როგორც ადრე, ახლაც დიდ, წიგნებითა და ფურცლებით დახუნძლულ მაგიდასთან ზის და გვერდით რამდენიმე საწერი კალამი უდევს. "არეულობაა ჩემს მაგიდაზე, მაგრამ მოსასწრები საქმე მაქვს", - მითხრა თავისი ხრინწიანი ხმით და ღიმილით შემეგება. ახლახან რეზო ჭეიშვილის კიდევ ერთი წიგნი, თხზულებების მეხუთე ტომი გამოიცა და მომდევნოზე მუშაობს... პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ ამბობს, რომ ის, რაც ბოლო დროს ხდებოდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. "მე ალბათ ვერ მოვესწრები, მაგრამ ნეტა თქვენ მაინც მოესწროთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც პოეტი ტრიბუნასთან კი არა, სახლში, მაგიდასთან წერდეს ლექსებს, მსახიობი ქუჩაში კი არა, სცენაზე თამაშობდეს და ყველა თავის საქმეს აკეთებდეს, ხელმოცარული იქნება თუ წარმატებული", - ამბობს და ჩასწორებული ქაღალდების დასტას გვერდზე დებს. ინტერვიუსთვის ემზადება...
- ქვეყანაში ცვლილებები საჭიროა, თუნდაც უარესი იყოს, სიახლე მაინც კარგია, რადგან არ შეიძლება, საქართველოსნაირ ქვეყანას ერთი და იგივე ძალა წლების განმავლობაში მართავდეს. ის ხელისუფლებაც ქართული საზოგადოებიდან არის გამოსული და ის თვისებები აქვს, რაც დანარჩენს, ანუ თუ ძალაუფლება გაუტკბა, მერე მასთან შელევა უჭირს, თან კანონს ისე ირგებს, როგორც უნდა. ასე რომ, კარგია, რომ ასე მოხდა.
- ბევრი არ ელოდა, მაგრამ სააკაშვილმა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პრეცედენტი დაუშვა...
- იცით, ეტყობა, იმათ მართლა არ ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარეს ამდენი ხალხი დადგებოდა, უფრო სწორად, იცოდნენ, რომ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდათ, მაგრამ არ ეგონათ, თუ ეს ხალხი მათთვის უარის თქმას გაბედავდა. ამაში მოტყუვდნენ.
ახლა სააკაშვილი და მისი გუნდი დამარცხდნენ, მაგრამ მე მაქვს განცდა, არ ვიცი, თუ გნებავთ, შიში დავარქვათ, რომ რაღაცის გაფუჭების სურვილი აქვთ. მათ სიჩუმეს რევანშის ელფერი დაჰკრავს. ისინი ახალგაზრდები რომ არ იყვნენ, ვიტყოდი, მიხვდნენ, რომ მათი დრო დამთავრდა-მეთქი, მაგრამ ამ ასაკში წაგების ღირსეულად აღიარების უნარი ყველას არ აქვს... ასე რომ, ჯერ კიდევ არ არის მოშვების დრო. თუ ყველაფერი მართლა მშვიდად მივა ბოლომდე, ორმაგად კარგი იქნება ხალხისა და ქვეყნისთვის. ისე კი, მართალი გითხრათ, არც იმას ველოდი, რომ სააკაშვილი დამარცხებას არჩევნების საღამოს აღიარებდა, მაგრამ ეტყობა, "ზემოდან" დაურეკეს და თითი დაუქნიეს. ადრე რუსეთი იყო "ზემოთ", ახლა ამერიკაა. რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა პატარა ქვეყნის ბედი... რაღაცები იმ ხელისუფლებამ გააკეთა, რაღაცებს ესენიც დაამატებენ. იმედია, იმათ შეცდომებს გაითვალისწინებენ.
- საზოგადოება, პირველ რიგში, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება...
- დიახ, ვიცი. მეც ამ საზოგადოების შვილი ვარ და მესმის. იმედია, გადასახადები და მგზავრობის ფასი შემცირდება, პური გაიაფდება და ხალხიც ცოტას ამოისუნთქავს. ისე კი, ნამეტანი შევეჩვიე დენისა და ნაგვის ერთად მოხსენიებას. ნაგავს თუ არ გადაიხდიდი, დენს გაგითიშავდნენ (იცინის). არა, რაღაცაში მართლა ნიჭიერი იყო ჩვენი მთავრობა. ამას მოფიქრება არ უნდოდა?.. თავიდან კი მეცინებოდა, მაგრამ მერე ისე ძალიან ურტყამდა ჯიბეს ეს ოხერი ნაგავი, რომ უკვე სასაცილო აღარ იყო. ახლა რაღაც ცვლილებებს გეგმავს ახალი ხელისუფლება, ვნახოთ, რა იქნება.
- როგორც ცნობილი ხდება, პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება...
- დიახ, მეც მოვისმინე, ეს არც ისე კარგი ამბავია, რადგან ქვეყანა, რომელსაც მეორე ქალაქი არ აქვს, ის ქვეყანა არ არის და არც სახელმწიფოდ არის შემდგარი. ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს მეორე ქალაქი, უკრაინის მეორე ქალაქი ხარკოვია, რუსეთში ჯერ სანქტ-პეტერბურგი იყო, შემდეგ პირველი მოსკოვი გახდა. ახლა პეტერბურგი მეორე ქალაქი გახდა.... სწორი გადაწყვეტილებაა, როცა თბილისში შუშის ხიდის აღებაზე ლაპარაკობენ, ამით ქალაქს არაფერი დააკლდება. არ ვიცი, რა დაშავდებოდა იმით, რომ პარლამენტი ქუთაისში ყოფილიყო. ამით ქალაქი უფრო მეტად პრესტიჟული გახდებოდა. აფხაზეთი ახლოს არის და კულტურული დაახლოების მეტი შესაძლებლობა გაჩნდებოდა.
ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას სულ იმას ვსაყვედურობდით, გადაჰყვა ამ ბათუმს და სულ იმას ცდილობდა, როგორმე იქამდე მანძილი ისე შეემცირებინა, რომ მალე ჩასულიყო, რადგან ფრენის ამინდი ყოველთვის არ იყო. იცოდა, რომ ბათუმში გართობა ელოდა, მაგრამ მისივე იდეა იყო ქუთაისში პარლამენტის აშენება. სხვა ამას ვერც გაბედავდა. გამიკვირდა, სულ გართობისკენ უჭირავს თვალი და ეს როგორ მოაფიქრდა-მეთქი. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გაუმართლა ქუთაისს...
- ლაზიკის აშენების იდეაც ჩავარდა...
- დიახ, მაგრამ მე ვიყავი იმ ადგილას. ძალიან რთული რელიეფია. ერთი კაპიტალური შენობა იყო აშენებული. იმხელა ფართობია ხმელეთიდან ზღვამდე, მისი ათვისება ძალიან ძვირი დაჯდება. თან ჭაობიც ყოფილა და თუ იქაურობა მიატოვეს, ძალიან მალე გაველურდება. უპერსპექტივო ალბათ არ არის, მაგრამ ძვირი კი დაჯდებოდა. ამაზე გაცილებით იაფი დაჯდებოდა ქუთაისის გამოცოცხლება. თან უკვე აშენებულია პარლამენტის შენობა. არ ვიცი, ეს ივანიშვილისთვის პრინციპის ამბავია, რადგან სააკაშვილის იდეა იყო და იმიტომ თქვა უარი, თუ რა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ მაშინ, როცა ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი, ქუთაისისხელა ქალაქის აუთვისებლობა მთლად სწორი არ არის. ისტორიულად ცნობილია ქუთაისის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. კი ბატონო, რაღაცები გაკეთდა და კეთდება კიდეც, მაგრამ ტრასა მისი გვერდის ავლით გაჰყავთ, მატარებლის გზა იქ არ გადის და დარჩა გვერდზე. არადა, ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობა შემთხვევით არ მიხსენებია, XX საუკუნის დასაწყისში იქაურობა ინტელიგენციისგან მთლიანად დაიცალა, რადგან თქვეს, თბილისში მცხოვრებ ქართველებს მორალურად ძალიან უჭირთო და ერთმანეთს მოუწოდეს, აქ გადმოსულიყვნენ.
- რატომ, რა უჭირდათ თბილისელ ქართველებს?
- მაშინ, იმ წლებში აქ ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობდა, ისინი უპირატესობას კარგავდნენ. ახლანდელი ეთნიკური უმცირესობა მაშინ უმრავლესობას წარმოადგენდა და ფულიც მათ ხელში იყო და თანამდებობებიც, ქალაქის მმართველობაც მათ ებარათ... 25 კაციდან მხოლოდ 5 იყო ქართველი. ჰოდა, მაშინ ქუთაისიდან წამოსულმა ინტელიგენციამ მწერალთა კავშირის სახლში მოიყარა თავი, ხოშტარიას კუთვნილ სახლში. ქუთაისში მაშინდელი თაობიდან მხოლოდ კოლაუ ნადირაძე დარჩა, რომელმაც იქაურობა არ დატოვა. მერე კოლექტივიზაცია და ხალხის წამება დაიწყო, რასაც რამდენიმე წელში მეორე მსოფლიო ომიც დაემატა და ეს ყველაფერი ყველას მიავიწყდა. ომი კარგად მახსოვს, ომში გავიზარდე, მაგრამ შევძელით და გავიარეთ ყველაფერი. როცა ლაპარაკობენ, ქართველებმა თანადგომა არ ვიცითო, არ არის ასე, უბრალოდ, ეს თანადგომა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა. ხან დიდი, ხან მცირე საქმეებით, იმის მიხედვით, რას გვთავაზობდა ესა თუ ის ეპოქა. ყოველთვის კარგზე ფიქრი ჯობია, მაგრამ მაინც ვიტყვი, ხალხის მოსაწონი ხელისუფლება არ არსებობს. მთავარია, ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესი იყოს. ეს ხელისუფლება წინაზე რაღაცით უკეთესი იყო, მაგრამ რაღაცით უარესი. ქუჩაში გამოსვლა უსაფრთხო იყო, მაგრამ კი ვნახეთ, ეს რის ხარჯზე ხდებოდა. ამ ხნის კაცი ვარ და არც მახსოვს, ბოლოს როდის ვიტირე. იმ ცნობილ ციხის კადრებს კი ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ. არადა, ვისაც ჩემი შემოქმედება წაუკითხავს, მიხვდება, გულჩვილი არ ვარ. ახლა ხშირად მეკითხებიან, რა შეცდომის გამო დაუპირისპირდა მათ ხალხიო? - კანონის დარღვევის გამო. ვითომ დემოკრატია და სინამდვილეში, ერთპიროვნული მმართველობა გვქონდა. ასეთ დროს კი გამოჩნდა ახალი ძალა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა და ფულიც. ეს ამდენი ვითომ დასაქმებული, მაგრამ უმუშევარი ხალხი გაწამებულია ასეთი საცოდავი ცხოვრებით და რაღაც ახალ სამსახურს ელოდება. მე კარგი, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილით მიდგია სული, ის მეხმარებოდა ამ წლების განმავლობაში. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ აქვს აშენებული, აღდგენილი და გარემონტებული. მე დღემდე ის მეხმარება და ჩემსავით ბევრს ეხმარებოდა, როგორც ის ახალგაზრდა მმართველები ამბობდნენ, "არაპროდუქტიულ ინტელიგენციას", მაგრამ სხვებს რა ექნათ?..
- ბატონო რეზო, არც ისე დიდი ხნის წინ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მომავალზე დიდ იმედებს არ ამყარებდით...
- დიახ, მისი გარემოცვა მაეჭვებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კაცს მარტო ბიზნესის კეთების უნარი კი არა, ადამიანებთან ურთიერთობის დაბალანსებაც შესძლებია. ვშიშობდი, რახან პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, მისი მატერიალური შესაძლებლობა ვიღაცებს ცუდად არ გამოეყენებინათ, მაგრამ სულ სხვა შედეგი მივიღეთ. მან პოლიტიკასაც აუღო ალღო და ნახა, რომ ძალა და სიმართლე მის მხარეზეა. ასე რომ, ჩემი მოლოდინი არ არის მთავარი, მთავარია, ქვეყანა დარჩეს მოგებული. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და ხალხი უნდა დასაქმდეს. ყველა ვერ დასაქმდება, ასე იდეალურად ამერიკაც კი არ არის მოწყობილი. იქაც ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ რაღაც უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ... მაღალჩინოსანი გართობასა და დროსტარებაზე კი არა, თავისი საქმის შესრულებაზე უნდა ფიქრობდეს და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და არა ისე, ჩვენი ქალაქის მერი რომ გაწოლილა ვიღაცებთან.
- იმ გავრცელებულ ფოტოებზე თუ ამბობთ, ის მეუღლეა...
- მერე სახლში იკოტრიალონ, კაცო, ჩვენ რას გვანახვებენ თავიანთ ამბებს. მერს კი არა, არავის არ აქვს ასე აღვირახსნილად ცხოვრების უფლება. წადი შენს სახლში და იქ გინდა აღვირი აიხსენი და გინდა უნაგირი... ქალაქის მერის ასეთი ფოტოების ცქერა, რბილად რომ ვთქვათ, მთლად ეთიკური საქციელი არ არის. ეს რაც ვიცით, ის ვნახეთ და რაც არ ვიცით რა ხდება?! კაცმა არ იცის, ვისზე რა კომპრომატები აქვთ. როცა საჭირო იქნება, ყველას გამოაჩენენ. მათ შორის იმათზეც ექნება, ვინც ახლა მოვიდნენ... ამ ბიჭებს ძალიან ახალგაზრდებს ჩაუვარდათ ხელში ძალაუფლება და აიჭრნენ...
ისე, რასაც ვუყურე, ჩვენი პრეზიდენტი დამარცხების შემდეგ უფრო მშვიდად გამოიყურება. თუ მის თვისებებს გავითვალისწინებთ, მთლად ასე ადვილად არ უნდა შეჰგუებოდა, ამიტომ ვამბობ, შესაძლოა, რაღაც რევანშის გეგმა ჰქონდეთ-მეთქი.
- მინისტრობის ახალ კანდიდატებზე რას იტყვით?
- სამწუხაროდ, მათ ყველას არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მომწონს ირაკლი ალასანია. პირველ რიგში, ის ჩემი კოლეგისა და მეგობრის, გურამ ფანჯიკიძის სიძეა, მაგრამ ცხადია, მისი კარგი მინისტრობა ამით არ განისაზღვრება, - ის გაწონასწორებული, განათლებული, ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანია. ძალიან მძიმე წარსული აქვს, - მაშინ, როცა მამამისი აფხაზეთში იყო, ისიც იქ ჩავიდა. მახსოვს, მაშინ სტუმრად ვეწვიე გურამ ფანჯიკიძეს ოჯახში და ძალიან ნერვიულობდნენ, არავის დაუჯერა და წავიდაო. იმ ომის საშინელებაში ჩასულა მამის საძებნელად... დანარჩენებზე რა გითხრათ, კულტურის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვიცი, რომ წესიერი, განათლებული და პატიოსანი კაცია, მაგრამ მინისტრობას რამდენად შეძლებს, არ ვიცი. პიროვნული თვისებები ამ პოსტის დასაკავებლად საკმარისი არ არის, - კარგი ადამიანობა და მათ შორის მწერლობა, კარგ მინისტრობას არ ნიშნავს. ამ პოსტს ცოტა აქტიური პიროვნება სჭირდება, რათა სხვა ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობები დაამყაროს.
- ნიკა რურუა გვყავდა კულტურის მინისტრად, ბატონო რეზო...
- დიახ, საკმაოდ ცოცხალი და მოძრავი კაცია, უცხო ენებიც იცის. დელეგაციებს ხვდებოდა, თავადაც ჩადიოდა. ანუ სხვა თვისებებია საჭირო და მხოლოდ მოადგილეებს ვერ დაეყრდნობი, თუმცა ვნახოთ რა იქნება... ძალიან საინტერესო კადრია მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ამ მხრივ განათლება და გამოცდილება არ აკლია. დიპლომატიურ სამსახურში ნამუშევარია და უკმაყოფილო არავინ ყოფილა. იმ ახალგაზრდა, ყოფილ ფეხბურთელზე არაფრის თქმა არ შემიძლია. არ ვიცი, რატომ ჩააბარეს ეს სფერო და ისღა დამრჩენია ვთქვა, ვნახოთ რას იზამს-მეთქი. შეიძლება მერე გამოიბრძმედოს, გააჩნია, პასუხისმგებლობის გრძნობა რამდენად აქვს განვითარებული