"რეჟიმზე გამარჯვების კუთხით, დიახ, ეს მართლაც დიადი გამარჯვებაა. რამდენად მოუტანს მოსახლეობას პოზიტიურ შედეგებს, ამას დრო აჩვენებს. რაც შეეხება ვითარებას - ყოველდღე იზრდება განსხვავება ნაციონალებისა და "ოცნების" დეპუტატების რაოდენობას შორის. სააკაშვილმა თავად დააკომპლექტა თავისი პარტია ქლესა და ამორალური ადამიანებით . ბუნებრივია, საკონტიტუციო და უფრო დიდი უმრავლესობის შედგენაში ეს ქლესა ხალხი თავის როლს შეასრულებს", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სუბელიანი დასახვრეტია, ახალაია "ოცნებაში"წავა, ივანიშვილის რეიტინგს საკაშვილი ასულდგმულებს" / კახა კუკავა ერთწლიანი დაკვირვების რეჟიმში გადადის!
"მე ვიცნობ ამ ხალხს - სააკაშვილმა შეიძლება კიდევ რამდენიმე თვით შეინარჩუნოს ეს ვითარება, რადგან ბევრს ჯერ კიდევ რევანშის იმედი აქვს, ალბათ, გვიან გაზაფხულზე ყველა დარწმუნდება, რომ ნაციონალები ვეღარ დაბრუნდებიან და მე ვერც ერთ დეპუტატზე ვერ გეტყვით, რომ ამ დროისთვის ნაციონალების რიგებში დარჩება. აბსოლუტურად რეალურია, რომ გაისად, ამ დროს, ნაციონალებს პარლამენტში ნული დეპუტატი ჰყავდეთ. თუ გოგი ლიპარტელიანისა და გოდერძი ბუკიას წასვლა რეალურია, როლანდ ახალაია რატომ ვერ დატოვებს პარტიას? მორალური პრინციპები შეაწუხებს თუ რა? გაბაშვილები და მინაშვილები ნაციონალების რევანშს ელოდებიან, მაგრამ როცა ნახავენ, რომ ეს აღარ მოხდება, მათთვის ეს პირველი, მეორე ან მეექვსე პარტიის გამოცვლა არ იქნება, იქნება ოცდემეთექვსმეტე!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"ჩვენ და ლეიბორისტები ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ასეთი ქართული გამოთქმაა, მკვდარი მკვდარს აეკიდაო. შესაბამისად, ჩვენი კავშირიც არაფრის მომცემია. დღეს ხალხის 100% კმაყოფილია ვითარებით. მისი მოლოდინი ვიდრე არ გამართლდება ან არ გაცრუვდება, მანამ რთულია რამეზე უფრო კონკრეტულად საუბარი. ახლა ნებისმიერ 5-იანსა და 41-იანს შორის, გვარ-სახელს მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი მაინც ხმას 41-ს მისცემს. როგორც "რუსული საფრთხე" ასაზრდოებდა სააკაშვილს, დაახლოებით ასეთივე მტრის ხატია ახლა 5 ნომერი და ივანიშვილს ასულდგმულებს - ასეთია ობიექტური რეალობა. ივანიშვილის მთავარი საპროგრამო დოკუმენტი ახლა მიხეილ სააკაშვილის ფიზიონომიაა. სანამ ქართველი ერი ამ ფიზიონომიას უყურებს, "ქართული ოცნების" რეიტინგი 80%-ზე ქვევით არ ჩამოვა!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"სირთულე ისაა, რომ ახლა გარდამავალი პერიოდია და არ არსებობს მთავრობა, რომელიც ამ ყველაფერს გაუმკლავდება. მეორეც - ამ მოვლენებმა ერთდროულად იფეთქა. არანაირად არ ვფიქრობ, რომ ეს საბოტაჟია, ეს არის ბუნებრივი რეაქცია. ვთქვათ პირდაპირ, ჭიათურაში ხალხს მონურად ამუშავებენ, მონები მოლაპარაკების მაგიდასთან ხომ არ დასხდებიან, მონათა აჯანყებებს აწყობენ. აქამდე ხმა რომ ამოეღოთ ჭიათურელებს, შოლტს ურტყამდნენ ცხვირ-პირში. როცა ეს შოლტი ხელიდან გაუვარდათ, მათი პროტესტი უკვე გასაგებია. თუმცა ხალხსაც კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვერავინ შეძლებს ორ კვირაში მათი პრობლემების გადაწყვეტას... დევნილების ასეთი რეაქცია ყოველგვარი წაქეზების გარეშეც სავსებით ნორმალურია. შესაძლოა, ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ, მაგრამ ეს ცეცხლი ობიექტურად არსებობს. მე რომ მკითხოთ, კობა სუბელიანი, პირდაპირი მნიშვნელობით დასახვრეტია. პირუტყვი არ გააკეთებს იმას, რასაც სუბელიანი აკეთებდა. მაგრამ რთულად წარმომიდგენია, რომ კობა ვინმეს აქეზებდა - კარგად ვიცნობ, მშიშარა, უცხვირპირო ადამიანია და კარგად იცის, ეს ამბავი რომ "გაუბაზრდეს", ცხვირ-პირს მიუნაყავენ", - ამბობს კახა კუკავა.
"ჩვენი პარტია ახლა დაკვირვების რეჟიმშია. ასე, მინიმუმ, ერთ წელიწადს იქნება. ვიქნებით ახალი ხელისუფლების კონსტრუქციული ოპონენტები. რაც მოგვეწონება, ვიტყვით, რაც არა - ალტერნატიულ შეხედულებას შევთავაზებთ. ამ მოვლენებს დრამატულად არ ვუყურებ. ეს პერიოდი უნდა გავიდეს, რადგან უახლოესი სამი-ოთხ წელიწადს სულ აკრობატიკა რომ შევასრულოთ, მაინც ვერაფერს შევცვლით", - დასძენს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი.