ივლისიდან ლომბარდებისთვის კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების აღება გაურთულდებათ. გარდა ამისა, შეიძლება მათ საკრედიტო რესურსი მოიძიონ, მაგრამ სესხის გაცემა ვეღარ მოახერხონ, რადგან შემოსავლების დადასტურების პრინციპის ამუშავება ეროვნულ ბანკს ამ ბიზნესშიც სწადია.
პირველი ივლისისთვის ცვლილება შედის „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში. კერძოდ, სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.
რატომ გახდა აუცილებელი ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი რეგულაციის დაწესება? როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ეს არ ნიშნავს რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. დაკრედიტება გადადის ცივილიზებულ სტანდარტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციას სესხის მისაღებად შეეძლება დააგირავოს საკუთარი აქტივები (მაგ. გაცემული სასესხო პორტფელი ან საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება) და არა მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული სხვისი ქონება.
„აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რამეთუ დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
სალომბარდო ბიზნესს სხვა სიახლეც ელის წინ. შესაძლოა შემოსავლების დადასტურების გარეშე სალომბარდე სესხი აღარ გაიცეს. ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებლის გივი კორინთელი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, სესხის გამცემ ყველა სუბიექტს ერთი და იგივე, უნიფიცირებულ წესში მოექცევა ეს იქნება ლომბარდი, ავტოლომბარდი თუ სხვა.
„ეს თავისთავად კარგი არ არის იმიტომ, რომ ბევრი მცირე ზომის ლომბარდი დაიხურება. არც ერთ ქვეყანაში, არსად, ლომბარდი არ მუშაობს ასეთი სქემით, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი ფული. ამისთვის კი კონკრეტულ ნივთს დებენ. ჩვენ თუ რეგულაციის ეფექტს განვიხილავთ, არა მარტო ის ადამიანები დაიჩაგრებიან, ვინც იქ მუშაობენ და შეიძლება რეგულაციების გამო სამსახური დაკარგონ, არამედ ადამიანები, რომლებსაც 200 დოლარის მიღება უნდათ, ოქრო აქვთ და შემოსავლის შესწავლის გარეშე სესხს ვერ აიღებენ. ეს რეგულაცია თუ ნამდვილად დაწესდა, დაზარალებულების უამრავი არმია იქნება.
1000 დოლარზე მეტს თუ იღებს ადამიანი, გასაგებია, შეიძლება შევისწავლოთ მონაცემები იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ, ადამიანი, რომელსაც 50 დოლარი უნდა, მისი შემოსავლის შესწავლა არ მგონია სწორი იყოს. საერთაშორისო გამოცდილებით, არსად არაფერს არ ითხოვენ. იქ არავინ იწყებს იმის გარკვევას შემოსავალი გაქვს თუ არ გაქვს“ - ამბობს კორინთელი.
2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობას 875 მოქმედი ორგანიზაცია ეწეოდა. აქედან, 55,7% - თბილისში, 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6%- სხვა რეგიონებში მუშაობდა. მას შემდეგ ლომბარდების ოდენობა შემცირდა, თუმცა ამ ეტაპზე რამდენი დაწესებულება შემორჩა ბაზარს, დაზუსტებით უცნობია.