ხუთი წელი და სამი თვეა, რაც ჩემი ქვეყანა დავტოვე და მას შემდეგ წუთიც არ გასულა, საქართველოზე არ მეფიქროს. ეს არის ყველაზე ტკივილიანი წლები ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში პრობლემები არ მაქვს, იმერელი კაცი ვარ და, აქ ფუფუნებაში ყოფნას, მირჩევნია მანდ ცივი მჭადი ვჭამო, ჩემი ქვეყნის ჰაერით ვისუნთქო და შევძლო თავის დამკვიდრება, - ამბობს ყოფილი მოსამართლე და დეპუტატი ზაურ გურგენიძე, რომელსაც საქართველოში წამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე საფრანგეთში დავუკავშირდით:
- სამშობლოში ვბრუნდებით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ემიგრაციაში მყოფ ქართველებს გაგვიჩნდა იმედი, რომ დავუბრუნდებოდით ჩვენს მონატრებულ ქვეყანას. 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა ჩვენმა ოცნებამაც, რასაც სამშობლოში დაბრუნება ჰქვია. სააკაშვილს ისე მიჰყავდა საქმე, რომ მუდმივად უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი ვერც წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ დაემართებოდა, მაგრამ კოალიციაში შემავალი ძალების ორგანიზებულობამ გამარჯვება მოგვიტანა.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ხელისუფლების ცვლილება? იმან, რომ "ზედა ფენებს აღარ ძალუძდათ ძველებურად მართვა, ქვედა ფენებს კი - ძველებურად ცხოვრება"?
- ეს განაპირობა იმან, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა... არჩევნების ბედი, ფაქტობრივად, ხალხმა გადაწყვიტა, თუმცა მისი ენერგია კოალიციამ მიმართა სწორად. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს კოალიცია, მშვიდ, დემოკრატიულ კალაპოტში გადაიყვანოს ქვეყნის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ აწ უკვე ოპოზიცია საბოტაჟის მოწყობას და არეულობის გამოწვევას ცდილობს, როგორმე თავიდან რომ აიცილონ ის პასუხისმგებლობა, რაც აუცილებლად დაეკისრებათ უახლოეს ხანში. ბევრ მათგანს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა, ვინაიდან ვიცით მათი "საგმირო" საქმეები.
- თუმცაღა, არის სასამართლოს თავისუფლების პრობლემაც. თქვენ, როგორც ყოფილ მოსამართლეს, როგორ წარმოგიდგენიათ კოლეგების საქმიანობა ამ პირობებში?
- მე ერთადერთი მოსამართლე ვარ, ვინც პოლიტიკური ზემოქმედების გამო გადადგა თანამდებობიდან 2003 წელს და ვიცი, რას ნიშნავს ზემოქმედება სასამართლოზე, რა დღეში არიან მოსამართლეები, თუმცა მათი საქციელის გამართლება შეუძლებელია. იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. იცით, რატომ მივიდა სასამართლო ასეთ მდგომარეობამდე? ვიცი მოსამართლეები, რომლებსაც ახალაიებმა პირში ჩაუდეს იარაღი და ისე დააწერინეს განცხადება გათავისუფლების შესახებ, მაგალითად, დიდუბის სასამართლოს თავმჯდომარეს. მათ მოსამართლეებად მონები უნდოდათ დაენიშნათ. მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, ასე რომ ვამბობ, თუმცა ამას მათი საქმეები ღაღადებენ. ის ლულა დღემდე ადევს შუბლზე ყველა მოსამართლეს და ამ ლულის ქვეშ მიიღება ყველა გადაწყვეტილება - საქმეებში მხოლოდ სახელებსა და გვარებს ცვლიან და არავითარი სამოტივაციო ნაწილი და არავითარი მსჯელობა ამას არ სჭირდება. როდესაც ადამიანი ბედს განდობს, შენ უნდა იყო ნიმუში სიკეთის, ჰუმანურობის. ახალმა ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომები, ნაჯახით, ხმლით და იარაღის შუბლზე დადებით არ უნდა დაემუქროს მოსამართლეებს. ეს არ არის გამოსავალი. უნდა შეწყდეს პოლიტიკური წნეხი. უნდა ამოქმედდეს მოსამართლეთა დასჯის სისტემა, დაწესდეს მათ საქმიანობაზე კონტროლი, ანუ მოსამართლე მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა წყვეტდეს კონკრეტულ საქმეს, მისთვის კანონია უზენაესი და არა სატელეფონო ზარი. ასე უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში. ვფიქრობ, ყველაფერი სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს, ვინაიდან ქვეყანა, სადაც არ არის სამართალი, სადაც ადამიანს არ აქვს საშუალება, დაიცვას თავი, ქვეყანა არ არის.
- ბატონო ზაურ, სავარაუდოდ, თქვენს ძველ საქმიანობას დაუბრუნდებით. შემოთავაზება ხომ არ გაქვთ კოალიციიდან?
- ჩვენ იმიტომ არ ვბრუნდებით, რომ გვაქვს რაღაც შემოთავაზება და თანამდებობებს დავეხარბეთ. ჩვენ ვართ საშუალო ასაკის, წინა ხელისუფლებისგან მოძულებული კადრები და გვინდა, გავუზიაროთ ჩვენს ქვეყანას ის გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა ევროპაში. სად, რომელ სფეროში გვექნება ამის ხორცშესხმის საშუალება, ამას მომავალი გვიჩვენებს. როდესაც კოალიცია გადაიბარებს მთავრობას, უამრავი საქმე იქნება და ჩვენც ჩვენი გამოცდილებით შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი. არ დავმალავ, რომ ახალ კანდიდატებს შორის ბევრი ჩემი მეგობარია, ძველ მთავრობაშიც ბევრი მეგობარი მყავდა, თუმცა, მათი უზნეობიდან გამომდინარე, შეხვედრისა და ხელის ჩამორთმევის სურვილი არ მაქვს. გეტყვით, რატომაც მომიძულა სააკაშვილის გუნდმა: როდესაც სასამართლოს რეფორმა გამოცხადდა (მანამდე პროკურატურაში ვიყავი), ჩავაბარე გამოცდები, დავინიშნე მოსამართლედ და ქალაქ ფოთში შევძელი შემექმნა უქრთამო სასამართლო იმ პირობებში, როცა თითქმის ყველა კორუფცირებული იყო, მაგრამ მალე შეუძლებელი გახდა მუშაობა, რადგან რეკავდნენ, გინდა თუ არა, კონკრეტულ საქმეზე მიიღებ ამ გადაწყვეტილებასო...
- კონკრეტულად ვინ დაგირეკათ და რა გადაწყვეტილების მიღებაზე იყო მითითება?
- დამირეკეს იუსტიციის საბჭოდან და მირჩიეს, უარი მეთქვა გაყინული პენსიების გაცემის საკითხის გადაწყვეტაზე. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, დავწერე განცხადება და წავედი. რამდენიმე დღეში დამიკავშირდა სააკაშვილი და მთხოვა, ჩავწერილიყავი ნაცმოს სიაში. კარგა ხანს ვიკავებდი თავს, მერე ჩაერია ზურაბ ადეიშვილიც. საბოლოოდ, მათი სიით გავხდი პარლამენტარი. მერე მოხდა "ვარდების რევოლუცია", ამას დაემატა გაყალბებული არჩევნების თემა (თერჯოლაში ნაცმოს შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი), დავტოვე "ნაციონალური მოძრაობა" და წავედი საფრანგეთში.
დღეს ვინც საქართველოში მოვდივართ, დაახლოებით 7-8 კაცი, ყველანი სტატუსიანი ადამიანები არიან. ჩვენ შორის არიან ფინანსისტ-ეკონომისტები, დიპლომატები, რეჟისორი და ცნობილი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც გააშუქებს ამ მოვლენას. ჩვენ ვართ პირველი მერცხლები და მჯერა, რომ ჩვენს შემდეგ ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება სამშობლოში და ხელისუფლება მათ დასაქმებას მოახერხებს.