საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ადვოკატი ლია მუხაშავრია კარგი სახალხო დამცველი იქნება. იმ შემთხვევაში, თუკი “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენად, მართლაც, წარადგინა, რას გააკეთებს და, საერთოდ, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? _ ამ თემებზე “ქართული სიტყვა” ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” აღმასრულებელ დირექტორს, უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
_ ქალბატონო ლია, არსებობს მოსაზრება, რომ ,,ნაცმოძრაობა” რევანშისთვის ემზადება და ექვს თვეში ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. საამისოდ იურიდიული საფუძველი არსებობს?
_ ,,ნაცმოძრაობა” ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ უმრავლესობით საკანონმდებლო ორგანოში ვეღარასოდეს მოვა, თუმცა, გუშინ პოლიტიკის სათავეში მყოფი ადამიანები დღეს ოპოზიციაში აღმოჩნდნენ და ისინი საშუალებას არ მისცემენ, რომ უმრავლესობამ ყურადღება მოადუნოს. ამ პროცესით კი, ხალხი სარგებელს ნამდვილად ნახავს.
_ ზოგი იმასაც ამბობს, რომ ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, ვერავინ ვერაფერს შეცვლის. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ახალ-ახალ “სიურპრიზებს” გვიწყობს. ასე, მაგალითად, გიგი უგულავამ ქალაქის უსაფრთხოების სამსახური შექმნა.
_ ამ ამბავს ცოტა სხვანაირად შევხედე, ანუ უგულავასა და, საერთოდ, ამ კლანს კარგად ესმის, რომ მის ქონებას დაცვა სჭირდება. ეს ხალხი უძრავ ქონებას ჩემოდანში ვერ ჩაალაგებს. ვისაც ჩასალაგებელი ჰქონდა, უკვე მოასწრო _ ჩაალაგა და გაიქცა. უძრავ ქონებას კი, მფლობელები იოლად ვერ დათმობენ. პარალელურად, დაიწყო პროცესი _ დევნილები შენობებს იკავებენ, რაც მათთვის აშკარად საშიშია.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, თუ დევნილი, სახელმწიფო, ან კერძო მესაკუთრის შენობას დაიკავებს, შეიძლება, სასამართლოს წესით გამოასახლონ, მაგრამ თუ ეს ქონება უგულავას ან ,,ნაცმოძრაობის” რომელიმე წევრის საკუთრება იქნება, დიდი ალბათობაა, რომ ეს ქონება დაკარგონ. სწორედ საკუთარი ქონების დასაცავად ქმნიან ამ რაზმებს. შეიძლება, დასაცავი სახლი, ან აგარაკი არ იყოს, მაგრამ მათ საკუთრებაში თბილისის ტერიტორიაზე უამრავი უძრავი ქონებაა...
_ “თბილისის პოლიციის” შექმნა მოწმობს თუ არა, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა?
_ არა, მით უფრო, რომ მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა და პრეზიდენტს გადასცა. მართალია, სასამართლო და კონსტიტუციური ბერკეტები პრეზიდენტის ხელშია, მაგრამ სააკაშვილი დემოკრატიული და კანონმორჩილი მმართველის როლს თამაშობს და არ უნდა, რომ ხალხის რისხვა დაიმსახუროს, მაგრამ თუკი ის გააფთრებული, აგრესიული და საკუთარი ინტერესების დამცველი გახდება, კონსტიტუციურად, ,,ქართული ოცნება” ვერაფერს დააკლებს. გარკვეულ წრეებში იყო საუბარი, რომ ,,ოცნებას” მოუწევს ბარტყი გადაუგდოს მელას, რომელსაც ხელეჩოც აქვს და წალდუნაც, რათა ძველმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ დააზიანოს, მაგრამ პროცესი სწორად მიდის: სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები რაღაც გარკვეულ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ, შეასრულებენ. მაგალითად, მან განკარგულებები გასცა, დანიშნა გუბერნატორი, გენშტაბის უფროსი, ქონების მართვა ხელში აიღო და ელოდება, ხომ არ გაუუქმებს “ოცნება” ამ გადაწყვეტილებებს... დაპირისპირების შემთხვევაში, შეიძლება ორხელისუფლებიანობა დაიწყოს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ასეთ შემთხვევაში ,,ნაციონალები” გაიქცევიან საკონსტიტუციო სასამართლოში და პროცესს მოიგებენ. ამიტომ, უმჯობესია, დაველოდოთ, სანამ საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება. პოლიტიკაში ახლადმოსულ ძალასაც კარგად ესმის, რომ საზოგადოებას არ სურს სამოქალაქო ომი, უნდა სტაბილურობა, წინსვლა, პროგრესი, მშვიდობა. ამიტომ, ახალი პოლიტიკოსები ხალხის აზრს უფრთხილდებიან და ამით მეტი სარგებელი, ისევ და ისევ, ხალხს აქვს.
_ არჩევნებში ახალი ძალის გამარჯვების შემდეგ, საზოგადოება მყისიერ ცვლილებებს ელოდება, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების კუთხით...
_ მეგონა, 2 ოქტომბერს გამოვიძინებდი, მაგრამ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. პატიმრის დედა მირეკავდა, საბუთები მზად მაქვს და როდის შეიტანთ სასამართლოშიო, ანუ ასეთი საზოგადოებრივი მზაობა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მედიამ სწორი მიმართულება აირჩია და ამ საკითხებში გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის მეც, მოგვცა აზრის გამოთქმის საშუალება, ხალხი დაშოშმინდა. ეს იყო ძალიან სწრაფი ადეკვატური რეაქცია. საზოგადოება გაცილებით შეგნებულია და კარგად ესმის ეს საკითხები. არსებობდა მოლოდინი, რომ 2 ოქტომბერს პენსია გაორმაგდებოდა, დენისა და ნაგვის გადასახადი განცალკევდებოდა, მაგრამ ეს მოუთმენლობა უმართავ პროცესებში არ გადაიზრდება. ვიცი, რომ თვით გურულებსაც აღარ უნდათ რევოლუცია. მოსახლეობამ სტაბილურობის ფასი კარგად იცის და ვინმეს უფლებას არ მისცემს, ეს ძვირფასი მონაპოვარი გათელოს.
_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სააკაშვილის გარემოცვის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში, ანუ ვიდრე კუბლაშვილს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება, კვლავ “ნაციონალების” წნეხის ქვეშ იქნება...
_ სასამართლოსთან მიმართებაში ახალი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი. როცა მოვლენებს ორი წლის წინ ვაკვირდებოდი, მქონდა შეხვედრები იმ მოსამართლეებთან, რომლებიც თავად ხელისუფლებამ დაითხოვა, რადგან მათ დაკვეთებს არ ასრულებდნენ. ამ ადამიანებს პირდაპირ ვეკითხებოდი, იქნებოდნენ თუ არა თანახმა, კვლავ შედგომოდნენ საქმეს და ყველა თანხმობას აცხადებდა. მოსამართლე იმდენი არ გვყავს, რომ საქმე ასარჩევად გვქონდეს. იმასაც დრო სჭირდება, რომ საზოგადოებამ იგრძნოს, სამართალმა იზეიმაო. საზოგადოებისგან პროგრესი და პოზიტივი მოდის და პოლიტიკოსებმა, პირველ რიგში, ეს უნდა დააფასონ.
ისე, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია. ხალხმა გაიგო, თუ რას ნიშნავს ,,ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს.” იქ, სადაც საზოგადოებამ ირწმუნა, რომ არჩევნების გზით შეიძლება, მოიშოროს საძულველი ხელისუფლება, ამ შესაძლებლობაზე უარს აღარასოდეს იტყვის!
_ საზოგადოების ნაწილი ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვს...
_ პატიმართა რეპრესირებულებად გამოცხადებას და მათი საქმეების გადასინჯვას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება. ადამიანებს არ ეყოფათ მოთმინება. ამიტომ, ჩემი აზრით, პატიმართა 90% უნდა გათავისუფლდეს და მათი საქმეების გადასინჯვა ეტაპობრივად დაიწყოს. არჩევნებამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ ეპოქაში ვცხოვრობდი, რაც ქართულ ფილმ “მონანიებაშია” აღწერილი, ანუ საქართველო და 1937 წელი. განსხვავება მხოლოდ კომუნიკაციაში იყო _ ახლა ფაქსით, ინტერნეტით შეიძლება მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ სამართალი ირღვევა ქვეყანაში. არ მჯერა, რომ რეპრესიების შედეგები შეიძლება, კომისიებით აღმოიფხვრას, ეს მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება და ამ პროცესისთვის აუცილებელია სამართლიანი მართლმსაჯულება და არა _ ჯიბის მოსამართლეები.
_ კი ბატონო, მაგრამ მოსამართლეები 7 წლით არიან არჩეულნი...
_ ეს ისეთი მშიშარა ხალხია, რომ თვითონ მოიხსნიან უფლებამოსილებას. ერთია, როგორ მოხდება ეს ცვლილება, მეორეა, რამდენად უკეთესი სასამართლო შეიქმნება. მედიამ და საზოგადოებამ ამ მიმართულებით ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
_ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 2 ათასი საჩივარია შეტანილი. ასრულებს თუ არა სახელმწიფო იმ ვალდებულებებს, რასაც ევროსასამართლო აკისრებს?
_ 2 ათასი სარჩელი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ აქედან ყველაზე გახმაურებული გირგვლიანის საქმეა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი გვარწმუნებდა, ევროსასამართლოს საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ საქმის გამოძიება არ დაუვალებიაო. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში იმატა ევროსასამართლოში საქართველოდან საჩივრებმა, მაგრამ ისე გაიწელა საქმეები, რომ მოქალაქეებს მთლად ოპტიმისტური შეხედულება აღარ აქვთ ევროსასამართლოზე. ისე, რაოდენ დამამცირებელია, რომ საკუთარ ქვეყანაში ვერ პოულობ სამართალს, ქართულ ენაზე ვერ ასაბუთებ შენს სიმართლეს და იქ კი, დროის მცირე მონაკვეთში, ინგლისურ, ან ფრანგულ ენაზე კითხულობ საქმის დეტალებს და უცებ იგებენ ყველაფერს.
_ ევროსასამართლოს განჩინების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყნის წინააღმდეგ რამე სადამსჯელო ღონისძიება ტარდება?
_ სტრასბურგში თვალისმომჭრელი ანგარიშები მიდიოდა, ან ჩადიოდნენ და ჩიოდნენ, ვერ ვასწრებთო. აღსრულების გადავადების მოპოვება ძნელი არაა და ასე ჭიანურდება საბოლოო განაჩენის აღსრულება. სათაკილოს ვერაფერს ვხედავ, რომ სამართალმემკვიდრე ახალმა ხელისუფლებამ ის კომპენსაცია გადაიხადოს, რასაც ევროსასამართლო ჩვენს ბიუჯეტს დააკისრებს. ამიტომ, უნდა შემოვიღოთ ახალი კანონი: თუ სტრასბურგში გამოდის გადაწყვეტილება, რომ ვიღაცას სახელმწიფომ დაურღვია და შეულახა ფუნდამენტური ადამიანური უფლებები და ამის გამო მიეკუთვნა კომპენსაცია, გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად რომელი სახელმწიფო მოხელის უსამართლო ქმედებას მოჰყვა ასეთი კანონდარღვევა, თუ საჭირო იქნება, ამ საჯარო მოხელეს სისხლის სამართლის ან სხვა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს და დაზარალებულს კომპენსაციაც გადაუხადოს. გარწმუნებთ, ასეთი პროცესების განვითარების შემდეგ, ყველა მოხელე ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდება თავის მოვალეობას.
_ ქალბატონო ლია, უკანონოდ წართმეულ ქონებას რა ეშველება, კანონიერმა მფლობელებმა როგორ უნდა დაიბრუნონ?
_ არც ეს საკითხია იოლი. თუ ქონება ჯერაც კერძო საკუთრებაშია, ანუ ადამიანმა რამდენიმეჯერ, ასე ვთქვათ, გადაყიდვის შემდეგ იყიდა, მაშინ დაზარალებული კეთილსინდისიერი მყიდველი აღმოჩნდება, რომელსაც უფლება აქვს, კომპენსაცია მოითხოვოს, მაგრამ ასეთი საქმეები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ შეიძლება, ბიუჯეტი გაცამტვერდეს, რეაბილიტაცია კი, კომპენსაციის გარეშე არ შეიძლება. არის ვერსია მოფიქრებული: ამ ადამიანებს, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, მიეცეთ საპრივატიზაციო ქონება, უძრავი ან მოძრავი ქონების სახით. გავიხსენოთ წყნეთის მიწების ამბავი _ მოქალაქეებს ჯერ დაუკანონეს მიწა საკუთრებაში, ორი თვის შემდეგ კი, წყნეთის მიწების მფლობელები დამწკრივდნენ და სახელმწიფოს ქონება უკან ისე დაუბრუნეს, რომ რეგისტრაციის ფულიც თვითონ გადაიხადეს. აქ თვითონ გარიგების არსი იყო უკანონო.
_ ბოლოს, ქალბატონო ლია, სახალხო დამცველის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურაც განიხილება. თუკი ომბუდსმენად, მართლაც, აგირჩიეს, ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას რითი დაიწყებთ?
_ სახალხო დამცველი ყველაზე დიდი უფლებადამცველია, მისი საქმიანობა დაცულია და რეგულირდება ორგანული კანონით, რომელშიც საკმარისი გარანტიებია ჩადებული, რომ ის სრულად დაცული იყოს და ჰქონდეს უზომო შესაძლებლობები, რომ თავისი დანიშნულება განახორციელოს. დავიწყებ ყველაზე ცხელი საქმეებით _ ციხის პატიმართა სკანდალური წამების ფაქტებით. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მიდის გამოძიება, რა არის გაკეთებული. მართლმსაჯულების ცვლილებათა პაკეტი შესაძლებლობას მოგვცემს, უფლებათა დაცვა, ან დარღვეულის აღდგენა იყოს ეფექტური. ვიბრძოლებ, რომ ევროსასამართლოს აღსრულება შესრულდეს. ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, სამწუხაროდ, აქცენტი არ ყოფილა წინა დამცველის მუშაობის დროს. თუ ყველაფერი ეს მოგვარდება, მერე, ასე ვთქვათ, შემოდის ახალი სფერო _ შრომითი კანონმდებლობა, შრომის უფლების დარღვევა, საგადასახადო კოდექსი, ბიზნესურთიერთობები... ბევრი რამე, რაც აქამდე უყურადღებოდ იყო. 25 წელია, ადვოკატი და უფლებადამცველი ვარ. 2001-2005 წლებში მომხმარებელთა უფლებების დამცველი ვიყავი კომუნიკაციების სფეროში. 2005-2007 წლებში ,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” დაარსებაში მივიღე მონაწილეობა და სამართლის სკოლის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გახლდით. 2002 წლიდან კი, დღემდე ევროსასამართლოს საქმეებზე ვმუშაობ. ასე რომ, ჩემთვის ეს ყველაზე ხანგრძლივი და გამოცდილი სფეროა.