გია უჩავამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

გია უჩავამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფის ბადრი ბიწაძის სისხლის სამართლის საქმის მთავარი მოწმე გია უჩავა ჩვენებას ცვლის და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც "გლობალნიუსს" ადვოკატმა კახა მუმლაძემ განუცხადა, გია უჩავას სახალხო კრების 1 700 შეფიცულის გაუბედურებითა და პირადად მისი ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

"როგორც გიამ მიამბო, კუდ-ს თავდაპირველად კონკრეტულად ვინმეს დაკავება არ ჰქონდა განსაზღვრული, უბრალოდ, უნდოდათ ეს რომელიმე ლიდერი ყოფილიყო და ტელევიზიასთან მაშინ მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს ხელში უჩავა შერჩათ. სპორტის სასახლესთან ის დათა ახალაიას ჩაუსვეს მანქანაში და "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს, სადაც ახალაიას ბრძანების საფუძველზე მისი ცემა დაიწყეს მხოლოდ ტანის არეში. ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები მოგვიანებით ციხის საავადმყოფომ პატიმრის მიღებისასაც დაადასტურა. მას ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, ხელის თითები დამტვრეული და სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. "მოდულის" შენობაში დათა ახალაიამ ის კედელთან მიაყენა და შესაშინებლად უჩავას დახვრეტის იმიატაცია განახორციელა ორჯერ გასროლით, შემდეგ კი თოფურიძის კაბინეტში გადაიყვანეს და აქედან დაიწყო მასზე ზეწოლა", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, თოფურიძემ უჩავას უთხრა, რომ გადამდგარი გენერლის ოჯახი მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუ არ მისცემდა ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ჩვენებას, მისი ოჯახი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა.

"უჩავას ასევე დაუდეს შეფიცულთა სია და უთხრეს, რომ თითოეული მათგანი და მათი ოჯახები გაუბედურდებოდნენ, ეს კი უჩავას სინდისზე იქნებოდა. სოსო თოფურიძის სიტყვებია: "ბადრი ბიწაძის დაჭერა შეგვიძლია, მაგრამ ის საქართველოში და ციხეში არაფერში გვჭირდება, მას ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს".

ამ სიტუაციაში, როდესაც ვითარება იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე წარმოვიდგენდით, უჩავა ჩვენების მიცემას მხოლოდ ბადრი ბიწაძის წინააღდმეგ დათანხმდა. დაბეჭდილი ჩვენება შეუტანეს და მან ხელი მოაწერა. ამის შემდეგ, უჩავას ჩვენების საფუძველზე ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა", - განუცხადა "გლობალნიუსს" ადვოკატმა.

კახა მუმლაძის განმარტებით, უჩავას დაკავებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მის ოჯახს იძულებითი დაცვა დაუნიშნეს.

"მათ ოჯახში ვითომ ბიწაძისგან დასაცავად, რეალურად კი კონტროლისთვის, ორი შეიარაღებული პირი ცხოვრობდა. ოჯახს აკრძალული ჰქონდა არათუ მედიასთან ურთიერთობა, არამედ, ნათესავებთან კონტაქტიც კი", - აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, გია უჩავა ახალი მთავარი პროკურორის ოფიციალურად დანიშვნას ელოდება და მზადყოფნას გამოთქვამს მასთან თანამშრომლობაზე.

უჩავა სამართალდამცველებმა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2010 წლის 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დააკავეს. შს სამინისტრომ გადამდგარი გენერლის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, რომელშიც ის "შეფიცულების" გეგმების შესახებ დეტალურად ყვება და საუბრობს დამატებით ძალაზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იქნებოდა შეიარაღებული.

უჩავას ჩვენების თანახმად, "შეფიცულებს" პლასტმასის ხელკეტების გარდა, "მოლოტოვის კოქტეილები" და შურდულები უნდა გამოეყენებინათ, რომლებიც რკინის ბურთებს ისვრის. ამასთან, მათ სამართალდამცველებზე თავდასხმები და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება ევალებოდათ.

დაკავებულის განცხადებით, "მოლოტოვის კოქტეილებისა" და შურდულების გამოყენების იდეა ბადრი ბიწაძეს ეკუთვნოდა და მასვე უნდა აეღო პასუხისმგებლობა 23 მაისიდან ამ ძალების მართვაზე.

გადამდგარი გენერლის ჩვენების გავრცელების შემდეგ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბადრი ბიწაძის ბრალდებაში არც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და არც სხვა დეტალი ფიგურირებს, რომელზეც უჩავა საუბრობს. ბიწაძეს ბრალად მხოლოდ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის ჯგუფურად ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით შეშლა ედება, რისთვისაც მას დაუსწრებლად თავისუფლების 5 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა და ძებნა გამოცხადდა.