ივანიშვილი ბრიუსელში მიიწვიეს

ივანიშვილი ბრიუსელში მიიწვიეს

"ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს და ამ შეხვედრაზე ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზოს მოწვევაც მიიღო. ივანიშვილის ბრიუსელში მიწვევის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მიაწოდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ივანიშვილი ბრიუსელში მიიწვიეს.

"ბატონმა ფულემ ბატონ ბიძინას გადასცა ოფიციალური მოწვევა ბრიუსელიდან ბაროზოსგან და უახლოეს მომავალში დაიგეგმება ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი", - განაცხადა უსუფაშვილმა , რომლის განმარტებითაც, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი ყველა ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. რა შეეხება უშუალოდ ევროკომისართან ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას, საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებებს შეეხებოდა. "ეს იყო მეოთხე შეხვედრა შტეფან ფულესთან, მაგრამ ამჯერად ბატონი ფულე ჩამობრძანდა იმისთვის, რომ ესაუბრა მომავალ პრემიერ-მინისტრთან. საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში, ასევე დეტალურად განვიხილეთ საკითხები იმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რაც დღეისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს", - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომლის თქმით, დაისახა კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა შტეფან ფულესა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა - თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ბიზნესცენტრში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდტთან და რამდენიმეკაციან დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გარდა ამისა, მათთან ერთად ბიზნესცენტრში მივიდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. შეხვედრას "ქართული ოცნების" მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, თედო ჯაფარიძე და მინისტრობის რამდენიმე კანდიდატიც ესწრებოდნენ. შტეფან ფულეს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს", -დასძენს გამოცემა.

"ევროკომისრის შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების ახალი გუნდი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებას. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება და მასზე სამოქალაქო კონტროლი გაძლიერდება. შტეფან ფულესთან ასევე შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მაია ფანჯიკიძეს. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა საქართველიოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებსა და მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებს მათ დაუდასტურეს სურვლი, რომ დაწყებული საქმეები გაგრძელდება და ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და უწყვეტი, რომლის პრიორიტეტები არის ევროკავშირსა დ ნატოში ინტეგრაცია", - წერს სტატიის ავტორი.

"ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრა არ ყოფილა გაცნობითი ხასიათის, რადგან მათ შორის შეხვედრა ადრეც გამართულა. "ქართული ოცნების" ოფისში შტეფან ფულე სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილსაც შეხვდა. შეხვედრის თემა ანალოგიური იყო და ევროპელმა მაღალი რანგის დიპლომატებმა ახალი ხელისუფლებისგან მიიღეს პირობა, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტირები და კურსი ურყევი და უცვლელია", - დასძენს სტატიის ავტორი.