"დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ჰყავს. ეს არის სამხედრო წარმონაქმნი, რომელიც აღლუმის გასამართავად თუ გამოდგება, იგი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერ უზრუნველყოფს. საერთაშორისო მისიებში ქართული ქვედანაყოფები ღირსეულად რომ წარმოჩნდებიან, ეს ჯარის ქვედა რგოლის დამსახურებაა, ამასთანავე, იქ ქართველი მებრძოლები სხვა სახელმწიფოების სარდლობის ხელმძღვანელობით იბრძვიან. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების ზედა რგოლს, სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც გეგმავს და წარმართავს პროცესებს, რბილად რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში არაკომპეტენტურად მოქმედებდა", - აცხადებს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ქირურგი, გენერალთა კლუბთან არსებული ოფიცერთა ორდენის წევრი ლაშა ქოიავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილის გუნდი ისევ შტაბობანას თამაშობს" / "ქართული ჯარის ჩამოშლა გია ბარამიძის მინისტრობისას დაიწყო".
"ნაცმოძრაობა, სააკაშვილის გუნდი, ისევ შტაბობანას თამაშობს, ეს იგივეა, უელმავლო მატარებელში ფარდები ჩამოუშვა და აჯანჯღარო წინსვლის იმიტაციის შესაქმნელად. გიორგი კალანდაძე იყო ახალგაზრდა კაცი, რომლისგანაც შესაძლოა, კარგი ოფიცერი გამოსულიყო. შემდეგ კი უფროსმა ლეიტენანტმა კალანდაძემ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. ოთხ წელიწადში გენერალი რომ გახდები, ნახტომ-ნახტომ გაივლი ბრიგადის მეთაურობას, სარდლობას, ბოლოს კი გენშტაბის უფროსად დაინიშნები, აქ პროფესიონალიზმზე, ღირსებაზე ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ, კარგად ისწავლა ფარისევლობა, არადა, ღირსეული ოფიცერი ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს და არა მმართველ გუნდს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჯარში დაწინაურება ერთი ნიშნით ხდებოდა - იყავი თუ არა ლოიალური მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ქოიავა.
"შეიარაღებული ძალებიდან პროფესიული კადრების ჩამოშორების პროცესი გიორგი ბარამიძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. 2004 წელს საველე ჰოსპიტალის მეთაური ვიყავი, როცა სამინისტროში გადამიყვანეს, სადაც ამერიკელების მოთხოვნით ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი შეიქმნა. პირადი შემადგენლობის საკითხებზე ვმუშაობდით. მოულოდნელად მოვიდა დადგენილება 2000 ოფიცრის ჯარიდან დათხოვნის თაობაზე. ჩვენში ხშირად აპელირებენ, - ამერიკელებმა მოითხოვესო, არადა, ჯარის დასუსტებას არავინ მოგთხოვს. პირიქით, უცხოელები, მათ შორის ინგლისელები, გვაფრთხილებდნენ, ამდენი ოფიცრის გაშვება სირთულეებს შეგიქმნითო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ოფიცრის, მით უმეტეს უფროსი ოფიცრის მომზადება ძალიან რთული პროცესია, წლები სჭირდება. ამასთანავე, ქართველი ოფიცრების ნაწილს რუსეთში, უკრაინაში აქვს განათლება მიღებული, ნაწილს - ჩინეთში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა თუ იტალიაში; ანუ ჩვენ მივიღეთ ოფიცრების უნიკალური კონგლომერატი, ნაზავი. დღეს დაპირისპირებული ორი სამხედრო-პოლიტიკური ბანაკიდან - ნატოს ბლოკი და რუსეთი - ქართველი ოფიცრები ორივეს სამხედრო დოქტრინას კარგად ვიცნობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს. ესენი კი დაერივნენ და გაყარეს თითქმის ყველა, ვისაც რუსეთსა თუ ნატოს წევრ ქვეყნებში ჰქონდა განათლება მიღებული. ამ პროცესმა, რომელიც გია ბარამიძის დროს დაიწყო, პიკს ოქრუაშვილის მინისტრობისას მიაღწია. ასე დაიწყო ქართული ჯარის ჩამოშლა. მეორე სავალალო ნაბიჯი შეიარაღებულ ძალებში პოლიციელების გადმოყვანა იყო, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდებები სამხედრო წოდებებად გადაუკეთეს და თანამდებობებზე დასვეს. ჯარში გაჩნდა გაურკვეველი წარმონაქმნი - რეპრესიული აპარატი", - განმარტავს ოფიცერთა ორდენის წევრი.
"ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ოფიცრები ერთმანეთს თავისუფლად ვერ ელაპარაკებოდნენ, სამხედრო ნაწილებში შიშმა დაისადგურა. ნაცმოძრაობის დამოკიდებულება ქართული ჯარისადმი არაფრით განსხვავდებოდა 1920-იანი წლების ბოლშევიკური აზროვნებისაგან: თავისუფალი აზროვნების ამოსაძირკვად ძერჟინსკის მეთოდები დანერგეს, მესაჭე პარტიის, მისი ბელადის საწინააღმდეგო თავში რომ არაფერი გაევლოთ. ეს სისტემა სრულყო ბაჩო ახალაიამ, სწორედ მან შექმნა სადამსჯელო აპარატი, ტოტალური შიშისა და დასმენის გარემო, როცა ორი ოფიცრის ერთად დგომა და საუბარიც კი საშიში იყო", - აცხადებს ლაშა ქოიავა და შეკითხვას - "რამ გამოიწვია აგვისტოს ომის დროს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური მარცხი?" - პასუხობს:
"ომი მხოლოდ ავტომატური იარაღის ჯერი არ არის, მისი შემადგენელი კომპონენტებია: პროპაგანდა, ეკონომიკა, ინფორმაციის მოძიება, დაპირისპირება, ბრძოლა, შეტაკება. რუსეთ-საქართველოს ომი 1801 წელს დაიწყო, ამიტომ კითხვა ასე უნდა დაისვას: ვინ გასცა სროლის ბრძანება 2008 წლის აგვისტოში? რა პროცესები უძღოდა წინ ამ ტრაგიკომედიას? ეს იყო რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს "მშვიდობისკენ იძულებისთვის", ეს ტერმინი მათ ამერიკელებისგან ისესხეს. მაგრამ ამ სპეცოპერაციის დაწყების საბაბი მას სააკაშვილმა მისცა თავისი წინდაუხედავი ნაბიჯით - ეს სპეცოპერაცია, რეალურად, 2004 წლის ივნისში დაიწყო, როცა ერგნეთის ბაზრობა დაარბიეს და დახურეს..."
"ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდიდან მოყოლებული დავით კეზერაშვილის მინისტრობის ჩათვლით, ჯარში გადაწყვეტილებას იღებდა ნაცმოძრაობის პოლიტბიუროსთან დაახლოებული ყველა პირი, ვისაც არ ეზარებოდა, სამხედროების გარდა! თუ ამ გაბატონებული პრაქტიკის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდი, უკეთეს შემთხვევაში თავისუფალი იყავი ჯარიდან, უარეს შემთხვევაში კი სამშობლოს მოღალატის იარლიყით ციხეში ჩაგსვამდნენ. ცხადია, ამ ომის დროს არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, მეტიც, გაიცა დანაშაულებრივი ბრძანებები. კეზერაშვილმა ზნაური-ჯავის მიმართულებით შეტევაზე გადასული მე-4 ბრიგადა ცხინვალისკენ შემოაბრუნა, რაც ძირშივე არასწორი გადაწყვეტილება იყო. მეორე ბრიგადა სენაკიდან ცხინვალში გადაისროლა და ამით მოაშიშვლა ტერიტორია ენგურიდან დაწყებული გორამდე. რუსი სამხედროები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოძრაობდნენ დასავლეთ საქართველოში და მხოლოდ მათ ნებაზე იყო დამოკიდებული, როგორ განვითარდებოდა იქ მოვლენები..." - მიიჩნევს ლაშა ქოიავა.
"აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, მინისტრი ჯერ კიდევ დავით კეზერაშვილი იყო. ყველგან დაუფარავად ვამბობდი, ამ კატასტროფულ მარცხში გადამწყვეტი როლი სწორედ კეზერაშვილმა, გენშტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა შეასრულეს-მეთქი. ამის შემდეგ დავით კეზერაშვილმა დამიბარა და მომთხოვა, შეიარაღებული ძალებიდან წავსულიყავი. პატაკის დაწერაზე უარი ვუთხარი და 2008 წლის 3 სექტემბერს გასცა განკარგულება, დაეწერათ ბრძანება ჩემი გათავისუფლების თაობაზე. სხვათა შორის, ზოგიერთი დღემდე მეკითხება: რა გალაპარაკებდაო? დღეს, როცა ქვეყანაში ცვლილებები იწყება, ჯარის რეფორმა აუცილებელია და ვიმედოვნებთ, შეიარაღებულ ძალებს გამოცდილი, განათლებული კადრები დაუბრუნდებიან, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერალიტეტს მიეცემა საშუალება ემსახუროს თავის ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას", - მიიჩნევს ოფიცერთა ორდენის წევრი.
"ამასთანავე, გამოძიებული იქნება არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის მუხროვანის აჯანყება, რადგან სამხედროებმა ვიცით, სატანკო ბატალიონის ამბოხი, დაქოქილი ტანკების (როგორც მაშინ გვარწმუნებდნენ) უკან შებრუნება არცთუ იოლია; ამგვარი არგუმენტებით მხოლოდ ღრუბელ-ღრუბელ მფრინავმა პრეზიდენტმა შეიძლება იჟონგლიოროს, რომელიც იმასაც გვიმტკიცებდა, სამხრეთ საქართველოსკენ დაძრული რუსული ჯარი ორმა პოლიციელმა შეაჩერაო..." - დასძენს ლაშა ქოიავა.