ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი ამ დროისთვის აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ თაუზენდ ოუკში ცხოვრობს, სადაც ავტომანქანის მართვის გაკვეთილებს უძღვება.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ თაუზენდ ოუქში ჯოზეფ ქეი B Safe Driving Academy-ს მფლობელი და ინსტრუქტორია. ამასთან, საიტ www.vcstar.com-ზე გავრცელდა 2012 წლის ივლისითა და სექტემბრით დათარიღებული ფოტოსურათები, რომელზეც გამოსახულია სავარაუდოდ, ჯოზეფ ქეი ავტოგაკვეთილის ჩატარებისას.
ჯოზეფ ქეი, იგივე იოსებ კაკიაშვილი მედიის ყურადღების ქვეშ 2008 წლის დასაწყისში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მოექცა. კერძოდ, ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ მან "ი-მედია ჰოლდინგის" წილის 70 პროცენტი შეისყიდა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯმდომარე გოგი ჯაოშვილისგან და ასევე გააჩნია პატარკაციშვილის სხვა აქტივების განკარგვის უფლება. ქეის უფლება ქართულმა სასასმართლომ აღიარა. ეს გადაწყვეტილება პატარკაციშვილის ოჯახმა გაასაჩივრა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ქეი პატარკაციშვილის ქონებას ყალბი დოკუმენტებით დაეპატრონა.
ამასთან, გოგი ჯაოშვილმა 2008 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ქეისთვის აქციების დათმობა მას ხელისუფლებამ აიძულა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო მსხვილი საწარმო, რომელსაც ქეი საქართველოში ფლობდა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იყო. თუმცა 2011 წლის ივლისში პატარკაციშვილის ოჯახსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ქარხანა ოჯახს დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ქეიმ საქართველოს სწორედ მაშინ დატოვა.
ცოტა ხნის შემდეგ, საზოგადოებისთვის გაურკვეველ ვითარებაში ტელეკომპანია "იმედის" 100%-იანი წილის მფლობელი "მედია ფრადაქშენ გრუპი" გახდა.
ამასთან, ჯოზეფ ქეი აღნიშნულ კომპანიაში 10%-იან წილს ფლობდა. ასევე, "მედია ფრადქშენ გრუპის" მეწილეები არიან გიორგი არველაძე(45%) და ბიზნესმენები გიორგი კორახაშვილი 30%) და გიორგი მიქელაძე 15%.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ტელე და რადიო "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.