ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრმა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" ხელისუფლებისთვის გადაცემაში გიორგი თარგამაძის როლზე ისაუბრა. ექსპერტმა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ყველაფერში გიორგი თარგამაძის როლი ლამაზად არ გამოიყურება, თუმცა მთელ პასუხისმგებლობას მას არ აკისრებს.
"მთელი ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად დამნაშავე ვართ სააკაშვილის რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. რაც შეეხება გიორგი თარგამაძეს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ერთპროცენტიან პარტიებზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. გიორგი თარგამაძის როლი არ გამოიყურება მაინცდამაინც ლამაზად ამ ყველაფერში, თუმცა არ მინდა მას ავკიდო ყველანაირი პასუხისმგებლობა. არ მინდა დავადანაშაულო რაიმე ისეთში, რა ვერსიებიც მასზე არსებობს, მაგრამ როცა ხარ დიდ ბრძოლაში, სისუსტის გამოჩენა, ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა. არხის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია.