ევროკავშირი და ნატო საქართველოს გამოცდის ჩაბარებას ულოცავენ

ევროკავშირი და ნატო საქართველოს გამოცდის ჩაბარებას ულოცავენ

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს თანადგომისა და ერთგულების დაპირებებს აძლევენ. ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდტი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბრის დილიდან შეხვედრებს მართავდნენ როგორც მომავალი ხელისუფლების, ასევე ჯერ კიდევ მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგები კი ჟურნალისტებისათვის ორი პრესკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი. უცხოელი მაღალჩინოსნები საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, შეიძლება ითქვას, ერთხმად ულოცავენ და ახალ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობისათვის მზადყოფნას ადასტურებენ.

მოიტოვეს რა უკან განსხვავებები, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება და ჩვენ ამ ნაბიჯს მივესალმებით, განაცხადა შტეფან ფიულემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე:

”ჩვენ ყველას გვესმის, რომ თანაცხოვრება შეიძლება იყოს რთული. დღეს უკვე ვესაუბრე ბატონ ივანიშვილს და ვისაუბრებ საქართველოს პრეზიდენტთანაც. გზა, თუ როგორ მოახერხებენ ისინი ერთად მუშაობას, იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით”, - ამბობს შტეფან ფიულე.

იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირმა და საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვსურს, რომ ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო განვითარდეს, აღნიშნა შტეფან ფიულემ პრესკონფერენციაზე და იქვე კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ახალი ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს. მაღალჩინოსნებმა ევროკავშირიდან კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტ მხარდაჭერას.

 შტეფან ფიულეს პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა თბილისში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. ის თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და დღეს მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავს როგორც ახალი ხელისუფლების, ასევე, მისივე სიტყვებს თუ გავიმეორებთ, მიმავალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბრიფინგი მან მილოცვით გახსნა და ეს მილოცვა მიუძღვნა როგორც ახალ, ასევე მიმავალ ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობას. ჯეიმს აპატურაის სიტყვებით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო გახდა ნორმალური ქვეყანა - ქვეყანა, სადაც ხელისუფლება შეიცვალა საარჩევნო ყუთების საშუალებით. მისივე თქმით, ეს ცვლილება იმ რეფორმების შედეგიცაა, რომლებიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ტესტი, ანუ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ჩაბარებულია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ნატოს? ჯეიმს აპატურაის ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

 ”არჩევნები იყო და არის მნიშვნელოვანი ტესტი ქვეყნისთვის. ამ ტესტის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია. თუმცა ეს პროცესი არ დასრულებულა. ახლა გადაბარების პერიოდი დგას. ეს ის საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს ფრთხილად, ურთიერთპატივისცემით და კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ასეც ხდება. თუმცა ჩვენ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ყურადღებით დავაკვირდებით როგორ მიმდინარეობს გადაბარების პროცესი. ალიანსი სურვილს გამოთქვამს, რომ ესაუბროს ახალ მთავრობას, გაიგოს, რა არის მათი პრიორიტეტები. მაგრამ უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს აუცილებლად მიიყვანს ნატოსთან და საბოლოოდ გააწევრიანებს ნატოში.”

 ნატოს მაღალჩინოსნის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ახალი მთავრობა აკეთებს აქცენტს როგორც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ასევე ნატოში ინტეგრაციაზე. ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ მათთვის მთავარია, კარგი ურთიერთობა იყოს ნატო-საქართველოსა და ასევე ნატო-რუსეთს შორის. ის იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მიმართულებით შეძლებენ ურთიერთობის დამყარებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ პრესკონფერენციის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილა, არის ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელება. როგორც ცნობილია, 2014 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირე ქვეყნების სამხედრო კონტინგენტები ტოვებენ ავღანეთს, თუმცა ავღანეთში რჩებიან შენაერთები, რომლებიც გარკვეულ ტრენინგებს ჩაატარებენ ავღანეთის ჯარისა და პოლიციისათვის. ჯეიმს აპატურაი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა აქვე იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია:

”ჩვენ საქართველო ავღანეთში 2014 წლის მისიის შესრულების გეგმაში ჩავსვით. საქართველო მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ მისიაში, ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული გადაწყვეტილებაა. საქართველო არის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რაიმე დავგეგმოთ საქართველოს გარეშე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გამოთქვამს სურვილს კვლავაც შეიტანოს თავისი წვლილი 2014 წლის მისიაში.”

ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ნატოს მთავარი გზავნილები საქართველოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო ერთგულია ბუქარესტის გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მისივე თქმით, ნატო კვლავაც ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, და ის იქვე ხაზგასმით ამბობს, რომ ეს ერთგულება მხოლოდ ცარიელი რიტორიკა არ არის და რომ კვლავაც გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს.