"კლასიკური ნაციონალური ძარცვა" - დალაქიშვილების ოჯახის დაყაჩაღება ზურაბ ადეიშვილის მეთაურობით

"არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში გუშინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ჯაბა ჯიშკარიანმა ბიზნესმენ ილია დალაქიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მის ადვოკატთან და მამასთან ერთად ისაუბრა. ილია დალაქიშვილის ადვოკატის განცხადებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, "ზურაბ ადეიშვილის პირადი დაინტერესებით ილია დალაქიშვილის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა ზურაბ ადეიშვილის, მისი ძმის დავით ადეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, ვინმე ნოდარ საქუშვილის, ვანო კევლიშვილის, ლევან კენჭაძის ხელმძღვანელობით", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ადეიშვილმა და ცისკარიშვილმა ხალხს ქონება წაართვეს.

"ამოცანა იყო, რომ ეს ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" ჯიბის ბიზნესმენად ექციათ, რასაც ვერ მიაღწიეს. კენჭაძემ პირადად მოსთხოვა ილია დალაქიშვილს 50 000 დოლარი, რომ ვანო მერაბიშვილისთვის მიეტანა პარტიული საქმიანობისთვის. ეს მოხდა 2004 წელს, როდესაც ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში" - ამბობს ადვოკატი ზურად თოდუა. მისი თქმით, ილია დალაქიშვილი მაშინდელ გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, გარიგება შესთავაზეს - გიორგი ლაცაბიძემ მოსთხოვა 1,5 მლნ ლარის ბიუჯეტში შეტანა მისი 16 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის სანაცვლოდ. მილიონახევარი ნაღდი ფულის სახით ილია დალაქიშვილს არ გააჩნდა, მაგრამ მის საკუთრებაში იყო "პირიმზის" მე-6 სართული, რომელიც ნაყიდი ჰქონდა აუქციონზე. ეკონომიკის სამინისტრომ შეაფასა ეს ქონება მილიონნახევარ ლარად და ჩუქების ხელშეკრულებით, როგორც ხდებოდა "ღამის ნოტარიუსებთან," ეს ქონება დათმობილ იქნა ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ", - განაცხადა ადვოკატმა, რომლის თქმით, არც ეს პირობა გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ დევნა-შევიწროვება შეწყვეტილიყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"რამდენიმე თვეში მის მიმართ საქმე აღიძრა 192-ე მუხლით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით. დაკავებულ იქნა ილია დალაქიშვილის მამა - თამაზ დალაქიშვილი - ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდათ. მამის თავისუფლების სანაცვლოდ ილია დალაქიშვილის ჩაბარებას ითხოვდნენ, რადგან ამ დროს მას საქართველო დატოვებული ჰქონდა. ილია სამი თვის სემდეგ გამოცხადდა, მაგრამ უკვე მასაც ჰქონდა მისჯილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე დროს, უძრავ-მოძრავი ქონება, რისი წაღებაც შეიძლებოდა, წაიღეს", - განაცხადა ზურაბ თოდუამ. "პატიმრობის ვადის მიწურულს, თამაზ დალაქიშვილს რუსთავის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის შედეგად აკრძალული ნივთები - 50 ლარი და მობილური ტელეფონი უპოვეს - ეს აღმოჩნდა საკმარისი, რომ გაეგრძელებინათ მისი პატიმრობის ვადა ერთი წლით", - განაცხადა ადვოკატმა, რომლის განმარტებით საქმე საპროცესო შეთანხმებით, 3 ათასი ლარის გადახდით დასრულდა", - დასძენს გამოცემა.

"ილია დალაქიშვილი პატიმრობიდან 2010 წლის 6 მაისს გათავისუფლდა და ევროპის სასამართლოში გაგზავნილ იქნა სარჩელი, რომელიც ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო კიდეც. "დალაქიშვილმა პატიმრობის შემდეგ კვლავ განაგრძო ბიზნესსაქმიანობა, რომელიც ნავთობპროდუქტებს უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში მას სახლში ესტუმრნენ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და წაუყენეს ულტიმატუმი, რომ სარჩელი გამოეტანათ ევროპის სასამართლოდან. 2010 წლის 13 მაისს სარჩელი გამოვიტანეთ სტრასბურგის სასამართლოდან. დალაქიშვილმა განაგრძო საქმიანობა და ზუსტად ერთი წლის თავზე ის დააკავეს თავისი კომპანიის ყველა თანამშრომელთან ერთად - 28 ადამიანი იქნა ერთ ღამეს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული! დალაქიშვილის მეორედ დაკავება დაკვეთილი იყო იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიერ - მე მაქვს ამის მტკიცებულება", - განაცხადა ადვოკატმა, რომლის განმარტებით ამ მტკიცებულებებს წარუდგენს, როდესაც ჩამოყალიბდება თავისუფალი, მიუკერძოებელი სასამართლო", - წერს სტატიის ავტორი.

"ილია დალაქიშვილის მამის თამაზ დალაქიშვილის განცხადებით, ის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს, 5 წელი ციხეში იჯდა და სურს სამართლიანობის აღდგენა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, თუ როგორ ურევია ადეიშვილ-მერაბიშვილის კლანის ხელი კიდევ ერთი ქართული ოჯახის გაუბედურებაში. "ყველამ კარგად იცის ცისკარიშვილი, ადეიშვილი რას წარმოადგენდნენ. ადეიშვილის ლანდად გვევლინებოდა პროკურორი ფაღავა იმ პროცესზე, რომელზეც ილია დალაქიშვილს 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე მოსამართლე მაია თეთრაული არის ის ადამიანი, რომელმაც პოლიტპატიმრებს გამოუტანა სასჯელი - ის პირდაპირ 24-25-წლიან სასჯელებს არიგებდა. 2004 წლიდან გრძელდება დალაქიშვილების ოჯახის განადგურება", - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომლის თქმით, პატიმრობასთან ერთად ამ ოჯახმა 7 მილიონი ლარის ქონება დაკარგა", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ჯაბა ჯიშკარიანი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თუ გვსურს ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობის უზენაესობა დამკვიდრდეს ქვეყანაში, მსგავს ფაქტებს ნუ დამალავენ და ამის შესახებ ღიად თქვან. რადგან ეს დღეს საშიში არ არის. "ასეთ ფაქტებზე ხმამაღლა უნდა ვთქვათ. მსგავს უსამართლობაზე ინფორმაცია მიაწოდონ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, ახალ პროკურატურაში, ახალ პარლამენტში შეიტანონ მსგავსი საქმეები, რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ, თუ როგორ ახდენდა სახელმწიფო მანქანა ადამიანებზე ზეწოლას, როგორ ანადგურებდა მათ მომავალს", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომელიც ასევე თხოვნით მიმართავს ბატონ არჩილ კბილაშვილს და ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ დაინტერესდნენ მსგავსი საქმეებით, რათა ყველა დამნაშავე თავისუფალი სასამართლოს მიერ იქნას კანონიერად დასჯილი", - დასძენს სტატიის ავტორი.