"შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტი შედგა. რაც მთავარია, ეს მოხდა მშვიდობიანად და ცივილიზებული გზით. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი დასავლეთს მიუძღვის. არჩევნებამდე დასავლეთიდან არაერთხელ მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ თუ საქართველოში პროცესები დემოკრატიულ იერს მიიღებდა, ევროპა და აშშ მხარს დაუჭერდნენ როგორც ქვეყანას მთლიანად, ისე მის პოლიტიკურ ლიდერებს. სწორედ დასავლეთის პოზიციის გამო, სააკაშვილმა სასწრაფოდ შეაჩერა "ზონდერბრიგადების" მზაობა და ყველა ის პროცესი, რაც "ნაციონალების" ხელისუფლებისთვის ბრძოლას გადაიყვანდა ძალისმიერ რელსებზე. საბოლოოდ, მშვიდობიანი ფინალი მივიღეთ", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხალხი ელოდება, რომ სამართალმა პური სწრაფად ჭამოს" / "ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, ამიტომ, მოდით, კალაძე მას "ვაპატიოთ".
"დასავლეთის პოზიციის გამო, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე იქნება ძალიან დამყოლი და ხავერდოვანი. "ქართული ოცნება" კი მრავალფრაქციული იქნება, თუმცა მეეჭვება, ამან შიდა ნაპრალები გააჩინოს, - იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის", როგორ პოლიტიკური ძალის, სიცოცხლისუნარიანობის გაქრობის პროცესი არ დასრულებულა. სანამ "ნაციონალური მოძრაობისა" და იმ დანაშაულებების თემა, რომელთა გამოძიებასაც მოსახლეობა მოითხოვს, აქტუალური იქნება, "ქართული ოცნების" ერთიანობას საფრთხე არ დაემუქრება. თუ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კონტრშეტევისთვის მოემზადება, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამას რესურსები სჭირდება. ადამიანური რესურსები კი "ნაციონალურ მოძრაობას" სულ უფრო უმცირდება. ამდენი გაქცეული მინისტრი, მგონი, საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს. როცა მინისტრები გარბიან, დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები უფრო ენერგიულად შველიან თავს გაქცევით. ასე რომ, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" კონტრშეტევა მოუნდა, მას საამისოდ, ელემენტალურად, ჯარისკაცები არ ეყოლება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ქართულ ოცნებაში" ბევრი იურისტი და ეკონომისტია, რაც მისასალმებელია, რადგან თუ გავიხსენებთ სხვა პარტიებს, მათთან ბევრი მოლაპარაკე იყო, მაგრამ შესაბამისი დარგების ცოტა პროფესიონალი. არადა, სახელმწიფო ეფუძნება სწორედ ეკონომისტებისა და იურისტების გამართულ მუშაობას. დღეს ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა და ეს აისახა კიდეც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. შესანიშნავი კანდიდატებია ეკონომიკურ და იურიდიულ ბლოკებში. რაც შეეხება კალაძის საკითხს - გავიხსენოთ, რა ეტაპზე გამოხატა კალაძემ პროტესტი, გავიხსენოთ ისიც, რომ მან პროტესტი გამოხატა არა პირად საკითხზე, როგორც ყველაზე ხშირად ხდება, არამედ მეგობრის გამო. მას შემდეგ კალაძის პოზიციას სიმყარე არ მოჰკლებია, აზრი არ შეუცვლია, რაც, სხვათა შორის, ბევრმა ვერ მოახერხა. ასეთი პიროვნული თვისებების ფონზე ძნელია, რომ კონკრეტულ სფეროში კალაძის პროფესიონალიზმის საკითხი წინა პლანზე წამოვწიოთ... ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბიძინა ივანიშვილმა ითხოვა კიდეც, კალაძე არ არის პროფესიონალი, მაგრამ მჯერა, რომ ის მოახერხებს, საქმეს კარგად გაუძღვეს და მომეცით უფლება, ეს ნაბიჯი გადავდგაო. ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე ამ ოცი წლის განმავლობაში და ახლაც, პრაქტიკულად, საქართველოს ისტორია შემოატრიალა. ამიტომ, მოდით, კალაძე მას "ვაპატიოთ". რაც შეეხება დარახველიძეს, ალბათ, გაირკვევა ყველა გაუგებრობა... მგონია, რომ "იმედის" მეპატრონისთვის დაბრუნების საკითხშიც საერთაშორისო განწყობილებებმა ითამაშეს დიდი როლი. საერთაშორისო საზოგადოებას არ დავიწყებია 2007 წლის ნოემბერში "იმედის" დარბევა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომამ მოუწია. საბოლოოდ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციამ თავისი როლი შეასრულა და არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ ამ პოზიციას წინააღმდეგობა ვერ გაუწია", - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
"ახალი ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე დგას, თუ გავითვალისწინებთ, - პოლიტიკოსი ხალხზეა დამოკიდებული, ხალხი კი ელოდება, რომ სამართალმა პური სწრაფად ჭამოს. სამართალმა რომ პური ჭამოს, სასამართლო გვჭირდება. შესაძლოა, ამ კონკრეტულ ვითარებაში ხალხი უფრო მოუთმენელი აღმოჩნდეს, ვიდრე ამის საშუალებას ობიექტური ვითარებები იძლევა. მე მაინც ვემხრობი იმ ვერსიას, რომ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ამას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ. მათ სურთ, ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სამართლის პოზიციებიდან და არა ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. "ნაციონალური" ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებდა ფორმულით: "ყველამ ხომ ვიცით, რომ დამნაშავეა" - ამ ფორმულას იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს და დაუშვებელია, განმეორდეს", - განმარტავს პოლიტოლოგი.