"ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ აფხაზებმა და ოსებმა კარგად იციან, ჩვენ მათ არ მოვატყუებთ. პირადად ჩემ შემთხვევაში კარგად იციან თუ დავინახე, რომ ქართული პოლიტიკა ისევ აგრესიული და მოუთმენელი ხდება, რომელიც პირდაპირ გადის მათი ნების დათრგუნვაზე - ამას ვიტყვი. მათ აქვთ არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მისი გუნდის იმედი. 20 წელია, უკან-უკან მივდივართ, 20 წელია, ვკარგავთ აფხაზებსა და ოსებს. არასდროს დავუმალავ საზოგადოებას არაფერს. ხშირად არაპოპულარული იმიტომ ვარ, რომ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ. ამიტომ არ არსებობს ჩემს მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება. ხალხს ან მოვწონვარ, ან ვძულვარ. ეს მშვენიერი შედეგი და შეფასებაა, რადგან ემოციების გარეშე ჩემ საქმიანობას არავინ უყურებს. ამიტომ არ მაქვს უფლება ვუღალატო მათ, ვისაც ჩემი სჯერა", - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველაფერი, დამოუკიდებლობის გარდა!" / პაატა ზაქარეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩხუბის გაუხმაურებელი დეტალები.
"დიახ, ჩემი ცხოვრებიდან ვერ ამოშლი იმას, რომ ერთ დროს მე, სააკაშვილი და ბარამიძე კარგი მეგობრები ვიყავით, ერთად ვმუშაობდით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ჩემი და ბარამიძის მეგობრობა რაღაც ფორმით გრძელდება, ერთმანეთი ტელეეთერით არასოდეს გაგვიკრიტიკებია. სააკაშვილთან დაპირისპირება კი კარგად მახსოვს, საკრებულოში იყო "ვარდების რევოლუციამდე". მეგობრობა დამთავრდა, თორემ მერე პარტნიორები და თანამებრძოლებიც ვიყავით. 2003 წლის დასაწყისში ვთქვი, არ ვარ დარწმუნებული, რომ გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი მოერევა კორუფციას-მეთქი - ამით დაიწყო ყველაფერი. ასე იმიტომ ვფიქრობდი, ციხეებში არსებული სიტუაცია ვიცოდი. ერთადერთი კაცი ვარ, ვინც სააკაშვილმა ციხეებში წაიყვანა, როდესაც იუსტიციის მინისტრი გახდა. ასე მენდობოდა, საქმიანობაში კი ხელს მისლიდა ოქრუაშვილი და მისი ბიძა, რომელიც იქ მუშაობდა - ხელებს ცუდად აფათურებდნენ ყველაფერში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"არაერთხელ ვუთხარი სააკაშვილს ამის შესახებ, მეუბნებოდა - დამანებე თავი, მჭირდება ოქრუაშვილიო. საბოლოოდ ამის გამო შევასკდით ერთმანეთს. მაშინ ვუთხარი - "შენი მთავარი შეცდომა ოქრუაშვილია-მეთქი" - როცა ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, სააკაშვილმა ჩემი ფრაზა გაიმეორა... ის რაც ხალხმა 2007 წელს დაინახა მასში, მე 2002 წელს უკვე ვიცოდი - ციხეებში მუშაობის წელიწადნახევარი საკმარისი იყო, სააკაშვილის რეალური სახე დამენახა. არ ვამაყობ სააკაშვილთან მეგობრობით - მან ჩემ საქართველოს უღალატა, იმ საქმეს უღალატა, სადაც ერთად ვიყავით. ასე რომ, მე არავისთვის მიღალატია. ამას ვერავინ დამაბრალებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საშინელი, მაგრამ უსუსური ბრალდება და ცილისწამებაა თითქოს ჭირისუფლების ფულს ვართმევდი და ამიტომ შევიტანე სარჩელი სასამართლოში. ასეთი ტყუილები სჩვევიათ. სააკაშვილმა იცრუა უსირცხვილოდ წინასაარჩევნოდ. მაგალითად მაშინ, როცა ბარამიძე წარადგინა ბათუმის მაჟორიტარად და თქვა, რომ ის და ბარამიძე ტყვეებს ცვლიდნენ აფხაზეთში. ბარამიძემ იცის, რომ სააკაშვილის ჩრდილიც არ ყოფილა აფხაზეთში მაგრამ ხმა არ ამოიღო - იმ დღეს ძალიან შემეცოდა ბარამიძე. სააკაშვილი ომის პერიოდში წავიდა ამერიკაში. არასდროს გაგვიმტყუნებია ამის გამო, მაგრამ ჩანს, თვითონ რცხვენია, რომ ომის დროს ამერიკაში სწავლობდა, მე და ბარამიძე კი მართლა ვცვლიდით ტყვეებს. მე ვიყავი წამყვანი ფიგურა. ბარამიძე პარლამენტარი გახლდათ და ხშირად მეხმარებოდა. სააკაშვილიც შემეცოდა იმ დღეს, რადგან იმდენად არაფერი აქვს სათქმელი თავის თავზე , რომ სხვის ბოსტანში გადავიდა.... სასამართლო დავის დროს გავიგებ, საიდან მოდის ეს ცილისწამება. მე ღირსეულად გავიარე ომი და არც ერთ შენიშვნას არ მივიღებ!" - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - "ომის ღირსეულად გავლაში რას გულისხმობთ?" - პასუხობს:
"მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ვმუშაობ და ბევრი სასარგებლო საქმე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ღვთისა და ერის წინაშე, ყველაზე დიდი საქმე მაინც აფხაზეთში გავაკეთე: 300-ზე მეტი ტყვე მყავს გამოყვანილი, 3000-ზე მეტი არასამხედრო პირი, რიგითი მოქალაქე გამოვიყვანე სამშვიდობოზე გუდაუთიდან, გაგრიდან, ლიძავადან, ბიჭვინთიდან. 200-ზე მეტი დაღუპულის ნეშტი მაქვს გადმოსვენებული საკუთარი ხელით. აფხაზები მხოლოდ მე მიშვებდნენ თავის მხარეს. თვალებახვეულს მიმიყვანდნენ გვამთან, თვითონ არ მეკარებოდნენ, მე ვთხრიდი საფლავებს, ტომრებშიც მე ვასვენებდი მიცვალებულებს. 200-ზე მეტ ჭირისუფალს ჩავაბარე მათი ახალგაზრდის ნეშტი. გამოვიდეს ერთი მათგანი და თქვას 1 თეთრი ან მგზავრობის ფული მაინც თუ გამომირთმევია. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო, მაგრამ სასულიერო აკადემიადამთავრებულს, რელიგიურ ადამიანს, რწმენა მეხმარებოდა. რამდენჯერმე სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში. 1993 წლის 5 მაისს გუმისთის გზაზე მეორედ დავიბადე - ჭურვი გვესროლეს და ჩემი ორი თანმხლები ჩემ თვალწინ დაიღუპა, მე გადავრჩი... იცით, რა მაძლებინებდა იმ ახალგაზრდა ბიჭები გვამებს რომ ვთხრიდი საფლავებიდან, რა მაძლევდა ძალას? ამონარიდი ფსალმუნიდან, რომელსაც მუდმივად ვიმეორებდი: "ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე, რამეთუ შენ ჩემთან ხარ". არასდროს მითხოვია უფლისთვის, გადავერჩინე. ყოველთვის ვამბობდი - იყოს ნება შენი...".
"ბევრჯერ გადავრჩი. ისეთ ადგილებში ვიყავი, გახსენებაც არ მინდა. მეტიც - არ მჯერა, რომ იქ ვიყავი. სითათამეც მაძლევდა ძალას - როცა თამამი ხარ, როგორც წესი, ხშირად იმარჯვებ. გარეწრებისა და და ნაძირალების არ უნდა შეგეშინდეს. პოლიტიკაშიც ასეთი ვარ. როგორც წესი, ლაჩრები იფანტებიან, ვერ განადგურებენ. ჩემი უპირატესობა ისაა, რომ ვცდილობ ჩემი ცხოვრების წესი სახარებას შეესაბამებოდეს და თუ მართალი ვარ, ბოლომდე მივდივარ, არაფრის მეშინია! ეს ჩემი ცხოვრების სტილი და კრედოა. ასე ვიქცევი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ასე ვიქცეოდი ომშიც. ასე მოვიქცევი ხელისუფლებაშიც. ჩემი ძალა ისაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მენდობიან და ინფორმაციას მაწვდიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება რეალურად ცოტამ თუ იცის. მე, ერთმა ადამიანმა იმდენი ვიცი, რამდენიც არ იცის უშიშროების საბჭომ თუ სხვადასხვა უწყებამ, ამიტომაცაა, მუდმივად რომ მებრძვიან, ამ ინფორმაციებსა და კონტაქტებს, ცხადია, ჩვენი ქვეყნის სასარგელოს გამოვიყენებ", - განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.