ნოდარ ხადური:

ნოდარ ხადური:"2 წელიწადში სიდუხჭირე დავიწყებული კოშმარი იქნება"

არჩევნებმა ჩაიარა, ახლა ხალხი "ქართული ოცნებისგან" მიღებული დაპირებების შესრულების მოლოდინშია. როდიდან მოიმატებს და რამდენი გახდება მინიმალური პენსია, დაიკლებს თუ არა კომუნალური გადასახადები, როგორ მოწესრიგდება ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა? - ამ თემებზე სასაუბროდ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, პროფესორ ნოდარ ხადურს შევხვდით.

- ბატონო ნოდარ, სანამ შეხვედრაზე წამოვიდოდი, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას კიდევ ერთხელ გადავხედე, სადაც გიწერიათ, ქვეყანა "სიღარიბის ხაფანგში" მოხვედრის საშიშროების წინაშე დგასო. მდგომარეობიდან გამოსვლას როგორ აპირებთ?
- ქვეყანაში მართლაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. საქართველოში სოციალურ დახმარებას ნახევარი მილიონი ოჯახი ითხოვს. აქამდე გვეუბნებოდნენ, 300000 უმუშევარი გვყავსო. აღმოჩნდა, რომ უმუშევართა რაოდენობა თითქმის სამჯერ მეტია. ისეთი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს კატასტროფაა. ჩვენთან ხელფასს მხოლოდ 600000 ადამიანი იღებს. ძველი მთავრობა ამბობდა, - ქვეყანა ავაშენეთო; ჩართავდით ტელევიზორს და აჩვენებდნენ, როგორ ხსნიდნენ საწარმოებს. ადამიანები უდრტვინველად ითმენდნენ და იმედს არ კარგავდნენ, რომ მათ ცხოვრებაშიც ყველაფერი მალე გამოსწორდებოდა. ახლა ისმება კითხვა, რა გვიშველის? ადამიანს სოციალური დახმარება არ სჭირდება, მას სჭირდება სამუშაო ადგილი და დოვლათს საკუთარი შრომით შექმნის. მთავრობა სამუშაო ადგილებს არ ქმნის. ეს დასაქმების მინისტრის კი არა, ბიზნესმენების საქმეა. ბიზნესმენები და ინვესტორები რისკავენ იმ შემთხვევაში, როცა იციან, რისკი მინიმალურია. ჩვენთან ყველაფერი პირიქით იყო. პიარმა და ტრაბახმა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. სინამდვილეში საქართველო ერთ-ერთი "საუკეთესო" ქვეყანაა ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საკითხში. უცხოელი ინვესტორები ძალიან ფრთხილი ადამიანები არიან. საქართველოში რატომ წამოვლენ? უამრავი სახელმწიფოა, სადაც საკუთრების უფლება გაცილებით უკეთესადაა დაცული. სხვაგან ნორმალური სასამართლოა, საგადასახადო მათი მტერი კი არა, პარტნიორია. საქართველო ბიზნესმენებისთვის მომგებიანი ქვეყანა რომ არ იყო, იქიდანაც ჩანს, რომ ქვეყანაში არც ერთი ფაბრიკა და ქარხანა უცხოური ინვესტიციებით არ შექმნილა.

- თქვენ ინვესტორების მოზიდვას რა გზით აპირებთ?
- ბატონმა ბიძინამ ბიზნესმენებს შეხვედრაზე უთხრა, რომ ისინი არიან თავისუფალნი. მთავრობიდან არავინ მივა და ფულს არ "შეაწერს". ივანიშვილმა უთხრა, - თუ დაინახავთ, რომ მთავრობა უსამართლოდ გექცევათ, იყვირეთ და მითხარით, რომ "გაუპატიურებენ". ბიზნესის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მან გადასახადი არ გადაიხადოს. ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, ნორმალური საგადასახადო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებს. აღარ იქნება მონოპოლია, რაც ავტომატურად, ბევრი რამის გაიაფებას გამოიწვევს. მოსაგვარებელია კიდევ ერთი საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი პატარაა იმისთვის, რომ ქვეყანაში სერიოზული ინვესტიციები განთავსდეს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს პლაცდარმი, აქ წარმოებული პროდუქცია გავიდეს ევროპის ბაზარზე, დაბრუნდეს რუსეთში და ა.შ. ამას აუცილებლად მოვახერხებთ. საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ვაქცევთ. მხოლოდ უცხოელებზე არ ვლაპარაკობ - უამრავ ქართველს აქვს საწარმო სხვა ქვეყანაში გახსნილი; ისინი საკუთარ კაპიტალს სამშობლოში დააბრუნებენ და თანამემამულეებს დაასაქმებენ. თქვენ იცით, თავის დროზე ბატონ ბიძინას ჰქონდა სურვილი, სოფლის მეურნეობის განვითარებაში ერთი მილიარდი ლარი ჩაედო, მაგრამ პასუხად მიიღო, - სოფლის მეურნეობის განვითარება საჭირო არ არისო. საჭირო კი არა, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ღირებულების მხოლოდ 8%-ს შეადგენს. ეს კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია.

- მოკლედ რომ გვითხრათ, როგორ დაეხმარებით გლეხს?
- გვინდა შევქმნათ სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი; ამ ფონდში იქნება სახელმწიფო სახსრები, კერძო და უცხოური ინვესტიციებიც. ამაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დავეხმაროთ გლეხს. მას უნდა ტრაქტორი, მოწესრიგებული სარწყავი სისტემა, გზა, სასუქი, ნერგი, თესლი, შხამქიმიკატები... ეს მილიარდი ამ ყველაფერს მოხმარდება. გარდა ამისა, გლეხებზე გავცემთ კრედიტს, მაგრამ ეს სესხი 30%-იანი კი არ იქნება; სოფლის მეურნეობისათვის სამ, მაქსიმუმ ოთხპროცენტიანი, 15-20-წლიანი კრედიტის გაცემას ვაპირებთ. შხამქიმიკატები იქნება ხარისხიანი და არა ისეთი, ზოგიერთ რეგიონში ვაზის გახმობა რომ გამოიწვია. სახელმწიფო თავს დაანებებს იდიოტური ექსპერიმენტების ჩატარებას - როგორიცაა ნიანგებისა და ბაყაყების მოშენება, - და ფულის უაზროდ ხარჯვას. ჯერ 4 ნიანგი შემოიყვანეს; დაიხოცნენ და გაუკვირდათ, - რატომ მოკვდნენო?.. მერე თქვეს, ბაყაყები უნდა გავამრავლოთ, დავკლათ და საფრანგეთში გასაყიდად გავიტანოთო. ჰიბრიდულმა სიმინდმაც ბევრი ოჯახი დააქცია. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭიროა ახალი მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოყვანა, ნიადაგების დამუშავება. ამ სფეროში ძირეული ცვლილებებისთვის ვემზადებით. გვინდა ტექნიკურ პროგრესთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამსახურში ჩავაყენოთ მეცნიერება. გლეხი შვებას საგაზაფხულო სამუშაოებიდან იგრძნობს.

- პენსიების თემაზე გადავიდეთ: დამეთანხმებით, ეს ის საკითხია, რომელიც არა მხოლოდ 800000 ადამიანს აინტერესებს.
- ძალიან რთული საკითხია. მიმაჩნია, რომ დღეს პენსია არ არსებობს - ეს ხანში შესული ადამიანებისთვის სოციალური დახმარება უფროა. ჩვენ ისეთ საპენსიო რეფორმას ვიწყებთ, რომლის სრულყოფილ ამოქმედებას დიდი დრო, 47 წელი (იგულისხმება ადამიანებისთვის, რომლებიც 18 წლიდან იწყებენ მუშაობას. - ავტ.) სჭირდება.

- დაგროვებით სისტემას გულისხმობთ?
- დიახ. ეს გრძელვადიანი გეგმაა: ახალგაზრდა, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას, საპენსიო ასაკამდე გარკვეულ დანაზოგს აგროვებს.

- დღევანდელ პენსიონერებს რას უპირებთ?
- ჩვენი პენსიონერები ამდენი ტყუილით დაიღალნენ... პირველ ეტაპზე გავზრდით პენსიებს, რომლის რაოდენობა საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. ადამიანმა პენსიით არსებობა უნდა შეძლოს. საპენსიო დანამატი, დამსახურების მიხედვით, ძირითადი პენსიის მატების პროპორციულად გაიზრდება.

- საარსებო მინიმუმი ხომ ხელოვნურადაა შემცირებული!
- იმიტომ, რომ წინა მთავრობას ტრაბახი უყვარდა. მათ `მოინდომეს~, ქვეყანაში სიღარიბე შეემცირებინათ. ამისთვის ძალიან საინტერესო მეთოდი შეარჩიეს: მანამდე სიღარიბის მაჩვენებელი 54% იყო; ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი ღარიბი იყო, მაგრამ ეს სიღარიბის პროცენტი საარსებო მინიმუმიდან ითვლებოდა; მაშინ საარსებო მინიმუმი 120 ლარი იყო, ამიტომ ეს ციფრი 75 ლარამდე დაიყვანეს და მერე იტრაბახეს, სიღარიბის მაჩვენებელი 27% არის, 1 წელიწადში 2-ჯერ შევამცირეთო... ახლა საარსებო მინიმუმი 160 ლარამდეა, მაგრამ ეს რომ რეალური ციფრი არ არის, ლაპარაკი არ უნდა. რეალური ციფრის დადგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

- დაახლოებით რამდენ ლარზეა ლაპარაკი? ამბობენ, რომ მინიმალური პენსიის ოდენობა 220-230 ლარი იქნება.
- ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ივანიშვილის მთავრობა მისი წინამორბედისგან რით განსხვავდება, იცით? სანამ ყველაფერი არ დაითვლება, ციფრს ვერ ვიტყვით. შესაბამის უწყებებში ჩვენი თანამშრომლები უკვე შევიდნენ. მესმის, რომ ამ საკითხისადმი მოსახლეობის ინტერესი ძალზე დიდია. ვეცდებით, ცვლილება რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს. დაპირება დროულად უნდა ასრულდეს, ადამიანებს ეყოფათ ის იმედგაცრუება, რაც წარსულში ჰქონდათ.

- ეს მომავალი წლის დასაწყისიდან მოხდება?
- ჩვენი გათვლით, ასეა.

- მომატება ეტაპობრივად მოხდება?
- სავარაუდოდ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში გატარდება. დამეთანხმებით, დღეს საქართველოში ავადმყოფობას ძალიან ბევრი ადამიანი მალავს: ექიმთან მისვლა და მკურნალობის კურსის ჩატარება გაღატაკების ტოლფასია. ხალხს წამლის ფული არა აქვს. ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება. რასაკვირველია, იმავე პაკეტით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. დაზღვევა ბევრ მნიშვნელოვან სეგმენტს (გულის სისხლძარღვთა სტენტირება და შუნტირება, ორსულთა მოვლა და მშობიარობა, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა...) მოიცავს. სახელმწიფო დააფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას, სხივურ და ქიმიოთერაპიას და ა.შ.

- სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია შეიქმნება?
- ეს იქნება არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. დაახლოებით ისეთივე მოდელის გადმოტანას ვაპირებთ, როგორიც გერმანიაშია. ხარჯების კონტროლისთვის შეიქმნება საბჭო, რომელშიც შევა როგორც სახელმწიფო მოხელე, ასევე ექიმები და პროფკავშირების წარმომადგენლები. თანხების ხარჯვა გამჭვირვალე იქნება.

- ხალხი მოუთმენლად ელოდება კომუნალური გადასახადების გაიაფებას, მით უმეტეს, რომ წინ ზამთარია.
- ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის სერიოზული რეზერვი არსებობს.

- გაზსადენებიდან შემოსულ წილს გულისხმობთ?
- დიახ. რუსეთიდან სომხეთში "გაზპრომის" მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირის 10% საქართველოს უფასოდ რჩება. ანალოგიურად, აზერბაიჯანიდან თურქეთში გამავალი გაზის ნაწილი ჩვენთვის უფასოა, ნაწილი - შეღავათიან ფასში გვეძლევა. ახლა ეს ყველაფერი დაითვლება. ფასებს მარეგულირებელი კომისია ადგენს. ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ ზუსტი გაანგარიშება წარმოადგინონ. იმ რეზერვებით, რომელიც ქვეყანას აქვს, მოსახლეობა სერიოზულ შეღავათს იგრძნობს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენის გადასახადი 8 თეთრი იქნება, გაზის - 25.
- რა თქმა უნდა, დაახლოებითი ციფრის დასახელება შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, უპასუხისმგებლო განცხადება გავაკეთო. ციფრებს საფუძვლიანად დათვლის შემდეგ დავასახელებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე სერიოზულ შეღავათს იგრძნობს. ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმული აღარ იქნება.

- როგორ წარმოგიდგენიათ - 2 წლის შემდეგ, ქვეყანაში სოციალური პრობლემები რამდენად გადაჭრილი იქნება?
- საქართველო 2 წელიწადში ვერ გახდება შვეიცარიის დონის ქვეყანა კავკასიაში, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის, გუშინდელი და დღევანდელი სიდუხჭირე დავიწყებული კოშმარი იქნება.