"მინისტრთა კაბინეტი, მოგეხსენებათ, გუნდია და მის მუშაობას დიდწილად ლიდერი განსაზღვრავს. თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელ ლიდერს საქმიანი ცხოვრების ძალზე დიდი გამოცდილება აქვს და, რაც მთავარია, ახასიათებს მშვიდი მიზანდასახულება და ნებისყოფა, ახალი მინისტრთა კაბინეტი, ალბათ, ქმედითი იქნება. ცხადია, მისი შემადგენლობა შეიძლება დროდადრო შეიცვალოს, მაგრამ საქმე ნამდვილად აღარ გვექნება მყისიერ და, ხშირად ცუდად გათვლილ საკადრო კარუსელებთან, სრულიად გაუგებარი კანდიდატების წამოყენებასთან თანამდებობაზე, უბრალო ადამიანის ბედისა და საზოგადოებრივი აზრის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასთან და ა.შ.", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ფირალიშვილი: ძნელი წარმოსადგენია, სააკაშვილი ვადაზე ადრე გადადგეს.
"ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული კაბინეტი, რომელიც მეთოდურად და თანამიმდევრულად ივლის თავისი მიზნებისაკენ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ახალი კაბინეტის საქმიანობას: დღევანდელი მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოება უკვე სულ სხვაა, ვიდრე იყო გუშინ. სააკაშვილის ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ იგი ვერა და ვერ გამოვიდა 2003 წლის რეალიებიდან და ვერ იგრძნო, როგორ ვიცვლებოდით ყველანი. ახალი კაბინეტი ამ ახალი საზოგადოების ნაყოფია და დარწმუნებული ვარ, იგი სიტუაციის გაცილებით უფრო ადეკვატური იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.
"ცხადია, ძნელი წარმოსადგენია, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის თბილი ურთიერთობები დამყარდეს. ეს იქნება დაძაბული ურთიერთობა, თუმცა კი იმედი მაქვს, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა უფრო ქმედითი ძალა იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ორივე პოლიტიკური ძალა დღეს უკვე გამადიდებელი შუშის ქვეშ არის. მთელი საზოგადოება ფრთხილად ადევნებს მათ თვალს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს და ამაში იოლად დარწმუნდებით. ჩვენ უკვე შევაბიჯეთ საზოგადოებრივი სიმწიფის იმ ფაზაში, როდესაც საზოგადოება ხელისუფლებისაგანაც და ოპოზიციისაგან მოითხოვს საქმეს, დიალოგს და არა პერმანენტული პიარის რეჟიმს. სასიკეთო ძვრებსაც სწორედ ეს განსაზღვრავს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ძნელი წარმოსადგენია, სააკაშვილი ვადაზე ადრე გადადგეს. მას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი საყრდენები აქვს ადგილებზე და როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, ამ მიმართულებით თავისი პოზიციების გამყარებასაც ცდილობს. ახლა იგი პოლიტიკური რესურსების ისეთი ოპტიმალური განლაგების მოძებნას აპირებს, სამომავლო პერსპექტივას რომ გაუხსნის", - დასძენს ზაზა ფირალიშვილი და შეკითხვას - "წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან, როგორ ფიქრობთ, რა არ უნდა შეიცვალოს?" - პასუხობს:
"ცხადია, არ უნდა შეიცვალოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი და რეფორმებისაკენ სწრაფვა. თუმცა კი წინა ხელისუფლების დროს ერთიცა და მეორეც დაუღვინებელი და ეფექტებს გამოდევნებული მენტალიტეტის მსხვერპლად იქცა. არ შეიძლება რეფორმა არკაში ჩაცუცქული ფანტაზიორისა და მოხულიგნო ბიჭების ხელში ჩავარდეს. არადა, ჩავარდა. როდესაც რეფორმა აბსტრაქტულია და არ ითვალისწინებს იმ კონკრეტულ ისტორიულ გარემოს, რომელშიც უნდა განხორციელდეს, იგი სიკეთეს ვერ მოიტანს და თავად რეფორმის იდეის დისკრედიტირებას ახდენს. ცხრა წლის განმავლობაში ვუცქერდით ცუდად მოფიქრებულ სოციალურ ქირურგიას და ვხედავდით, რომ მისი შედეგი შეუძლებელია კეთილი ყოფილიყო. ერთი შეხედვით კეთილშობილი იდეები სულსწრაფობისა და ზერელობის მსხვერპლად იქცეოდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ახალი ხელისუფლება ამგვარ შეცდომებს არ დაუშვებს".