქართველო პატარა ქვეყანაა და იცოდა, რომ ტელევიზიის ყიდვა მინდოდა.

_ ლალი, “რეალ ტი-ვი” მაუწყებლობას ძველი ლოგოთი და სახელით განაახლებს?
_ არა. არხს “ტი-ვი 3” ერქმევა და ლოგოც ახალი ექნება.

_ რატომ “ტი-ვი 3”?
_ იმიტომ, რომ არსებობს “პირველი არხი”, “მეორე არხი” და, ვანო, ხომ გაგია, ღმერთი სამობითააო, თან “სამიანი” კეთილი ციფრია... სხვათა შორის, მინდა, გავაკეთო პროექტი, რომელსაც “პრეზიდენტის შეცდომები” ერქმევა. იმედია, ამ იდეას არავინ მომპარავს...

_ ამ გადაცემაში მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის შეცდომებზე იქნება ლაპარაკი თუ მის წინამორბედებზეც?
_ ყველა პრეზიდენტის. ამ გადაცემით ყველა ახალმა პრეზიდენტმა წინამორბედის შეცდომებზე უნდა ისწავლოს. ამასთან, უნდა დამკვიდრდეს კულტურა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძველი კი არ აგინოს, არამედ, აკრიტიკოს. საერთოდ, წუთისოფელი პატარაა და ადამიანებმა ერთმანეთს გული არ უნდა ვატკინოთ...

_ სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველის “დედის გინება” არ ისმის. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ყველა გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ რევანში გამორიცხულია და პასუხს მხოლოდ დამნაშავეები აგებენ...
_ ეს მისაღებია... სააკაშვილმა კი, სწორედ ეს შეცდომა დაუშვა.

_ რას გულისხმობ?
_ “პირველ არხზე” “ნაციონალები” რომ შემოვიდნენ, თამარ კინწურაშვილმა თათბირზე განაცხადა, ყველა, მათ შორის, ოპერატორიც კი, ვინც ვიდეოკამერის ობიექტივში შევარდნაძის “სიფათს” ხედავდა, “პირველი არხიდან” გააძევეთო. ეს ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იყო! სწორედ ამის შემდეგ წავიდა “პირველი არხის” საქმე უკან-უკან...

_ ლალი, რა ამის პასუხია და, “რეალ ტი-ვი”-დან ყველა ძველი თანამშრომლის გაშვება შენი მოთხოვნა იყო?
_ არა, ასეთი გადაწყვეტილება ყოფილმა მფლობელმა მიიღო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თუკი რომელიმეს, ტექნიკური პერსონალი მყავს მხედველობაში, ეთიკური ნორმები დარღვეული არ აქვს, კონტრაქტი ისევ გავუფორმო.

_ ლალი, შენი ინფორმაციით, “რეალ ტი-ვი”-ს გაყიდვა დღის წესრიგში, მაინცდამაინც, არჩევნების შემდეგ რატომ დადგა?
_ იმიტომ, რომ დაფინანსება შეუწყდა და, პრაქტიკულად, გაკოტრებისკენ მიდიოდა. “რეალ ტი-ვი”-ს აპარატურა ტელეკომპანია “საქართველოსგან” ჰქონდა ნაქირავები.

_ ეს ის “საქართველოა”, ახლახან თამარ ჩერგოლეიშვილს რომ გადაეცა?
_ დიახ... მოკლედ, “საქართველომ” საიჯარო ხელშეკრულება, ფორს-მაჟორის გამო, გაწყვიტა და არჩევნების შემდეგ, თავისი ძვირადღირებული აპარატურა წაიღო.

_ ანუ, ახლა აპარატურა არ გაქვთ?
_ გვაქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც იყო და სწორედ ამიტომაც გაიყიდა ტელევზია 30 ათას ლარად. ამასთან, დავალიანებაც არსებობს...

_ სახელფასო?
_ სახელფასო და საკაბელოც. ახლა ამ თემაზე აუდიტი მუშაობს.

_ ხელშეკრულების გაწყვეტისთვის, “საქართველოს” პასუხს არ მოსთხოვ?
_ ხელშეკრულება ორივე მხარის შეთანხმებით შეწყდა...

_ ისე, ხმა დადის, რომ შენობა, სადაც ტელევიზიაა განთავსებული, თითქოს ერთ-ერთ ყოფილ ჩინოვნიკს ეკუთვნის, რომელიც “ნაციონალებმა” გააკულაკეს. გამორიცხულია, რომ ძველმა მფლობელმა შენობის დაბრუნება მოითხოვოს?
_ ეს შენობა იჯარითაა აღებული. ვფიქრობდი, რომ ოფისიც შეგვეცვალა, მაგრამ ჩემთან ერთი გაწონასწორებული, ინტელექტუალური ქალბატონი მოვიდა და კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზა და დავთანხმდი, რადგან შენობის გარშემო უამრავი კაბელია “ჩაყრილი”. მოკლედ, ძველი შენობის მიუხედავად, ტელევიზია ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ახალი “სტაფი”-თ დაიწყებს.

_ “ტი-ვი 3” სრული დატვირთვით როდის ამუშავდება?
_ სავარაუდოდ, საახალწლოდ.

_ ერთი სიტყვით, ლალი, გამოდის, რომ “ტი-ვი 3-ის” მეკვლე ვარ. ისე, ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს და იმედია, შენც წარმატებები დაგებედება...
_ (იცინის) ვნახოთ და კარგი ფეხსაცმელი ჩემზე იყოს!

_ კეთილი, მაგრამ მერე, ვიღაც მედიაექსპერტები გამოხტებიან და იტყვიან, პავლიაშვილი ეგაძისგან “ქრთამს” იღებსო... ლალი, ტელევიზიის შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. “ტი-ვი 3-ს” ვინ დააფინანსებს?
_ ჯერ ერთი, ინვესტიციებს, მხოლოდ ქვეყანა კი არა, ჩვენც ველოდებით. მეორეც, უკვე გვყავს რამდენიმე დიდი ბიზნეს-სპონსორი და მათ შესახებ გადაცემებში ოფიციალურად იქნება ნათქვამი. მაგალითად, ვიტყვით, რომ პატრიარქზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის სპონსორი ესა და ეს კომპანიაა.

_ ესე იგი, ტელევიზია გამჭვირვალე ფულით იარსებებს?
_ რა თქმა უნდა. ის დრო “მოკვდა”, როცა რაღაცები კეთდებოდა. სხვათა შორის, ექვსი ძალიან კარგი გადაცემის გენერალური სპონსორი უკვე გვყავს და, შესაბამისად, ამ ტელევიზიის ყიდვა ღირდა.

_ ტელევიზიის გასაყიდი ფასი, ანუ 30 ათასი ლარი ძველმა მფლობელმა დაასახელა?
_ არა, ეს თანხა მე შევთავაზე... რამდენიმე დღის შემდეგ, დამთანხმდა. სხვათა შორის, მეგობრებმა მკითხეს, ეგ არხი ქუჩაში რომ გადაეგდოთ, არავინ აიღებდა და რატომ იყიდეო...

_ არ გეწყინოს და, ეს შეკითხვა მეც მაქვს. გარდა იმისა, რომ ბაზარზე ბევრი ტელევიზიაა, ამ არხს რეპუტაცია შელახული აქვს...
_ ვიცი, მაგრამ “რეალ ტი-ვი” რომ აღარ ერქმევა და ეთერში ადამიანური გადაცემები გავა, ხალხის განწყობაც შეიცვლება...

_ ვთქვათ, ნანუკა ჟორჟოლიანს თუ შესთავაზებ, რომ თავისი შოუ “ტი-ვი 3-ზე” გააკეთოს?
_ თუ სურვილი ექნებათ, რომ ჩვენს არხზე ახალი გადაცემები ახალი სახელწოდებებით გააკეთონ, კარი ყველა ჟურნალისტისთვის ღია იქნება!

_ ლალი, გურამ დონაძემ არაპოლიტიკური პროექტი რომ შემოგთავაზოს, რას იზამ?
_ ჯერ ერთი, გურამ დონაძე პროექტს არ შემომთავაზებს და ამას არც მე გავაკეთებ. მეორეც, როგორც ვიცი, გურამი რამდენიმე წლით უცხოეთში სასწავლებლად მიდის...

_ “ტი-ვი 3” ახალი ამბების არხი იქნება თუ ე.წ. ნიუსებისგან თავს შეიკავებ?
_ რამდენიმე თვე ქვეყანაში დალაგების პერიოდი იქნება და ვფიქრობ, რომ არხი უფრო პუბლიცისტურ-შემეცნებითი იქნება.
რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებას, ბუნებით არაკონფლიქტური ვარ, დაპირისპირებები არ მიყვარს და, შესაბამისად, საინფორმაციო გადაცემაც დაბალანსებული იქნება. სხვათა შორის, მეგობრები მეუბნებიან, ზუსტად ვიცით, როგორ არხსაც გააკეთებო, ანუ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას მოვახდენთ. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია მაქვს, მაგრამ ამაზე მაშინ ვისაუბრებ, როცა ამ ადამიანთან ერთად ყავის დასალევად დავჯდები და ეთერიდან ჩემს აზრს არავის მოვახვევ.

_ ყავაზე გამახსენდა, ე.წ. მედიაექსპერტები თვლიან, რომ ჟურნალისტმა პოლიტიკოსთან ერთად ყავა არ უნდა დალიოს, მაგრამ ჯერ ერთი, მაინტერსებს, ამ ადმიანებს “ექსპერტის” ტიტული ვინ მიანიჭა, მეორეც, ვთქვათ, თეა წულუკიანი, რომელიც იუსტიციის მინისტრობამდეც ჩემი მეგობარი იყო, რა ვქნა, “მოვკვეთო” და აღარ დაველაპარაკო?! მოკლედ, ლალი, ამ “გრანტომანიით” შეპყრობილი “მედიაექსპერტების” მოსაზრებები შენთვის მისაღებია?
_ ვანო, შენდამი ყველაზე ცუდად განწყობილი რესპონდენტი ვინაა?

_ თუ არ ვცდები, შალვა ნათელაშვილი.
_ დარწმუნებული ვარ, შენ და ბატონი შალვა ყავაზე, ან ხინკალზე რომ დასხდეთ, ერთმანეთის მიმართ კარგად განეწყობით, ანუ რაც უნდა იყოს, ადამიანები ვართ...

_ პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ჟურნალისტმა ვინმეს სულიერ სიმშვიდეზე არ უნდა იზრუნოს და თუკი საჭიროა, მეგობარი პოლიტიკოსიც გააკრიტიკოს... “ტი-ვი 3-ზე” უხერხული შეკითხვები არ დაისმება?
_ რა თქმა უნდა, დაისმება.

_ ლალი, თუ იცი, სხვა ტელევიზიის მფლობელები “რეალ ტი-ვი”-ს გაყიდვას როგორ შეხვდნენ?
_ აგრესიულად. რამდენიმე არხის მფლობელი ჩემი მეგობარია, მაგრამ “რეალ ტი-ვი” რომ ვიყიდე, მაინცდამაინც არ ესიამოვნა. ისე, მაინც მეგობრების იმედი მაქვს. ვანო, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი ფული ტვინია. არხზე იმდენი კარგი პროექტი გაკეთდება, რომ ფული თავისით მოვა.

_ ლალი, შენი გვარი ტელეკომპანია “თრიალეთთან” დაკავშირებითაც გაჟღერდა. “თრიალეთის” მფლობელს წილის დათმობას მართლა აიძულებდი?
_ თუ არ ვცდები, ერთი წლის წინ, ჩემს ერთ მეგობარს, რომელიც გორში ცხოვრობს, დავურეკე და ვუთხარი, როგორც ვიცი, “თრიალეთი” იყიდება და თუ შეგიძლია, გამიგე, რამდენად იყიდება-მეთქი. ვანო, ღვთისმშობლის ხატის წინაშე ჩემს სამ შვილს ვიფიცები, რომ “თრიალეთის” მფლობელი ნანიტაშვილი თვალით არ მინახავს. უბრალოდ, ჩემი მეგობარი მივიდა და ჰკითხა, რამდენად ყიდდა ტელევიზიას. ნანიტაშვილმა უპასუხა, 18 მილიონადო და როცა ჩემმა მეგობარმა ფასი მითხრა, ვთქვი, ეს არარეალური თანხაა და კარგად იყოს-მეთქი. ჩვენს შორის მეტი დიალოგი არ შემდგარა, მაგრამ ნანიტაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეგაძე მომიგზავნა და მაიძულებდა, არხი გამეყიდაო. კაცი რომ ვიყო, ამ ტყუილისთვის ნანიტაშვილს პასუხს ვაგებინებდი!

ვანო, იცი, გული ყველაზე მეტად რაზე მწყდება? _ ჟურნალისტებმა ერთმანეთის სოლიდარობა არ ვიცით და იმის განცდა არ გვაქვს, რომ თუკი ერთი ჟურნალისტი შეცდომას უშვებს, მორალურად გვერდით დავუდგეთ და ვურჩიოთ, რომ ასე აღარ მოიქცეს. არ შეიძლება, ჟურნალისტებმა ერთმანეთი დავსაჯოთ! მედია სხვა სამყაროა და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ! სხვათა შორის, სურვილი მაქვს, რომ ჟურნალისტთა გილდია შეიქმნას, სადაც ერთმანეთს აზრებს გავუცვლით!

_ ლალი, როგორც ვიცი, ირმა ინაშვილთან მეგობრობ. “ტი-ვი 3-ზე” “ობიექტივს” რამე გადაცემა ექნება?
_ არ ვიცი, ეს ირმას გადასაწყვეტია. საერთოდ, ნებისმიერმა ჟურნალისტმა, რომელიც “ნაციონალებთან” მუშაობდა და უხეში შეცდომები არ დაუშვია, შეუძლია, ჩვენს არხზე გადაცემა გააკეთოს.

_ ლალი, წარმატებებს გისურვებ!