გია გვიჩიანი:

გია გვიჩიანი: "ვანო მერაბიშვილმა ცოლის დანაშაულის მისაჩქმალავად დამაპატიმრა"

2006 წლის 7 მარტს დააკავეს "თბილგაზის" იმჟამინდელი გენერალური დირექტორი გია გვიჩიანი, რომელსაც ბრალი დასდეს "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე გასამართლებული გვიჩიანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, დამოუკიდებელი სასამართლო მას აუცილებლად გაამართლებს. გთავაზობთ ინტერვიუს გია გვიჩიანთან.

- ბატონო გია, როგორ პირობებში გიწევთ სასჯელის მოხდა?
- ამჟამად ვიმყოფები რუსთავის მე-6 საპყრობილეში, სადაც უვადო პატიმრებს ცალკე სართული გვაქვს გამოყოფილი. საკანში მარტო ვარ. მართალია, უვადო პატიმრებს საკნებში ტელევიზორი გვაქვს, მაგრამ აქამდე მხოლოდ სახელისუფლებო არხებისთვის თვალის დევნება შეგვეძლო. ძირითადად რადიოთი ვისმენდი ობიექტურ ინფორმაციას და ვკითხულობდი წიგნებს.

- ახალი ხელისუფლება აპირებს გახმაურებული საქმეების გადახედვას. სავარაუდოდ, მათ შორის იქნება თქვენი საქმეც. დარწმუნებული ხართ, რომ ობიექტური სასამართლო გაგამართლებთ?
- უდანაშაულო ადამიანი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ გაამართლებენ. ორჯერ დამაპატიმრეს და ორჯერვე უკანონოდ: პირველად - შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 2003 წელს. "ეი-ი-ეს თელასის" ამერიკელ მენეჯერებთან ერთად მომიწია ბრძოლამ ქართულ ენერგომაფიასთან და მათ ბევრი თავისტკივილი გავუჩინე. როდესაც ამერიკელებმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტეს, ენერგომაფიამ დრო იხელთა და პროკურატურას ჩემი დაპატიმრება შეუკვეთა. "თელასის" ფინანსური მენეჯრის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემდეგ პროკურატურამ "თელასიდან" ფინანსური დოკუმენტაცია წაიღო. რამდენიმე მათგანზე იყო ჩემი ხელმოწერაც, ოპერაციები კანონიერად იყო განხორციელებული. თუმცა პროკურატურამ ერთ-ერთ რევიზორს დააწერინა დასკვნა, თითქოს მე "თელასი" 2,5 მილიონი ლარით ვაზარალე. აი, ამის საფუძველზე დამაპატიმრეს. პარალელურად დაიწყო შავი პიარი, რომ შეიძლებოდა რაღაც კავშირი მქონოდა ლომინაძის მკვლელობასთან. ეს ვარაუდი აიტაცა ყველა სატელევიზიო არხმა. მას შემდეგ, რაც "თელასის" ამერიკელმა მენეჯერებმა განაცხადეს, რომ ჩემგან არ დაზარალებულან და სასამართლოს წერილობით მოსთხოვეს ჩემი გათავისუფლება, სხვა გზა არ ჰქონდათ და სამ დღეში გამათავისუფლეს.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება. იმჟამინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ავთო ჯორბენაძემ ჩაატარა მთავრობის სხდომა, სადაც ერთადერთი საკითხი - ჩემი დაპატიმრება განიხილა. მან პირდაპირ დაავალა გენპროკურორს და შს მინისტრს, რომ დაერეკათ მოსამართლისათვის და მოეთხოვათ ჩემი ხელახალი დაპატიმრება. ჩემს დაპატიმრებას უშუალოდ ავთო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, ის ასრულებდა ქართული ენერგომაფიის დაკვეთას, თორემ მე საერთოდ არ მიცნობდა. ჩემი პირველი დაკავების კადრები მთელმა საქართველომ ნახა, მათ შორის - ნოდარ გვიჩიანმა, რომელიც 2006 წელს დააპატიმრეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით და რადგანაც ეს მისი მერვე პატიმრობა იყო, გვიჩიანს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. ათასნაირ თაღლითობაში გამოცდილმა გვიჩიანმა გამოიყენა საპროცესო გარიგების მანკიერი ფორმა და შეცდომა დააშვებინა შს სამინისტროს. მან ჩემი პირველი დაპატიმრება ლომინაძის მკვლელობასთან დააკავშირა. გამოძიება მოატყუა, თითქოს ჩვენ ბიძაშვილები ვიყავით და საპროცესო გარიგებით თავი დაიძვრინა. არადა, ეს ადამიანი ერთხელ მყავს ნანახი. ნიკა ლომინაძე მოკლეს 2002 წლის 13 აგვისტოს. გვიჩიანმა მისცა ჩვენება, თითქოს ჩემს კაბინეტში აგვისტოს დასაწყისში შევუკვეთე ლომინაძის მკვლელობა, თვითონ კი შუამავალი იყო, და რომ ეს მკვლელობა შეასრულა მისმა სამმა მეგობარმა, რომელთაგან უშუალოდ ერთმა - ნიკა ჩემიამ "მაკაროვით" მოკლა ნიკა. გამოძიებამ სამივე პიროვნება - ნიკა ჩემია, გიორგი პაპაჩაშვილი და ავთო ხერკელაძე - დააკავა და 2006 წლის 6 იანვარს დნმ-ს ნიმუშები გაეგზავნა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიას. ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან აღებული იყო თითის ანაბეჭდი, თმის ღერები და სიგარეტის ნამწვები. თუ იქიდან ჩამოვიდოდა დადებითი პასუხი, გამოვიდოდა, რომ ნოდარ გვიჩიანი მართალი იყო და მე დამაპატიმრებდნენ, მაგრამ 28 იანვარს მოკლეს სანდრო გირგვლიანი. ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, დაეპატიმრებინა მხოლოდ შემსრულებლები, ხოლო შემკვეთები, მათ შორის მისივე მეუღლე, საქმიდან გაეყვანა. მას სჭირდებოდა, საზოგადოებას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ამიტომაც აღარ დაელოდნენ ამერიკიდან დნმ-ს პასუხს და 13 თებერვლიდან დაიწყეს ლომინაძის მკვლელობის ე.წ. შემსრულებლების სასტიკი წამება. მათ თურქეთის მოქალაქე ჰყავდათ მოკლული და წამების შედეგად ეს აღიარეს, ხოლო ლომინაძეზე არაფერი იცოდნენ და რა უნდა ეღიარებინათ? 2006 წლის 6 მარტს დათა ახალაიამ დააპატიმრა გირგვლიანის მკვლელები, რითაც მიიჩქმალა მისი და სხვა შემკვეთების დანაშაული. მეორე დღეს, დილას, 7 მარტს, ჩემს კაბინეტში დიდი ხმაურით დამაპატიმრეს. მე ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარი ვარ. მან ცოლის დანაშაულის მისაჩქმალად დამაპატიმრა.

- გამოძიების ფედერალური ბიუროდან რა პასუხი ჩამოვიდა?
- ჩემი დაკავებიდან სამ კვირაში ჩამოვიდა უარყოფითი პასუხი. გამოძიებამ შეამოწმა ნოდარ გვიჩიანის ჩვენებაში მოყვანილი ე.წ. ფაქტები და აღმოაჩინა, რომ აგვისტოს დასაწყისში ნიკა ჩემია გერმანიაში იმყოფებოდა და ვერაფრით აიღებდა შეკვეთას, ლომინაძეს და მის მარშრუტს ვერ შეისწავლიდა. გამოძიება მიხვდა, რომ გვიჩიანმა მოატყუა... ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტეს ჩემი გაშვება, სამაგიეროდ, სოდ-ის გამომძიებელი პაატა კუპრაშვილი უნდა დაეპატიმრებინათ, რადგანაც უკანონო პატიმარი ვიყავი და მას ჩაეთვლებოდა დანაშაულად. მაგრამ გამომძიებელმა კუპრაშვილმა ინფარქტი მიიღო და საავადმყოფოში დაწვა. ამ პერიოდში ოპოზიციამ დაიწყო მასშტაბური გამოსვლები მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით. ხელისუფლება პასუხობდა, რომ მერაბიშვილი არ გადადგებოდა, რადგან "მაგარი მინისტრი იყო, მაგარ საქმეებს ხსნიდა". მე რომ გავეშვი და შსს-ს შეცდომა ეღიარებინა, მაშინ მერაბიშვილი "მაგარი მინისტრი" აღარ გამოდიოდა. ამიტომაც საქმის ბოლომდე გაყალბება გადაწყვიტეს - გამოძიება ლომინაძის მკვლელობისთვის სამი დაკავებული პირიდან ორს გაურიგდა, მათ "აღიარეს" მკვლელობა, სამაგიეროდ, აპატიეს თურქი მოქალაქის მკვლელობა, მესამეს - ნიკა ჩემიას კი ორივე მკვლელობაში დასდეს ბრალი. გამოძიებამ დაარწმუნა ლომინაძის ოჯახი, მკვლელობა გახსნილიაო და მის მშობლებს ცრუ ჩვენება მიაცემინეს, თითქოს მათ შვილს ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემი საქმიანობა უნდა შეესწავლა და ვითომ ამიტომ განვიზრახე მისი მკვლელობა. ამით სოდ-მა დანაშაულში ჩაითრია დაზარალებული ოჯახი და გაყალბების თანამონაწილე გახადა. პროკურატურამ დამალა აშშ-დან მიღებული დნმ-ს პასუხი და სასამართლოზე მხოლოდ აბსურდული აღიარებითი ჩვენებებით წარდგა. მხოლოდ ერთი ადამიანის - ნოდარ გვიჩიანის ჩვენების საფუძველზე გამასამართლეს და უვადო პატიმრობა მომისაჯეს. ეს ჩვენებაც ათჯერ შეცვალეს. გამოძიება უფრო დიდ ჩიხში შევიდა, ვინაიდან ჩემიას ჰქონდა უტყუარი ალიბი - მკვლელობის მომენტში ის იმყოფებოდა რკინიგზის სადგურზე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად და თბილისიდან ბათუმისკენ მიემგზავრებოდა, რაც დადასტურებულია. გარდა ამისა, ნოდარ გვიჩიანის ჩვენებების მიხედვით, მკვლელობა ჩადენილია "მაკაროვის" ტიპის იარაღით, მაგრამ თავზე მიყენებული ჭრილობის ზომა უფრო ვიწროა, ვიდრე "მაკაროვის" ტყვიის კალიბრი. მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა ჩემი ადვოკატები გააძევა პროცესიდან, დაცვის გარეშე გამასამართლა და თქვა: ექსპერტები იყვნენ არაკომპეტენტურები, ელასტიკურობა ძვლის ბუნებრივი თვისებაა - ძვალი იწელება, იკუმშება, ამიტომაც ტყვიას შეუძლია დატოვოს თავისზე მცირე ზომის ჭრილობაო...

- თუ გაგამართლეს, როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? ვინ იყო დაინტერესებული ლომინაძის ჩამოცილებით?
- ჩემს უკანონო დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - სააკაშვილითა და მერაბიშვილით დაწყებული, პროკურორ-მოსამართლეებით და ცრუ მოწმეებით დამთავრებული. ლომინაძის მოცილებით "ეი-ი-ესს" დაატოვებინეს საქართველო. სამწუხაროდ, ამისთვის გამოიყენეს გენერალი დავით კეკუა, რომელმაც მკვლელობის ადგილას ტყვიის გულა შეცვალა და საქმის მასალები გააყალბა. იგი მე-7 საპყრობილეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა... საბრალდებო დასკვნის გადმოცემისას პროკურორმა ანზორ ხვადაგიანმა ასეთი რამ თქვა: რა ვქნა, ეს რეებს მაკეთებინებენ, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდესო. იქვე მყოფმა სოდ-ის გამომძიებელმა პაატა კუპრაშვილმა კი განაცხადა, საერთოდ წავალ სისტემიდანო, თუმცა მერე გადაიფიქრა. მოსამართლეებმა მიმანიშნეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ მშვენივრად იცოდნენ, რომ უდანაშაულო ვიყავი.

- რატომ დაგდეს ბრალი მაინცდამაინც თქვენ? მახსოვს, თქვენს დაპატიმრებას შურისძიებითაც ხსნიდით, კერძოდ, იმით, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შიგასამსახურებრივი ძიება დაიწყეთ...
- ჩემი იზოლირება შეუკვეთა ენერგომაფიამ, რომლის წარმომადგენლებსაც ახლა არ დავასახელებ, რადგან, გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, სარჩელი შევიტანო სასამართლოში და ფარდა ავხადო იმას, რატომ იყო წლების განმავლობაში ჩაბნელებული საქართველო და რატომ გაიზარდა ასე დენის ტარიფი. ეს მაფია დღესაც აკონტროლებს არა მარტო ენერგეტიკას, არამედ სხვა სფეროებსაც. ჩემი გამოსვლის შემდეგ ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას 2005 წლის 3 თებერვლის საღამოს, "თბილგაზის" საავარიო სამსახურში შემოვიდა ზარი იმ უბნიდან, სადაც ზურაბ ჟვანია დაიღუპა. ავტომობილი დაეჯახა უბანში გამავალ გაზსადენს და დაიწყო გაზის გაჟონვა. საავარიო სამსახურმა გადაკეტა გაზი და გადასცა რაიონს ინფორმაცია, რომ მეორე დღეს შეეკეთებინათ დაზიანებული ადგილი. გაზი საღამოს 11-ის ნახევარზე გადაკეტეს და იმ უბანში 12 საათის შემდეგ მისული პრემიერ-მინისტრი ვერ ჩართავდა გამათბობელს. მეორე დილით საავარიო სამსახურის უფროსმა რამდენიმე ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიებს და თქვა, გაზი არ იყო და ჟვანია "CO"-თი როგორ გაიგუდებოდაო. პროკურატურის თანამშრომლებმა ეს ადამიანი სასწრაფოდ გაიყვანეს გვერდზე და ინტერვიუების მიცემა აუკრძალეს, თან გამოჰკითხეს, სად იყო გადაკეტილი სარქველი. ერთი საათის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლები კვლავ დაუკავშირდნენ ამ კაცს, კიდევ ერთხელ სთხოვეს შეხვედრა და დაზიანებული ადგილის ჩვენება. იქ მისულებს კი ბოქლომი გატეხილი დახვედრიათ. უთქვამთ, ეტყობა, ღამით ვიღაცამ ბოქლომი გატეხა და გაზი ჩართოო, არადა, 1 საათის წინ არ იყო გატეხილი. მართალია, ეს საკითხი დაპატიმრებამდე გამოვარკვიე და მტკიცებულებებს ვეძებდი, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას ამას მაინც არ ვუკავშირებ. მე რომ მაშინვე დავეპატიმრებინე, ამაზე ვიფიქრებდი, მაგრამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღეს ჩემი დაპატიმრება იმაზე მეტყველებდა, რომ ამით შეეცადნენ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხზე გადაეტანათ.