ინა გუდავაძე:

ინა გუდავაძე: "იმედი" არავის უნდა ემსახუროს"

ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელთან, ინა გუდავაძესთან

- თავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ დაგიბრუნათ "იმედი" ნიშნავს იმას, რომ მათ ის უსამართლოდ ჰქონდათ მიღებული. იქნებ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა მაშინ, როცა თქვენ დაკარგეთ "იმედზე" კონტროლი და რატომ მოგიწიათ ტელევიზიის დათმობა?
- 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის. ჩვენ თავიდანვე შევეცადეთ დაგვებრუნებინა "იმედი", მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ იურიდიულად ძალიან არასწორად იყო გაფორმებული ჰოლდინგი, არა ბადრიზე, არამედ, სხვა პირებზე. როცა ჩვენ დასავლეთში მივმართეთ იურისტებს და ვკითხეთ, რა გზით წავსულიყავით, გრძელი კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა. პრობლემა ის იყო, რომ თუნდაც მოგვეგო არბიტრაჟი, შედეგი ის იქნებოდა, რომ ფულს დაგვიბრუნებდნენ და არა - "იმედს". ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო.

არბიტრაჟი რომ მოგვეგო, დაგვიბრუნებდნენ ფულს, სადღაც ათეულობით მილიონს. ეს, ცხადია, პატარა თანხა არ იყო. ჩვენ უკვე მზად ვიყავით არბიტრაჟისთვის, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, შერიგება ხომ არ გინდათო.

ჩვენ ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, როგორ მოვქცეულიყავით. ვთქვათ, მოგვეგო არბიტრაჟით ეს ფული? როგორ აგვეხსნა ეს ხალხისთვის? რომ ფული მოვიგეთ და თქვენი ჯიბიდან ვიღებთ? ფაქტობრივად, არც "იმედს" ვიბრუნებდით და თან მათი ფული უნდა აგვეღო. ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვიდექით. ვიფიქრეთ, რომ არ ღირდა. მე არ შემიძლია იმაზე ლაპარაკი, რაზეც მაშინ შევთანხმდით, სიტყვა მივეცი და ხელი მოვაწერე, რომ ეს არ გასაჯაროვდებოდა. ეს კონფიდენციალური შეთანხმება იყო და ამას ახლაც ვერ დავარღვევ. ეს შეთანხმების პირობა იყო, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე შედგა. ჩვენ დაგვიბრუნეს მთაწმინდის პარკი და რუსთავის ქარხანა, რომელზეც გვქონდა საარბიტრაჟო დავა.

- ახლა როგორ მოხდა შეთანხმება? რა პირობებით დაგიბრუნეს ტელე და რადიო "იმედი"?
- დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს "იმედის" დაბრუნება. ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა და ჩვენთვისაც ძალიან ემოციური იყო. ერთადერთი პირობა ის იყო, რომ პროცესი მშვიდობიანი ყოფილიყო და ექსესების გარეშე მომხდარიყო გადაბარება. აღარც ჩვენ გვინდოდა ისევ თავიდან დაგვეწყო კიდევ ერთი სასამართლო და დავა. "იმედი" ჰოლდინგი მთლიანად ჩვენი მმართველობის ქვეშ იქნება. წყნარად, ცივილურად შევხვდით და დავილაპარაკეთ. ახლა იქ ჩვენი იურისტები იმყოფებიან და წყვეტენ, როგორ უნდა გაფორმდეს ეს პროცესი.

- რით ხსნით იმას, რომ ასე მოულოდნელად და ყოველგვარი პირობის გარეშე დაგიბრუნეს "იმედი"?
- არ ვიცი, ისედაც ბევრი რამე ხდება ახლა ქვეყანაში, ბევრი პრობლემაა, ძალიან დიდი ცვლილებებია. 5 წლის წინ, რაც მოხდა, ნამდვილად უსამართლობა იყო. მაგრამ ახლა ამაზე დავა აღარ გვინდა და აღარც ვაპირებთ. რადგან გვიბრუნებენ, ჩვენც მშვიდად მივიღებთ ამას. მე მგონი, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. საერთოდ აღარ მინდა გავიგონო გვარები ჯოზეფ ქეი, ზელცერი და სხვები, მინდა ეს ადამიანები სამუდამოდ გაქრნენ ჩვენი ცხოვრებიდან.

- "იმედის" ფინანსური დავალიანება თუ გადმოვიდა თქვენზე?
- როგორც ჩვენ შეგვპირდნენ, ჰოლდინგს დავალიანება არ ექნება. თუმცა, ეს მაინც უნდა შევისწავლოთ. ჩვენი იურისტები ფინანსურ დოკუმენტაციას უკვე გულდასმით სწავლობენ.

- არხის ძველი ადმინისტრაცია მთლიანად გავიდა კომპანიიდან?
- დიახ, უკვე სულ ჩვენ ვართ.

- თქვენ აპირებთ უშუალოდ მართოთ ტელევიზია?
- არა, ეს ზედმეტი თვითდაჯერება და არაპროფესიონალიზმი იქნებოდა. მე არ ვარ მედიის პროფესიონალი. ეს უნდა ვანდოთ და გადავაბაროთ სპეციალისტს, წესიერ კაცს. დროებით, სავარაუდოდ, ჩემი უფროსი ქალიშვილი, ლიკა იქნება ჰოლდინგის ხელმძღვანელი. მისი მოადგილე კი - რეზო საყევარიშვილი. ის უკვე შევიდა ტელევიზიაში და სიტუაციას ეცნობა. ამ ადამიანს ბევრმა გაუწია რეკომენდაცია, გვირჩიეს, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და მოგვეჩვენა, რომ მისი კანდიდატურა სჯობდა, თანაც, ის "იმედის" ყოფილი თანამშრომელია, სერიოზული ეკონომიკური განათლება აქვს, ძალიან დაბალანსებული ადამიანია, თავისი აზრით, შეხედულებებითა და პრინციპებით, ამასთან, არაპოლიტიკურია. მგონი ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, სად მივდივართ. საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა იქნება, თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

უკვე დაიწყეს ლაპრაკი, რომ ჩვენს უკან ვიღაც დგას, თუმცა ვერანაირ ინსინუაციებს ვერ მივიღებთ.

- მართალია, რომ იმედი მთლიანად გასართობ-შემეცნებითი არხი გახდება და საინფორმაციო გამოშვებები აღარ აღდგება?
- არა, ჩვენ მხოლოდ დროებით შევწყვიტეთ საინფორმაციო მაუწყებლობა, რადგან არ შეიძლებოდა ძველი სიტუაციის გაგრძელება. სანამ თავიდან ბოლომდე პროცესს არ გავაკონტროლებთ, გვერჩივნა საინფორმაციო შეგვეჩერებინა.

- რა ელოდება ახლანდელ კადრებს?
- მე არც კი მეგონა, თუ თანამშრომლები ასეთი აღფრთოვანებით შეგვხვდებოდნენ. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი, ძალიან ემოციური იყო, არც კი მახსოვს, რას ვამბობდი. ახლა ყველაზე რთული ეტაპია, რომ ამდენი იმედი გავამართლოთ და სწორად მოვიქცეთ.

თუ ვინმე გრძნობს, რომ რაღაცაში დამნაშავეა, სჯობს თვითონ წავიდეს, დანარჩენს ჩვენ განვიხილავთ, გვაქვს ფაქტები და გვეცოდინება ხალხის აზრიც. უბრალოდ ამას არ ექნება ისეთი სახე, რომ ყველა გავათავისუფლოთ, რა შუაში არიან ადამიანები, რომლებიც წესიერად მუშაობდნენ? ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ღირსი ვარ თუ არა რომ ამ არხზე დავრჩე? თუ თვითონ ვერ მიხვდება, რომ წასვლა სჯობს და ჩვენ რადიკალურად განსხვავებული აზრის ვიქნებით, მაშინ ალბათ გავათავისუფლებთ.

- რა გეგმები გაქვთ ჰოლდინგთან დაკავშირებით?
- ტელევიზია ობიექტური და დაბალანსებული უნდა იყოს. ის არავის არ უნდა ემსახუროს. ვიტყოდი, რომ ტელევიზიის სარკე დაგრეხილი არ უნდა იყოს. თუკი რამე არასწორად წავა, ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. ცოტა არ იყოს, მეშინია, როგორ მოვერევით ყველაფერს. ჩვენთვის ცოტა რთულია, რადგან მუდმივად აქ არ ვცხოვრობთ და აქაურ რეალობას და სიტუაციას იმდენად ვერ ვფლობთ, თუმცა, ახლა უფრო ყურადღებით ვიქნებით და ჩართული ვიქნებით მიმდინარე პროცესებშიც.

ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ იდეის რეალიზაცია გვინდა. ამ საბჭოს დაკომპლექტება კი ისეთი ადამიანებით გვინდა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რა მიმართულებით მივდივართ, დაინახოს მათთვის სანდო ადამიანები. არ ვიცი, ამის განხორციელება ზუსტად როდის დაიწყება, მაგრამ მგონია, რომ ეს ძალიან არ უნდა გადაიდოს. როგორც კი მოგვარდება ფინანსების და კადრების საკითხი, ამასაც შევუდგებით. საბჭო რომ მოქმედი და ეფექტური იყოს, ის არ უნდა იყოს ძალიან დიდი, შეიძლება ერთი წევრი უცხოელიც იყოს. მთავარია, რომ კრიტერიუმები საკმაოდ მაღალი იქნება. ასევე სიფრთხილით ვაპირებთ შევარჩიოთ, საინფორმაციოს ვინ ჩაუდგება სათავეში. ესეც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

გვესმის, რომ "იმედი" ეს იქნება პროექტი, რომელშიც ფულის ჩადებაა საჭირო. მე ამას განვიხილავ, როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს. ბიზნესისთვის მე ეს ტელევიზია ნამდვილად არ მჭირდება, მის გამოყენებას არც ბიზნესისთვის ვაპირებ და არც პოლიტიკური მიზნები მაქვს.