რა ხდებოდა წვიმის დროს ქუთაისის პარლამენტში და რატომ იქნევენ ხელებს ტუალეტში მყოფი დეპუტატები?!

რა ხდებოდა წვიმის დროს ქუთაისის პარლამენტში და რატომ იქნევენ ხელებს ტუალეტში მყოფი დეპუტატები?!

ოთხი დღის გახსნილ პარლამენტში, რომელშიც, საძირკვლის ჩაყრისგან განსხვავებით, ბუკი და ნაღარა გახსნის დღეს არავის დაუკრავს, მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს შეხვდნენ უწმაწურ-უცენზურო რეპლიკებით, ავდარმაც თავისი წიხლი მიაყოლა უმცირესობაში გაჭედილ "ნაცმოძრაობას". რეკორდულ დროში ნახევრად დაუსრულებელ პარლამენტს, მეორე დედაქალაქში, ადამიანებთან ერთად ბუნებამაც არ შეუნახა ნამუსი.

არც ისე კოკისპირული წვიმა მოვიდა ქუთაისში, რომ სამშენებლო სტანდარტების, თუნდაც განახევრებული პარამეტრებით აგებულ შენობას, ნალექისთვის ვერ გაეძლო და ახალარჩეულ დეპუტატებს ქუთაისის ნაცვლად ვენეციაში არ ეგრძნოთ თავი. პარლამენტის ფლიგელებში ჩამოსული წვიმა, გარდა სხდომათა დარბაზისა, მეოცნებე და არა მეოცნებე პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიდა. წვიმის შედეგად დაზიანებული, უფრო სწორად კი, "მოკლე ჩართვის" გამო სენსორებარეული სისტემა, განსაკუთრებულ დისკომფორტს ივანიშვილის გუნდის წევრებს უქმნიდა. აბა, ყოფილ მმართველებს და ახლა უკვე გაოპოზიციონერებულ "ნაცებს" 9 წლის განმავლობაში დაგროვილი პოლიტიკურ-რეფორმისტული ქაქები ნამდვილად ვერ გააკვირვებდა. თან ვერც პრეტენზიას გამოთქვამდნენ საჯაროდ, რადგან პარლამენტის "დიდოსტატებს" საკუთარი პრეტენზიებით მარჯვენების მოკვეთა არ გამოუვიდოდათ.

კონფიდენციალური წყაროს ინფომაციით, პარლამენტის მოგრანიტებულ "სველ წერტილებში" დეპუტატები სულ კედელ-კედელ ატუზულები შედიოდნენ და განათებული მობილურის საშუალებით იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს. საქმე ის არის, რომ საპირფარეშოებში შუქი შესვლისთანავე სენსორული მოწყობილობის საშუალებით ირთვება, რამდენიმე წამის შემდეგ კი ავტომატურად ქრება და უნიტაზთან მდგომ, ან მჯდომ პარლამენტარს სინათლე რომ არ გაეთიშოს, მოსაქმებისას ხელებს იქნევენ, ან წელსა და თეძოებს ათამაშებენ. თუმცა ოთხშაბათს პარლამენტის ერთ-ერთ ტუალეტში სენსორული მოწყობილობა საერთოდ გაფუჭდა და შუქი გამოირთო, რის გამოც ხალხის რჩეულები შესვლისთანავე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც ტუალეტის კარი ავტომატურად იკეტება.

მსგავსი უხერხულობა დღეიდან საგარეო ფრონტზე მებრძოლ ქალბატონს, მაია ფანჯიკიძესაც შეექმნა. პარლამენტარების გარდა, უკუნ სიბნელესა და სენსორებზე აწყობ-გადაწყობის მსხვერპლი ჩემი კოლეგებიც იყვნენ.

მაშინ, როცა გარეთ წვიმდა და პარლამენტის შენობა ნალექს ებრძოდა, ტექნიკური პერსონალი დამდგარ გუბეებს აშრობდა ოსტატურად, იმ დროს, პირდაპირი გაგებით ახალი პარლამენტი უდაბნო იყო. სასმელი წყლის აპარატები მხოლოდ პირველ სესიაზე იწონებდა დერეფნებში თავს, ხოლო მეოთხე დღეს
დეპუტატებს წყურვილი ახრჩობდათ.

აღარაფერს ვამბობ პარლამენტის დაუსრულებელ შენობაში ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის დეფიციტზე, კაფეტერიასა და დეპუტატებისთვის ელემენტარულ კომფორტზე, რომელსაც მოკლებულნი არიან ივანიშვილის გუნდის წევრები. სამაგიეროდ, პარლამენტარებზე უკეთეს პირობებში არიან თაგვები, რომელთა გამოჩენა შენობის მესამე სართულზე არავის გაჰკვირვებია, მით უმეტეს, ოპოზიციაში გადასული "ნაცმოძრაობის" იმ "კრისებთან" შედარებით, სააკაშვილის სადღეგრძელოებს განსხვავებულით რომ სვამდნენ და დღეს რიგში დგანან, იგივე პათოსით ივანიშვილს დაულოცონ გზაც და მარჯვენაც!

ისე, რახან ახალგახსნილი პარლამენტის მეოთხე დღის "ჩეპეები" არ დამალა "ალიამ", ბარემ ტკბილი ლუკმასავით ბოლოში მოტოვებულ ერთ დეტალსაც დასძენს - როგორც "ალიას" მთელი კატეგორიულობით უმტკიცებს კონფიდენციალური წყარო, ქუთაისის მაჟორიტარ გუბაზ სანიკიძეს ასევე საპარლამენტო ცხოვრების მეოთხე დღეს ბიუროს სხდომაზე ერთი საკითხიც დაუყენებია: - "შკოდაში" ვერ ვეტევი და იქნებ იფიქროთ სატრანსპორტო საშუალების ჩემს გაბარიტებთან დაწევაშიო!