მიშას «ხუშტურები»

მიშას «ხუშტურები»


ჰკითხეთ, «google დეიდას» მიშას «ხუშტურებზე» და ათობით გვერდს «ამოგიგდებთ» და თუ «მიშმაკი» არ ხართ, წაიკითხავთ და ისიამოვნებთ. ცოტა არ იყოს, სარკაზმნარევი (ისეთი სიტყვათწარმოებაა, პირჯვარი უნდა გადაიწეროთ) ირონიით დავიწყე, მაგრამ სხვანაირად აბა, როგორ? _ მით უმეტეს, როცა «ხუშტურებზეა» ლაპარაკი და ისიც _ მიშიკოსი... საერთოდ, რა არის და რას ნიშნავს «ხუშტური»? «ხუშტური» ერთგვარი ახირება, აკვიატებაა, მაგრამ კნინობით ფორმაში, რადგან აკადემიურ ქართულში სიტყვა «ხუშტური» არ გამოიყენება. მაგალითად, შეიძლება, ფსიქიატრმა დიაგნოზი დასვას, პაციენტს «ხუშტურები» და მოლანდებები აქვსო, მაგრამ ოფიციალურ ისტორიაში ამ სიტყვებს არ ახსენებს და ჩაწერს, პაციენტს ახასიათებს აკვიატებური იდეები და ჰალუცინაციებიო... მოკლედ, «ხუშტურის» სემანტიკა მეტ-ნაკლებად გავარკვიეთ. ახლა კი, მიშას «ხუშტურებიდან» ცინცხალი მარგალიტები ამოვარჩიოთ.

«ხუშტური» ¹1 _ ქუთაისის პარლამენტი
ლიბერტანიელი კახა ბენდუქიძე აღფრთოვანებას ვერ ფარავს და აცხადებს: «მართალია, ძალიან არ მიყვარს ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ცვლის ქუთაისს და ჩვენს გონებას. ცხოვრება მხოლოდ დედაქალაქში არ არის. ადრე თუ გვიან, ყველა მიხვდება, რომ ამით ახალი ცხოვრება და აზროვნება ყალიბდება.» აქვე, ბენდუქიძე დასძენს, რომ ქუთაისის პარლამენტის აშენება 100 მილიონი დოლარი დაჯდა.

სხვათა შორის, როცა ქუთაისელებს ჰკითხებს, მოსწონთ თუ არა პარლამენტი, (კვლევას «არასამთავრობოები» ატარებდნენ), ქუთაისელებმა აღფრთოვანება სულაც არ გამოხატეს და ჩვეული ქუთაისური ხუმრობით იქილიკეს, უცხოპლანეტელების «კოსმოპორტი» აგვიშენა მიშამ, სამუშაო აქ არაა და არაფერი, ჩვენ რა ვქნათ, ეს პარლამენტი ვჭამოთო?! როგორც ჩანს, მიშასა და ბენდუქიძისეული ახალი აზროვნება დამშეული ტვინისთვის მისაწვდომი არ არის და ფაქტიც სახეზეა: ქუთაისის სუპერთანამედროვე პარლამეტი (როგორც მიშა ამტკიცებდა, ასეთი პარლამენტი მთელ მსოფლიოში არავის აქვს) და აღდგენილი თუ გადაკეთებული, ანუ ბაგრატის ლიფტიანი ტაძარი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ «ნაცმოძრაობას», როგორც ქუთაისელები ამბობენ, კოსმოპორტში ახალსახლობა უმრავლესობით ეზეიმა.

ერთხელ, მაშინ ჯერ კიდევ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სააკაშვილს ველაპარაკებოდი. იდეებით აღვსილი მომავალ გეგმებზე უბნობდა და რომაელთა ცნობილი გამანათქვამი, ხალხს პური და სანახაობა უნდაო, გაიხსენა. სააკაშვილის ხანაში სანახაობაზე მეტი არაფერი იყო. აი, პური კი, მიშას მხედველობიდან გამორჩა. მშივრებს რა აქვთ დასაკარგი? _ არაფერი. ჰოდა, მოხდა ის, რასაც «ახალი აზროვნების» «ვარდოსანმა მამებმა» «დემოკრატიის მაგალითი» უწოდეს. სხვა რაღა დარჩენოდათ _ ქართული ანდაზისა არ იყოს, ჩათრევას, ხომ ჩაყოლა სჯობია?!

ხუშტური ¹2 _ მშვიდობის ხიდი
ეს მარგალიტი მხოლოდ იმიტომ შევარჩიე, რომ მისი მშენებლობიდან დაწყებული დღემდე, «ნაცმოძრაობა» მტკიცებაშია, მაღალი არქიტექტურის შედევრიაო. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ «ვარდოსნების» მოძულენი (საკმაოდ ბევრნი არიან) და არც _ ნეიტრალური პოლიტიკური შეხედულებების მქონენი (არც ისინი არიან მცირერიცხვიანნი). ერთი სიტყვით, თბილისელების და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას «მშვიდობის ხიდი» არ მოსწონს, ძველი თბილისის ხედს ამახინჯებსო. ვინ თქვა, რომ გემოვნებაზე არ დაობენო?! დაობენ და მერე, როგორ... «მშვიდობის ხიდი» დასანგრევ ნაგებობათა სიაში პირველია და ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთგზის აღნიშნეს ამის თაობაზე, ხალხიც ეთანხმება (დიდი უმრავლესობა).

მაინც, რატომ აღიზიანებს ეს ხიდი ხალხს? ამ თემაზე «არასამთავრობოებს» კვლევები არ ჩაუტარებიათ და კომპეტენტურ, ობიექტურ მოსაზრებას ვერ შევთავაზებ მკითხველს. ამიტომ, სუბიექტური, ანუ ჩემი პირადი მოსაზრებით შემოვიფარგლები: «მშვიდობის ხიდის» მშენებლობა, როგორც სააკაშვილი აცხადებდა, 24 თუ 25 მილიონი დაჯდა (მგონი, დოლარი). არადა, ამ დროს, თბილისის ძველი ქუჩების ძველ სახლებსა და მესერებზე, მიწისქვეშა გადასასვლელების კედლებზე წარწერები იყო: «მიშა, გვშია!» მშიერ ხალხს ვერც განათებული და გაბრდღვიალებული ხიდი და პრეზიდენტის სასახლე აპურებდა და ვერც _ შუშის სასახლეები, პირიქით, აღიზიანებდა. ნებისმიერი ექიმი დაამტკიცებს, რომ მშიერი კუჭისათვის კარგი სადილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ მაღალი ხელოვნება.

შესაძლოა, «მშვიდობის ხიდი», მართლაც, დაანგრიონ, მაგრამ არ მგონია, ეს 2013 წლამდე მოხდეს. ასე რომ, სააკაშვილს ჯერ კიდევ შეუძლია დატკბეს არაჩეულებრივი ხედით თავის რეზიდენციიდან.

ხუშტური ¹3 _ საქართველოს კონსტიტუცია
სააკაშვილის «ხუშტურების» ჩემპიონი კი, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციაა. «მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ქვეყანა ამ დაკოდილი კონსტიტუციის თანახმად, სააკაშვილის «ხუშტურების» სათარეშოდ არის განწირული,» _ ეს სიტყვები ზვიად ძიძიგურს ეკუთვნის და საქართველოს კონსტიტუციაზე არა მარტო ის, არამედ, ყველა პოლიტიკოსი (და არა მატო პოლიტიკოსი) ლაპარაკობს. კონსტიტუციის განხილვით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ამ თემაზე ბევრი ითქვა და დღის წესრიგში დგას ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა.
სააკაშვილის იმიჯი «ხუშტურებზე» იდგა და ზოგიერთისათვის სწორედ ამიტომ არის იგი მომხიბლავი, მაგრამ შორსმჭვრეტელობა ნამდვილად არ არის მისი ძლიერი მხარე, თუმც, ახალი კონსტიტუციით, სააკაშვილმა ცოტა წინ გაიხედა და კონსტიტუციური გარანტიებით გაიმყარა ძალაუფლება. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, _ კარგი ნათქვამია. რამდენზეც შეეძლო, იმდენზე გაიხედა სააკაშვილმა წინ, მაგრამ მისი ჰორიზონტი ივანიშვილს ვერ მისწვდა. გამოჩნდა «ერთი კაცი» (სააკაშვილი ასე ეძახდა ივანიშვილს) და ბედის ჩარხიც უკუღმა დატრიალდა.

კონსტიტუცია უპატრონოდ არ დარჩება _ არიან ადამიანები, რომლებიც მიხედავენ...

მიშას «ხუშტურებს» რა ჩამოთვლის _ ბევრია, ძალიან ბევრი, განსაკუთრებით კი, მისი ცხოვრების ყოველდღიურობაში.
მიშას «ხუშტურიადას» ფსიქოეთიკური კუთხით გავაგრძელებ.

«ეს ქალაქი, რომელიც ახლა ნაფრონტალს ჰგავს, უახლოესი თვეების განმავლობაში, საქართველოს და მსოფლიოს წინაშე წარსდგება უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავის ისტორიაში,» _ ასე დააიმედა 31 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული თელავის და, საერთოდ, კახეთის მოსახლეობა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი, ქვეყნის პირველი პირი «ბუდა-ბარში» წავიდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო დისკოკლუბია. პრეზიდენტს თან ახლდნენ სტრიპტიზკლუბ «დივა»-ს გოგონები. იმ ღამეს «ბუდა-ბარი» მხოლოდ პრეზიდენტს ემსახურებოდა, თურმე. გარე პერიმეტრს კი, დაცვის პოლიცია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები აკონტროლებდნენ. როგორც ამბობენ, ბატონი პრეზიდენტი, გოგონებთან ერთად, დილის 4 საათამდე ცეკვავდა და ხალისობდა.

შარშან, მახინჯაურის სამკერვალოში სტუმრობისას, სააკაშვილს ერთ-ერთი მკერავისათვის უკითხავს, ყველაზე მეტად რა გინდა, რომ გაგიკეთოო. მკერავ ციცინოს მორიდებით უთქვამს, მინდა, ტოტო კუტუნიოს შევხედოო (რა სურვილები ჰქონია მკერავს?!). პრეზიდენტმა აუსრულა ოცნება მკერავ ციცინოს და ტოტო კუტუნიო საქართველოს ესტუმრა.
და ბოლოს, ყველას კარგად გვახსოვს ბათუმის ოპერის პომპეზური გახსნა. პრეზიდენტს, როგორც ყოველთვის, ეჩქარებოდა, არადა, მშენებლობის დამთავრება ვერ ხერხდებოდა, სამუშაო ძალიან ბევრი იყო. სააკაშვილმა მშენებლობის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი დაიბარა (სახელს და გვარს არ ვასახელებ) და უთხრა:
_ თუ ზუსტად ამ და ამ დროს არ იქნება დამთავრებული მშენებლობა, კოტეს როლს მე ვითამაშებ, შენ კი, ქეთო იქნები!

ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოპერის შენობა დათქმული დროისთვის დამთავრებულიყო, შესაბამისად, ქეთოს როლის შესრულება არ მოუწია, მაგრამ თურმე, იმდენი უნერვიულია, რომ ინფარქტით გარდაიცვალა.
ალბათ, ასეთ ტრაგიკულ ნოტაზე არ უნდა ვამთავრებდე მიშას «ხუშტურებზე» საუბარს, მაგრამ მიშასდროინდელ საქართველოში სწორედ ასეთ რეალობაში ვცხოვრობდით.