მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

21 ოქტომბერს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ქუთაისის პარლამენტის ოვალურ და რძისფერ სხდომათა დარბაზში შემოსულ საქართველოს პრეზიდენტს დარბაზის მარჯვენა ნახევარსფერო, ანუ ახალი საპარლამენტო უმცირესობა, ფეხზე წამოუდგა. მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას წითელ სკამებზე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“. რას ნიშნავს ეს? - იმას ხომ არა, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვერ შეძლებს? ბიძინა ივანიშვილს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

“ასეთი რამ, მე როგორც ვიცი, ევროპაშიც ხდება. ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს ის ძალადობა, რაც მათ განახორციელეს მთელი ერთი წლის განმავლობაში და ძალიან გვიჭირს ამის დავიწყება. ჩვენმა გუნდმა მოახერხა, რომ მათაც სახე შევუნარჩუნეთ, მაგრამ მოწიწების გამოხატვა ჯერ გვიჭირს. ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას უნდა ავერიდოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ და ქვეყანას მოვემსახუროთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარლამენტის პირველ სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით გახსნა. პარლამენტის გამჭვირვალე შენობით დაწყებული, დემოკრატიით გაგრძელებული და ნატო-ევროკავშირისკენ მიმავალი გზით დამთავრებული - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის დაახლოებით 7 წუთიანი სიტყვის მთავარი გზავნილები და კიდევ ერთი:

 „ვაჩვენოთ ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, რომ ყველას გვამოძრავებს დემოკრატიული პრინციპები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო. ახლა არის ერთობლივი განხილვის, დებატების და საქმის კეთების დრო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქმის ერთად კეთების იმედს გამოთქვამს ახალი უმცირესობის წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე. „დემოკრატიის მძიმე მშობიარობაო“, ასეთი მეტაფორით აღწერს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს.

„იშვა ბავშვი იმ პროცედურის და იმ ფაქტის სახით, რასაც ჰქვია ხალხის ნებით არჩეული მთავრობისათვის საკმაოდ ძლიერი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების მშვიდობიანად, ღირსეულად და კონსტიტუციურ ფარგლებში გადაცემა“, - ამბობს გიორგი ბარამიძე.

„ქართული ოცნება“ უმრავლესობაში - რას ნიშნავს ეს? ვეკითხებით ირაკლი ალასანიას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ პირველ ნომერს. ის გვპასუხობს:

 „ეს ნიშნავს სამართლიანობის უზენაესობის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში, ეს ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს, ეს ნიშნავს ეკონომიკის და ბიზნესის გახსნილ სივრცეს, კონკურენტულ გარემოს პოლიტიკაში, ბიზნესში, მედიაში... ასე რომ, ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.“

და რას ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში? ამჯერად კითხვას ვუსვამთ არაერთი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ყოფილ ვიცე-სპიკერსა და ამჯერად უკვე პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენელს, გიგი წერეთელს. ეს ნიშნავს საქართველოს პარლამენტში ძლიერ ოპოზიციას, გვპასუხობს გიგი წერეთელი:

„ოპოზიციას, რომელსაც აქვს უნიკალური გამოცდილება ქვეყნის შენების, გაძლიერების, რა თქმა უნდა, შეცდომებისაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს გამოცდილება, ჩემი აზრით, გამოადგება იმას, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაუშვას ნაკლები შეცდომა, რადგან ძალიან სერიოზული ოპონირება იქნება ყველა საკითხზე და ამით შევასრულოთ ჩვენი პოლიტიკური მისია, ის ადგილი, რაც მოგვიჩინა საქართველოს საზოგადოებამ, ვინც ისე დაალაგა საქართველოს პარლამენტი, რომ ჩვენ ვყოფილიყავით საპარლამენტო ოპოზიციაში.“

მას შემდეგ, რაც დეპუტატთა უფლებამოსილება ახალმა პარლამენტმა 141 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა, წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდა, დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს და საქართველოს ეროვნული ჰიმნი მოისმინეს. დეპუტატებმა მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ამ პოსტზე დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი, სამუშაო დღის ბოლოსთვის 88 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცეს. ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ, ვინაიდან "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 მანდატით არის შესული. დავით უსუფაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნახევარსაათიანი სიტყვით წარდგა.

 „კლიმატი შეცვლილია, მოქალაქეების თვალებში იმედმა დაისადგურა, იმედმა, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ ვერ გაამართლა. ჩვენი ამოცანა იქნება არ გავიმეოროთ წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების შეცდომები და მოვახერხოთ ის, რომ არ მივეკეროთ იმ სკამებს, რომლებზეც ჩვენ დავსხედით დღეს ქვეყნის სამსახურისათვის, მოვახერხოთ ის, რომ ამ სკამების გარეშე ცხოვრება ჩვენთვის იყოს ისეთივე შესაძლებელი, ისეთივე საამაყო, როგორც ამ სკამებზე ყოფნისას. და ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ და ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა საზოგადოებამ“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.

და სანამ პარლამენტის გამჭვირვალე შენობაში დეპუტატები ერთგულების ფიცს დებდნენ, სანამ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უკეთესი, სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის იდეის შესახებ საუბრობდა, პარლამენტის გარეთ სტუდენტები აქციას მართავდნენ. ისინი ახლად არჩეულ დეპუტატებს არაერთ მოთხოვნას უყენებენ, მათ შორის კი პირველი შრომის კოდექსის შეცვლა, ხელმისაწვდომი განათლება და უკანასკნელ წლებში ძალადობის ფაქტებში მონაწილე ადამიანების დასჯაა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" 85 დეპუტატი ეყოლება, "ნაციონალურ მოძრაობას“ კი 65. 21 ოქტომბერს პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარეებიც დაამტკიცა. მერვე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ხოლო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. რაც შეეხება მთავრობის ახალ შემადგენლობას, მას ახლად არჩეული პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს, 12:00 საათზე დანიშნულ პლენარულ სხდომაზე უყრის. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა.