4 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლები ღამის 11 საათზე გამოიძახეს სამსახურში და არჩევნებში დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებისთვის საგანგებო რეჟიმში დაამზადებინეს პასპორტები. - ეს ინფორმაცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრმა ლაშა მესხიამ საჯარო რეესტრის თანამშრომლისგან შეიტყო.
- ლაშა, როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ კონტაქტი სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელთან, რომელმაც 4 ოქტომბერს, როდესაც თქვენ დაპატიმრებული იყავით, სკანდალური ინფორმაცია გამოგიგზავნათ ელექტრონულ მისამართზე...
- ნამდვილად ასე მოხდა. სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც არ სურს ვინაობის გამჟღავნება, ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: "მე ისევ სამსახურში ვარ, გარბიან, პასპორტებს ბეჭდავენ ახალაია დათა, კოდუა და მისი შვილი. ეს რა ამბებია? იქნებ რამე იღონოთ!" მეორე დილით, 5 ოქტომბერს, მივიღე მეორე შეტყობინება: "ჯალათები გარბიან, რამე იღონეთ!" სამწუხაროდ, იმ მომენტში მე წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიმყოფებოდი. 21 სექტემბერს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერ დავით ფაცაციასთან ერთად იუსტიციის სახლთან დამაკავეს. როგორც ჩემი წყაროსგან შევიტყვე, 4 ოქტომბერს, ღამის 11 საათზე, სამოქალაქო რეესტრში დაიბარეს თანამშრომლები, რომლებსაც 5 ოქტომბრის დილამდე პასპორტებს ამზადებინებდნენ დამნაშავეებისთვის. ამ დანაშაულს ორგანიზებას უწევდნენ გიორგი გაბრიელაშვილი და ლაშა ციმაკურიძე.
- რა ინფორმაცია გაქვთ, სად არიან ახლა ხელისუფლების მაღალჩინოსნები - ახალაიები, შაშკინი, ადეიშვილი...
- გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ახალაიები ახლა ბრაზილიაში იმყოფებიან. ბაჩო ახალაიამ ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა, დათას 20 წლის მეუღლე ანი ბენიძე კი თბილისშია, რადგან ის რამდენიმე დღეში პატარას ელოდება და, ალბათ, მოგვიანებით წავა საქართველოდან. ბაჩო ახალაიამ 7 ოქტომბერს დატოვა საქართველო, 9 ოქტომბერს კი - დათა ახალაიამ. 9 ოქტომბერს ძმებმა ისარგებლეს ე.წ. პირადი კეისის მომსახურებით, რაც ნიშნავს თანხის განაღდებას ადგილზე, მათ რამდენიმე ათასი დოლარი გაანაღდეს. გარდა ამისა, ბაჩო ახალაიამ ისარგებლა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კეის-მომსახურებით, რაც ითვალისწინებს ადგილზე საპასპორტო მომსახურებას. ბაჩო ახალაია მეგობრის ბინაში იმყოფებოდა და მას ადგილზე დაუმზადეს პასპორტი. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ის გერმანიაში, ფრანკფურტში გაემგზავრა. როგორც ვიცი, 5 ოქტომბერს სამინისტროში თათბირისთვის შეკრიბა ყველა თანამშრომელი, თათბირის დაწყებისას კი მათ უთხრა, არ დაიშალოთ, პრეზიდენტმა დამიბარა შეხვედრაზე და მალე დავბრუნდებიო. გამოვიდა თათბირიდან და ფრანკფურტში გაფრინდა. ქვეყნიდან გაიქცა დიმიტრი შაშკინიც, ის ამერიკაში იმყოფება.
- რა პირობებში უწევთ ახლა მუშაობა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს?
- იუსტიციის სახლი სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნო პიარისთვის ნაადრევად გაიხსნა და ახლა იქ მუშაობა შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან შენობაში წვიმა ჩავიდა, სერვერი დაიტბორა და ძვირად ღირებული დეტალები დაზიანდა. ზარალი 300 ათას ლარს აღემატება. ხალხს რიგში უწევს დგომა - დროულად ვერ ხერხდება საბუთების მომზადება. სააკაშვილის საამაყო იუსტიციის სახლი 109 მილიონი ლარი დაჯდა და დღესაც დაუსრულებელია.