დავით ზილფიმიანი:

დავით ზილფიმიანი: "არსებობს მტკიცებულება, როგორ ძარცვავენ დავით ბეჟუაშვილის დავალებით ტელეკომპანია "პირველ სტერეოს"

ამა წლის 17 მაისს ნაციონალურმა ხელისუფლებამ ჩვეულ ხერხს მიმართა და ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" წინააღმდეგ ქონების წართმევის აპრობირებული მეთოდი გამოიყენა. პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა, პარლამენტარმა დავით ბეჟუაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ერთ-ერთი მეწილეა, თავისივე დაცვის სამსახურის - "მგლების" დახმარებით ტელეკომპანია ლამის შტურმით აიღო და მისი ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გამოაძევა. "მგლები" დღემდე რჩებიან "პირველი სტერეოს" ტერიტორიაზე, ტელეკომპანიის მაუწყებლობა კი დავით ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება...
"პირველი სტერეოს" პრობლემებზე ტელეკომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავით ზილფიმიანი გვესაუბრება:

- "სტერეოშიც" ის მოხდა, რაც სხვა ტელეკომპანიებისა და ბიზნესის მიმართ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. უბრალოდ, სურდათ, ეს დაპირისპირება გადაეყვანათ კერძო დავაში - თითქოს ერთი კერძო სეგმენტი ედავებოდა მეორეს, სინამდვილეში მსგავსი არაფერი ყოფილა. რაც "პირველ სტერეოში" მოხდა, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მოდიოდა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისგან. ხელისუფლება შიშობდა, არ მომხდარიყო ჩემი ტელევიზიის გამოყენება, როგორც ისინი ამბობდნენ, "მტრების" სასარგებლოდ. ამიტომ მოისურვეს ტელევიზიის ხელში ჩაგდება. თუმცა ეს დავით ბეჟუაშვილის საქციელს არ ამართლებს. ვინც უნდა დაგავალოს, არაკაცური საქციელი არ უნდა ჩაიდინო. ის, რომ მან ეს დავალება ზურაბ ადეიშვილისგან მიიღო, თავის მართლების არგუმენტად არ გამოდგება. დავით ბეჟუაშვილს აუცილებლად მოვთხოვ პასუხს სასამართლოში.

- ტელეკომპანია "პირველ სტერეოში" თქვენს სახელზე წილი თუ ირიცხება ოფიციალურად?
- ეს ტელეკომპანია ჩემი და იტალიელების საკუთრებაა, დავით ბეჟუაშვილმა კი, მიტაცებული წილი თავის სახელზე გადაიფორმა, შემდეგ კი ახლო ნათესავს ვასილ კობაიძეს გადაუფორმა.

- როგორც ამბობენ, "პირველ სტერეოში" მიმდინარე პროცესებში მომღერალ ნინო ჩხეიძის ქმრის, გიორგი კოროხაშვილის სახელი ფიგურირებს...
- არ ვიცი, გიორგი კოროხაშვილი ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. როგორც ვიცი, სწორედ მისი კომპანიის მეშვეობით ხორციელდება ამჯერად "პირველი სტერეოს" ტრანსლირება, ეს ხდება ხალხის თვალის ასახვევად, თითქოს ტელევიზია მუშაობს. სინამდვილეში კი "პირველი სტერეოს" კოლექტივის არც ერთ წევრს ტელეკომპანიაში არ უშვებენ. სირცხვილი გიორგი კორახაშვილის კაცობას! მე და ჩემი კომპანიაც მას ვეხმარებოდით, ფეხზე დამდგარიყო აფხაზეთის ტელევიზია, "აფხაზეთის ხმა". მართალია, გიორგი კორახაშვილს დაავალეს, მაგრამ უარი უნდა ეთქვა ამ ბინძურ საქციელზე, რადგან მისთვის ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული.

- დავით ბეჟუაშვილმა ნებაყოფლობით რომ დაგიბრუნოთ თქვენი კუთვნილი წილი, შეწყვეტთ მის მიმართ სასამართლო დავას?
- როგორ ფიქრობთ, დავით ბეჟუაშვილი და ზურაბ ადეიშვილი - ეს სინდისგარეცხილი ადამიანები, რამეს დააბრუნებენ? ამიტომაც სასამართლოს გზით დავაბრუნებინებ დავით ბეჟუაშვილს იმ ქონებას, რაც მისი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

- როდესაც "პირველ სტერეოში" სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებდნენ, სპორტის სასახლის მახლობლად შევნიშნე ჯიპებში მსხდარი ძმები - ბაჩო და დათა ახალაიები, რომლებიც პროცესს შორიდან აკვირდებოდნენ. რა კავშირი ჰქონდათ მათ "პირველ სტერეოსთან"?
- მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდოდა, საზოგადოებისთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს ეს იყო კერძო დავის საგანი, თუმცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა. როცა ჩვენთან შემოცვივდნენ სამართალდამცველები, მათ შორის იყო დაცვის სამსახურის, ე.წ. "მგლების" 2 თუ 3 წევრი. მათი ფუნქცია იყო, "მგლების" წარწერიანი მაისურებით მოემარაგებინათ სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბაჩო და დათა ახალაიები. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბაჩო და დათა ახალაიებთან ერთად. ამ ორგანიზებული დანაშაულის დამკვეთი იყო ზურაბ ადეიშვილი, უკანონო გადაწყვეტილების შემსრულებლები კი - დავით ბეჟუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ძმები - ბაჩო და დათა ახალაიები. რასაც ვამბობ, დავამტკიცებ კიდეც სასამართლოში. არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლოში დაადასტურებენ "პირველი სტერეოს" საქმეში მათ მონაწილეობას. უბრალოდ, ისინი ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიას. მათ ვინაობასაც ამავე მიზეზის გამო არ ვახმაურებ.

- რას იტყვიან სასამართლოში მოწმეები ხსენებულ პირთა წინააღმდეგ?
- იტყვიან, რომ "პირველ სტერეოში" სპეცრაზმი ზურაბ ადეიშვილის ბრძანებით შევიდა და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიებთან ერთად. მოწმეები იმასაც დაადასტურებენ, რომ დავით ბეჟუაშვილის დაცვის სამსახურის "მგლების" - რამდენიმე თანამშრომელმა სპეცრაზმელებს დაურიგა "მგლების" წარწერიანი მაისურები იმ მიზნით, თითქოს ტელევიზიაში სპეცოპერაცია კი არ ტარდებოდა, არამედ დაცვის სამსახური იქ ობიექტის დასაცავად შევიდა. ეს ადამიანები მზად არიან, იმ უკანონობაზე, რაც ტელეკომპანია "სტერეოში" მოხდა, ხმა აიმაღლონ და ეს ყველაფერი სასამართლოში ჩვენებით დაადასტურონ.

- მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ახალი ხელისუფლება მოვიდა, დავით ბეჟუაშვილი არ დაგკავშირებიათ?
- დავით ბეჟუაშვილისნაირ ავაზაკს არ დაველაპარაკები. მას ჰქონდა ამის საშუალება 1-ელ ოქტომბრამდე. შეეძლო, მიტაცებული ქონება ნებაყოფლობით დაეთმო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ახალი ხელისუფლების პირობებში კიდეც რომ დააბრუნოს, ამით მის ადამიანობას და კაცობას არაფერი მიემატება.

"პირველ სტერეოში" შევალ აუდიტით, ვნახავთ, რა მოიპარა ბეჟუაშვილმა, კომისია შეიქმნება, დაითვლება რა ზარალი მიაყენა "პირველ სტერეოს", ასევე, იტალიურ კომპანია "სტერეო+"-ს. ზარალს დაემატება ჯარიმები. მათ მოუწევთ ზარალის სრული დაფარვა. ამის შემდეგ ვნახავთ, ხომ არ იყო მათ ქმედებაში გამიზნული დანაშაული და თუ ეს დამტკიცდა, ბეჟუაშვილი წავა ციხეში.

- ბატონო დავით, "პირველი სტერეოს" შენობის წინ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციის მანქანები დგას, რა ხდება?
- ბეჟუაშვილმა და მისმა ამფსონებმა "პირველი სტერეოდან" ძალიან ბევრი რამ მოიპარეს, 12 ოქტომბერს კი პოლიციაში შეიტანეს განცხადება, თითქოს ჩვენ ტელევიზიიდან რაღაც წავიღეთ. და ეს მაშინ, როცა ობიექტს იცავს ბეჟუაშვილის დაცვის სამსახური "მგლები"! ჩვენ გვაქვს ყველა მტკი­ცებულება იმისა, რომ ქურდობა ჩაიდინა ბეჟუაშვილის ხალხმა და ამას ყველაფერს დავუმტკიცებ. გვარებს ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებ, რადგანაც არ მინდა, ხელი შევუშალო გამოძიებას. უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს იმ ადამიანთა ვინაობას, ვინც დავით ბეჟუაშვილის დავალებით ძარცვავს და აყაჩაღებს არა მარტო ტელეკომპანია "პირველ სტერეოს" არამედ სხვა კომპანიებსაც.

დავით ბეჟუაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ძმებმა ბაჩო და დათა ახალაიებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულზე, რაც მათ ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" მიმართ ჩაიდინეს!