"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ელოდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში გასული რამდენიმე დეპუტატი უმცირესობაში გაერთიანებაზე უარს იტყვის და საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ ჯგუფს შექმნის.
დავით ბერძენიშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს იმ დეპუტატების დაკონკრეტებისაგან, რომელიც მისი მოლოდინის თანახმად, უმცირესობაში გაწევრიანდებიან, თუმცა აცხადებს, რომ არსებობენ პარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც საკუთარ ჯგუფს შექმნიან და ითანამშრომლებენ საპარლამენტო უმრავლესობასთან.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მრავალპარტიული პარლამენტი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას არ გააჩნია.
"ჩვენ შევუდგებით აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას. კოალიცია "ქართული ოცნება" რამდენიმე ფრაქციისგან იქნება დაკომპლექტებული, ასევე როგორც ცნობილია, რამდენიმე ფრაქცია ეყოლება უმცირესობას და ალბათ, ისინიც აქტიურ მუშაობას დაიწყებენ. ამასთან მაქვს ეჭვი, რომ არიან დეპუტატები, რომლებიც არ შევლენ უმცირესობაში. ისინი ეცდებიან საკუთარი ჯგუფის შექმნას პარლამენტში და აპირებენ ითანამშრომლონ უმრავლესობასთან", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.