მალხაზ ოსაძე ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანიის მთავარი ინჟინერი და და, წლების განმავლობაში, მისი ინტერესების ერთადერთი დამცველია _ ოსაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბაჩო ახალაიასთან, ხალვაშის ინტერესებს იცავდა სასამართლოზეც და, რაც მთავარია, ის არის კაცი, რომელსაც დაპატიმრებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის გირაოს თანხა ისე გადაარიცხინეს, რომ მინისტრი მხოლოდ ტელევიზიით ჰყავდა ნანახი. «ქართული სიტყვა» მალხაზ ოსაძეს ესაუბრა:
_ იმ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები, სადაც მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი, ძირითადად უცხოელი ინვესტორები იყვნენ, ქიბარ ხალვაში კი, წილის მხოლოდ 30%-ს ფლობდა. ამ დროს ქიბარი უკვე ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრად ითვლებოდა და, როგორც შემდეგ გავიგე, ოქრუაშვილი და ადეიშვილი მას საადვოკატო ფირმიდან დაუმეგობრდნენ, ანუ ქიბარს მათი იურიდიული ფირმის მომსახურება კომპანია «არტში» დასჭირდა. «ვარდების რევოლუციამდე» ქიბარი მხარს სააკაშვილს უჭერდა და, როგორც ვიცი, მას სერიოზული დახმარებაც გაუწია. ყველას გვეგონა, რომ სააკაშვილს ცხოვრების დასავლური წესი მოჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში მხარს, თურმე, დიქტატორს ვუჭერდით.
_ სააკაშვილსა და ხალვაშს შორის კარგი ურთიერთობა არსებობდა, ვიდრე ოქრუაშვილი პრეზიდენტის გვერდით იდგა? სააკაშვილ-ოქრუაშვილის განხეთქილების შემდეგ, ხალვაში მაინცდამაინც ოქრუაშვილის გვერდით რატომ დადგა?
_ როგორც კი ოქრუაშვილისა და სააკაშვილის ურთიერთობა დაიძაბა, ქიბარს დაუძახეს და უთხრეს, რომ უნდა აერჩია: ან ხელისუფლება, ან ოქრუაშვილი. როგორც შემდეგ ქიბარისგან გავიგე, მას უთქვამს, პოლიტიკა რომ მინდოდეს, მოვიდოდი პოლიტიკაში, მაგრამ ბიზნესმენი ვარ და მომეცით საშუალება, ჩემი საქმე ვაკეთოო. მათი პოლიტიკა ასეთი იყო: ან ჩემი ხარ, ან ჩემი მტერიო. ხალვაშსაც ისე შეხედეს, როგორც მტერს და რახან მტერი იყო, ყველაფერი უნდა წაერთმიათ. წართმევა დაიწყეს «რუსთავი 2»-ით: დაიბარა არველაძემ და უთხრა, ტელევიზია უნდა გადმოგვაბაროო. ქიბარმა მიუგო, ამაში ფული მაქვს გადახდილი და როგორ უნდა გადმოგაბაროთო. იმ საღამოს ერთად ვიყავით, ურეკავენ კანცელარიიდან და ეუბნებიან, რომ სააკაშვილს უნდა მასთან შეხვედრა. მეც გავყევი... როგორც შემდეგ გავიგე, სააკაშვილმა კობა დავარაშვილი დაახვედრა და ქიბარმაც ტელევიზია მას გადააბარა.
_ ამბობთ, ქიბარ ხალვაშს «რუსთვი 2»-ში ფული ჰქონდა გადახდილიო. ხალვაშს ფული კობა დავარაშვილმა თუ გადაუხადა?
_ ქიბარს ეგონა, რომ ფულს გადაუხდიდნენ. ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკებაზე ასე უთქვამთ, მაგრამ დავარაშვილს არაფერი გადაუხდია. ქიბარმა ტელევიზიის დათმობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სხვა კომპანიები შეენარჩუნებინა... მერე ხმა გაავრცელეს, რომ ოქრუაშვილი «არტის» შენობას თითქოს ტანკებით იცავდა, მაგრამ ეს ტყუილი იყო _ «არტს» პამპერსები შემოჰქონდა და ამას უნდოდა ტანკებით დაცვა? სხვათა შორის, ხალვაშის ფირმებში მომუშავე 5 ათასი კაცი დაკითხეს, მაგრამ დანაშაული ვერ ნახეს.
_ ხალვაშს ოქრუაშვილთან მეგობრობა ხომ არ უნანია?
_ ქიბარი საქართველოდან უკვე წასული იყო, ღამის 12 საათზე ბაჩო ახალაიამ რომ დამირეკა და შევხვდი. მითხრა, ქიბარი ჩამოვიდეს, ძალიან გვჭირდება და რაც წაგართვით, დაგიბრუნებთო. საფრანგეთი ითხოვდა, რომ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთი გადაეგზავნათ, მაგრამ არაფერი ჰქონდათ და ქიბარი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მისგან რამე გაეგოთ, მაგრამ ქიბარი ჩამოსვლაზე არ დასთანხმდა. ის შეიძლებოდა დახმარებოდა ვინმეს, როცა უჭირდა, მაგალითად, როგორც კონსტანტინე კუბლაშვილს დაეხმარა, მაგრამ ვინმეს წინააღმდეგ არ წავიდოდა...
_ როგორ დაეხმარა კონსტანტინე კუბლაშვილს?
_ ის დღეს რომ ცოცხალია, ქიბარის დამსახურებაა _ მის მკურნალობაში დიდი ფული გადაიხადა. მან კი, ისე მოაწერა ხელი ქიბარის პატიმრობის გადაწყვეტილებას, რომ ძარღვი არ შესტოკებია.
_ ხალვაშმა, როგორც მახსოვს, გირაოს თანხა ოქრუაშვილს გადაუხადა, არა?
_ ქიბარი დავით კეზერაშვილს შეხვდა და ამ «არაკორუმპირებულმა» ხელისუფლებამ 17 მილიონი მოსთხოვა. შემდეგ იყო ახალაიასთან შეხვედრა, რომელმაც თქვა, მაგათ ბევრი მოითხოვეს, ჩვენ ცოტა გვინდაო. ქიბარი ძალიან სჭირდებოდათ.
_ რატომ?
_ ოქრუაშვილს 10 მილიონი დაუწესეს გირაოს გადასახადი. გირაოს გარეშე ვერ გამოუშვებდნენ. 10 მილიონი ამისთვის უნდა გადაეხადათ, შვიდი კი, «მოეტეხათ». ახალაიას ტელეფონით დაელაპარაკა ქიბარი და უთხრა, რომ მოლაპარაკებას მე გავაგრძელებდი. თავიდან ამბობდნენ, რომ ერთი კომპანიის გარდა, ყველაფერს დაუბრუნებდნენ. მერე, ესეც გადაიფიქრეს და დაწვეს «არტი» და ვინც დაწვა, ისიც ვიცი.
_ ვინ დაწვა?
_ «არტის» შენობა, ბაჩო ახალაიას ბრძანებით, კახა ბუცხრიკიძემ დაწვა. ეს ის კახა ბუცხრიკიძეა, ახლა იმერეთში კენჭს რომ იყრიდა. ის ახალაიას მოადგილე და მისი ბნელი საქმეების შემსრულებელი იყო. შევხვდი ბუცხრიკიძეს ერთ ადგილას და ირონიით მეკითხება, გაიგეთ «არტი» ვინ დაწვაო. შენ-მეთქი, ვუთხარი და არც გაუპროტესტებია, აბა, რა გეგონათო. ყველაფერი კი, პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა იმიტომ, რომ ბაჩო ახალაია მის გარეშე ციხის ფასადს არ ღებავდა და ამას გაბედავდა?
მოკლედ, ოქრუაშვილს არ ვიცნობდი, მხოლოდ ტელევიზიით მყავდა ნანახი და ისე მოხდა, რომ მისი გირაოს ნაწილი მე გადავიხადე.
_ ეს როგორ მოხდა?
_ «ორიგინალური» თავდასხმა მოგვიწყეს. მაშინ ჩვენ გლდანის ციხეს ვაშენებდით. ჰოდა, შემოვიდნენ «მუხებით» შეიარაღებულნი. ვიხუმრე, ექსკავატორი გამორთეთ, თორემ ეგონებათ, შეტევაზე გადავდივართ-მეთქი. მათ ახალაიაც მოჰყვა, რომელიც იმხანად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფი იყო.
_ თავს რა მიზეზით დაგესხნენ?
_ თითქოს თავის დროზე არ ვაბარებდით ობიექტს, რომლის პროექტსაც ყოველ კვირას სცვლიდნენ. სააკაშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაენადგურებინათ ქიბარ ხალვაში და ამოქმედდნენ ბიჭებიც: ჩაყარეს საბუთები და წაიღეს, რაც არ უნდოდათ, ფინანსური პოლიციის ტუალეტში დაყარეს და იქიდან ავკრიფეთ. ამ «ოპერაციაში» 220 ადამიანი მონაწილეობდა.
სამშენებლო ფირმის დირექტორთან, მეტრეველთან ერთად, მეც დამაკავეს. ასევე, დააკავეს «არტის» დირექტორი გოგუა და ქიბარის ძმა, რომელსაც შვიდი წელი მიუსაჯეს, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ იმ «შეთითხნილი აქტების» დროს, ფირმაში არ ვმუშაობდი და გამომიშვეს. დღეს რომ თავისუფალი ვარ, ქიბარს კი, პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, საფრანგეთის მაშინდელი ელჩის, ერიკ ფურნიეს დიდი დამსახურებაა.
ახლა სარჩელს ვამზადებთ და ერთი სული მაქვს, მაშინდელ ფინანსთა მინისტრსა და დავების საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გილაურს შევხვდე, რომელიც ამ საქმეებში იყო გარეული. მახსოვს, მაშინ ვკითხე, არა გრცხვენია, ახალგაზრდა კაცი ხარ-მეთქი. შემომხედა და მიპასუხა, რა ვქნა, ძმაო, სამსახური მაქვს «პროჭული» და ვიქცევი «პროჭივითო».
_ როგორც ვიცი, გორის ბაზაც ჩამოგართვეს, რომელიც ტარიელ ბაკურაძისა და პარლამენტარ გია გოგუაძის ფირმას გადასცეს. მერე ითქვა, ბაკურაძე სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ ქიბარს თავისი წილი ვენაში ფარულად ჩაუტანაო...
_ ბაკურაძეც და გოგუაძეც ნაძირლები არიან. არაფერი გადაუხდიათ, მათ წილში ეჯდათ კეზერაშვილი და როგორც კი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლეს, უარი უთხრეს წილის მიცემაზე. სწორედ ეს გახდა ბაკურაძის დაჭერის მიზეზი და არა ის, რომ ქიბარი შეეცოდა და თავისი წილი მისცა. პირიქით, მათ შეჭამეს ჩვენთვის გადმორიცხული ფული.
_ ამბობთ, რომ საქმე «შეთითხნეს». მაინც, ბრალად რა გედებოდათ?
_ ბრალდება გვედავებოდა, რომ მასალები ხარჯში ორჯერ გვქონდა გატარებული და ხელფასებიც ორ-ორჯერ გაცემული, მაგრამ დღემდე ვერ წარმოადგინეს ვერც მოწმე და ვერც დამამტკიცებელი საბუთი.
_ რას აპირებს ქიბარ ხალვაში?
_ უკვე დავიწყეთ მოძრაობა და ქიბარ ხალვაშს მხოლოდ თავისი ქონების დაბრუნება კი არა, მორალური ზიანის ანაზღაურებაც სურს.
_ ესე იგი, ხალვაში «რუსთავი-2»-ის დაბრუნებასაც მოითხოვს. ამ კომპანიისთვის, მისი ძველი დამფუძნებლები _ დვალი და აქიმიძეც იბრძვიან...…
_ სადმე მოგისმენიათ, რომ «რუსთავი 2»-ში ქიბარს ფული არ ჰქონდეს გადახდილი? ქიბარი მზადაა, ყველასთან იბრძოლოს, ვინც ამ კომპანიაზე პრეტენზიას გამოთქვამს. ასევე, მზადაა, საქართველოში ჩამოვიდეს და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.