17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, თავის მხრივ, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, ათი დღის ვადაში უნდა მოამზადოს პროგრამა და პრეზიდენტს წარუდგინოს მთავრობის სრული შემადგენლობა. რაც შეეხება ახალ, მერვე მოწვევის, პარლამენტს, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცოს, ის პირველი სხდომის ჩასატარებლად ქუთაისში 21 ოქტომბერს პირველ საათზე (13.00) შეიკრიბება.
საქართველოს პრეზიდენტმა, კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის დათხოვნიდან მეათე დღეს პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი დაასახელა. 17 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სახელით, შესაბამისი განცხადება მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა:
„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შერჩეული იქნა 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. კონსტიტუციის ამავე მუხლის შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატს აქვს 10 დღიანი ვადა, რათა მოხდეს მთავრობის სრული შემადგენლობის წარმოდგენა და მისი წარდგენა ახლად არჩეულ პარლამენტში ნდობის მისაღებად.“
ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, 21 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება. ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან:
„საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.“
თუმცა ის, რომ ახალარჩეული პარლამენტი 21 ოქტომბერს შეიკრიბება, არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები 21 ოქტომბერსვე დაამტკიცებენ ახალ მთავრობას. მოქმედი პარლამენტის საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პირველი სხდომის დღის წესრიგი მკაცრადაა რეგლამენტირებული კანონით. კერძოდ:
„სხდომას ხსნის პრეზიდენტი და შემდეგ სხდომის წაყვანას გადასცემს პარლამენტის უხუცეს წევრს. ამის შემდეგ ხდება ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა 11 წევრის შემადგენლობით და სამანდატო კომისიის არჩევა 17 წევრის შემადგენლობით. კომისიების არჩევის შემდეგ სიტყვით გამოდის ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს მოხსენებას არჩევნების შედეგების შესახებ და სამანდატო კომისია მსჯელობს ამ ინფორმაციის საფუძველზე ახალ პარლამენტში წევრების უფლებამოსილების შესახებ.“
პარლამენტი უფლებამოსილად ჩაითვლება, თუკი უფლებამოსილ დეპუტატთა რაოდენობა შეადგენს სრული შემადგენლობის ორ მესამედს. ამის შემდეგ დეპუტატები დადებენ ფიცს, რომლის ტექსტს ხმამაღლა წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შემდეგ სამანდატო კომისია დაარეგისტრირებს ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს. რაც შეეხება მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას, „ქართული ოცნების“ წევრისა და სამართლის დოქტორის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს შემდეგი ვადები:
„შემდეგ, 10 დღის ვადაში, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მთავრობის შემადგენლობა, მოამზადოს მთავრობის პროგრამა და აქედან სამი დღის ვადაში პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგიენოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად. წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.“
პრეზიდენტი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს მთავრობის ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარუდგენს.
„ჩვენ ამ შემადგენლობას გადავაგზავნით პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დროზე შეიკრიბება, ყველა პროცედურა დროზე იქნება გავლილი (გადადებას აზრი არ აქვს და არც არის სწორი). რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ყველანაირი კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ეს მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მთავრობის წევრობის კანდიდატთა სრული შემადგენლობა, რომელიც 1 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს დაასახელა. ასევე ცნობილია, რომ, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობებს შეითავსებენ.