"ოცნება" ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას გეგმავს

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის ადამიტანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა უსამართლო და დისკრიმინაციულია და საერთაშორისო სტანდარტებსაც ეწინააღმდეგება. ბესელია ასევე ამბობს, რომ ახალი კანონის ძალაში შესვლამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რათა მანამდე ადმინისტრაციული პატიმრობები აღარ გამოიყენონ. ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ იურისტებიც. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არასდროს ემხრობოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას გეგმავს / ახალი კანონის მიღებამდე კი ამაზე მორატორიუმი გამოცხადდება.

"ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებად ალბათ ჯარიმაც საკმარისია და დამატებით დაპატიმრების გამოყენება საჭირო აღარ არის. მიმაჩნია, რომ ეს სწორი იქნება, ვინაიდან პატიმრობა ადამიანის უფლების იმდენად სერიოზული შეზღუდვაა, ალბათ, მხოლოდ სისხლის სამართლის წესით უნდა მოხდეს ამ შეზღუდვის გამოყენება. მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების დროს არის შესაძლებელი პროცესუალურად იყოს დაცული პირის უფლებები, ვინაიდან, ვიმეორებ, ძალიან სერიოზულ შეზღუდვასთან გვაქვს საქმე. ამ პატიმრობას ადმინისტრაციულს დაარქმევ თუ სისხლის სამართლის წესს, საერთაშორისო სამართალი ერთნაირ შეფასებას აძლევს და განიხილავს, როგორც პატიმრობით სასჯელის სახდელს. აქედან გამომდინარე, ალბათ მიზანშეწონილი იქნება, რომ ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენება გაუქმდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა შავგულიძე.

"ჩვენმა ორგანიზაციამ მრავალჯერ დააფიქსირა პოზიცია 90-დღიან ვადასთან დაკავშირებით, რადგან ეს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადაა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. თუკი პროცედურების დაცვით შევა ცვლილება კანონმდებლობაში და ეს ვადა შემცირდება, ბუნებრივია ეს იქნება ძალიან დადებითი და, შესაბამისად, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული. ადმინისტრაციული პატიმრობა არის ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ცნობს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობაც. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა გაუმართლებლად დიდი სახდელია და, შესაბამისად, ვადის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტად სრულყოფილი და ლიბერალური გახდება კანონმდებლობა", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია.

"ჩვენ იმასაც ვაფიქსირებდით, რომ ადმინისტრაციული პატიმრებისთვის არ არსებობს ცალკე იზოლატორი და ისინი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის მსჯავრდებულებთან ერთად სხედან. ეს ასე არ უნდა იყოს და ამ კუთხით ძალიან ბევრი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პრაქტიკული პრობლემები იკვეთება. ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას. ამაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება მორატორიუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობები კანონის ძალაში შესვლამდე არ გამოიყენონ, თუკი პარლამენტი დააყენებს ინიციატივას, რომ შეჩერდეს კანონის მოქმედება მანამ, სანამ ახალ კანონს მიიღებს, ამ პროცედურის დაცვით შესაძლებელია მორატორიუმმა იმოქმედოს. ეს ყველაფერი კანონის დაცვით უნდა მოხდეს", - დასძენს თამარ გაბისონია.

"საერთოდ, ადმინისტრაციული პატიმრობა სააკაშვილის რეჟიმში არსებობდა იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ოპონენტები რამდენიმე თვით საპატიმრო დაწესებულებებში გამოემწყვდია და დაეშინებინა სამოქალაქო საზოგადოება. კარგად გვახსოვს, 26 მაისს ნაცემი ადამიანები ადმინისტრაციულ სასამართლოში მიჰყავდათ. თუ ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება გამოვიდა, ეს იქნება ფაშიზმის მსხვრევის ძირითადი წინაპირობა. ანუ, ფაქტობრივად ადმინისტრაციული პატიმრობა აღარ იარსებებს და თუ ადამიანმა რამე დააშავა, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული და არა პატიმრობა. ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა მას შემდეგ მიიღო, რაც აქციებმა მოიმატა და სამოქალაქო საზოგადოება ამ დიქტატორის გასამართლებას ითხოვდა. ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონში შესწორება და ადმინისტრაციული პატიმრობა გახდა 90-დღიანი. საქართველოში ეს ფაშიზმის მომასწავებელი იყო", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.