დუდაევის დისშვილი ამტკიცებს, რომ ქართველი ექიმი და მეგზური ოფიცერიც ქართულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს

დუდაევის დისშვილი ამტკიცებს, რომ ქართველი ექიმი და მეგზური ოფიცერიც ქართულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს

"რაც სააკაშვილმა და მისმა "კამანდამ" გააკეთა და რაზეც მე გელაპარაკეთ, მხოლოდ დასაწყისია. მე ვაპირებ ყველაფერი ვთქვა ფაქტებითა და მტკიცებულებებით", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დისშვილი უმარ იდიგოვი ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. ლაფანყურის ოპერაციაზე იდიგოვი მანამდე "მე-9 არხს" ელაპარაკა. "რეზონანსთან" საუბრისას ასევე ამბობს, ეს სპეცოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების დადგმული ფარსი იყო მხოლოდ და მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონვე მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე დახოცეს!" / დუდაევის დისშვილი ამტკიცებს, რომ ქართველი ექიმი და მეგზური ოფიცერიც ქართულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს.

"ეს სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებში ამ სპეცოპერაციით პოლიტიკური პიარი გაიკეთა. პანკისი ღარიბი კუთხეა. იქ ელემენტარული არსებობისთვის თითქმის არაფერი არსებობს. ხალხი აქ ძალიან ღარიბულად ცხოვრობს და თავი მხოლოდ სოფლის მეურნეობით გააქვთ. ეს საწყალი ახალგაზრდები ევროპაში მიდიან იმისათვის, რათა არ მოიპარონ, არ იშიმშილონ. ისინი ნამდვილად, ანუ ისტორიულად, ჩეჩნები არიან, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენზე უკეთ იციან ჩეჩნური ენის გრამატიკა. ამ საწყლებს ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას. სპეციალურად ამისათვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. სროლაც აუტეხეს... დაიღუპა 12 კაცი. მათ შორის ექიმი და მეგზური ოფიცერი, რომლებიც მათ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოაყოლეს, თვითონვე მოკლეს, რომ მოწმე არ დარჩენილიყო. მანამდე კი ამ საცოდავებს ადრე, მაისში დაჰპირდნენ ჩეჩნეთში გადაყვანას და აი, რით დამთავრდა ყველაფერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უმარ იდიგოვი.

"არანაირი მოლაპარაკება მძევლების გაცვლის შესახებ არ ყოფილა, ეს იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარი. ამისათვის გაიმეტეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე. არანაირი მოლაპარაკება და კორიდორი არ იყო! დამერწმუნეთ, ყოველივე ამის შესახებ ჩემზე უკეთ არავინ იცის. მე ძალიან ბევრი რამ გამოვცადე საკუთარ თავზე... დიახ, მათ ბაჩო ახალაიამ მისცა იარაღი. ეს ყველაფერი კი, რაც სააკაშვილმა და მისმა "კამანდამ" გააკეთა და რაზეც მე გელაპარაკეთ, მხოლოდ დასაწყისია. მე ვაპირებ ყველაფერი ვთქვა ფაქტებითა და მტკიცებულებებით. თუ ვინ ჩამოიყვანა ისინი ავსტრიიდან, ვინ შეხვდა მათ აეროპორტში, ვინ "დააკვალიანა" - ყველაფერს, ყველაფერს ნათელს მოვფენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამის შესახებ მას ცოტა ინფორმაცია აქვს. ამიტომაც მე მას ყველანაირი ინფორმაცია უკვე მივაწოდე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, შეამოწმონ ყველაფერი - ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, ვინ დარეკა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი... მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა - ვანო პოლიტიკური პიარისთვის ასეთ რამეს არ გააკეთებდა. ბაჩო და დათა ახალაიებმა კი გააკეთეს. მათთვის მნიშნელოვანი მხოლოდ ის იყო, "როგორ დაიცვა სააკაშვილმა ხეობა ტერორისტებისგან" და "როგორ მოიგეს". მათ იფიქრეს, რომ პანკისში ჩვენს ძმებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი დაიფარებოდა და ვერ გამჟღავნდებოდა. აკი ამიტომაც დახოცეს მოწმეები", - ამბობს ჯოხარ დუდაევის დისშვილი და შეკითხვას - "თუმცა დარჩა ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა"... - პასუხობს:

"ახმედ ჩატაევი დაჭრის მერე ტყვედ აიყვანეს. მას სჭირდებოდა სამხედრო ქირურგის დახმარება და ფეხი მოჰკვეთეს, მერე კი ციხის საავადმყოფოში გადამალეს. მას სიარული ისედაც არ შეეძლო. თვითონ მივიდა სამხედროებთან. ახლა ის ისევ ციხის საავადმყოფოშია. სპეციალურად მოაჭრეს ფეხი, რათა ციხის საავადმყოფოში წოლილიყო და არჩევნებამდე არ ალაპარაკებულიყო. როგორც ჩანს, ამ სპეცოპერაციის შემსრულებლები ღმერთმა დასაჯა კიდეც - მათ მიიღეს ცოცხები ციხეში!"

"ვინ გითხრათ, რომ სპეცოპერაციას შეწირული ბიჭების ოჯახის წევრები ჩუმად არიან?! რატომ არ მოდიან პანკისში ჟურნალისტები? მოვიდნენ და ყველა ყველაფერს იტყვის. ადამიანები დახოცეს წინასაარჩევნო პიარისთვის! ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონ მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე დახოცეს! არადა, არავის გაუზრდია შვილი სააკაშვილისა და მისი საარჩევნო პიარისთვის. ჩამოდით! არავინ არ არის ჩუმად. სხვათა შორის, პანკისში "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისას 8 000 ხმა მიიღო, "ნაციონალურმა ოცნებამ" - 19. არადა, სააკაშვილი აქ ყოველთვის ხმების 100%-ს იღებდა... სხვას, ამის მეტს, რაც გითხარით, ვეღარაფერს გეტყვით. დანარჩენს ყველაფერს მალე მთელი საზოგადოება გაიგებს", - დასძენს უმარ იდიგოვი.

"ლაფანყურის სპეცოპერაციამ საზოგადებაში არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა დატოვა. მდინარე ლოპოტას ხეობაში შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა, რომლებიც 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ისინი მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი სპეცრაზმელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 სპეცრაზმელი. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებული იყო, 6 კი ალყაში. ახალგაზრდები, რომლებიც შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ მძევლებად აიყვანა, ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობდნენ. ისინი დუმილს იმით ხსნიდნენ, რომ სამართალდამცავებისგან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ლაპარაკი აკრძალული აქვთ", - აღნიშნავს გამოცემა.