თინა კანდელაკი:

თინა კანდელაკი: "ძალიან მალე ყველაფერი ამოტივტივდება და იმდენი რამ გაირკვევა სააკაშვილის ინტიმურ ურთიერთობებზე, რომ მე მონაგონი ვიქნები..."

"უზომოდ კმაყოფილი ვარ, რადგან მე ვიყავი პირველი ქართველი რუსეთში, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდა. რაღა თქმა უნდა, მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ ბედნიერი ვარ. სააკაშვილმა თავისი ახირებებით საქართველო ქვესკნელში ჩაიყვანა. ქართველ ხალხს მილიარდობით ვალი აჰკიდა, ქვეყანაში ვერც ინვესტიციები მოიზიდა, მძიმე ვითარება რომ გამოესწორებინა. მართალია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოსთვის ეფექტიანი მენეჯერი იქნება. მთავარია, ჭკვიანი პარტნიორები ამოიყენოს მხარში და ეკონომიკა ააღორძინოს", - აცხადებს მოსკოვში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი გაზეთ "ყველა სიახლისათვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ გაირბინა შავმა კატამ თინა კანდელაკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის / "ძალიან მალე ყველაფერი ამოტივტივდება და იმდენი რამ გაირკვევა სააკაშვილის ინტიმურ ურთიერთობებზე, რომ მე მონაგონი ვიქნები..."

"კი, სააკაშვილმა კარგი რაღაცებიც გააკეთა - გზები შეაკეთა, სახლები შეღება, პოლიციის გამჭვირვალე შენობებიც კარგად მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქართველ ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები და ნორმალური ანაზღაურება. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ოჯახი გამოკვებოს, ბავშვებს განათლება მისცეს, იმოგზაუროს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა კანდელაკი და შეკითხვას - "თინა, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, რომ სააკაშვილმა ინტიმური ურთიერთობა შემოგთავაზა, რაზეც უარი განუცხადე. ამის შემდეგ წარმოიშვა თქვენ შორის კონფლიქტი" - პასუხობს:

"მესმის, სააკაშვილის ეპოქა დასრულდა და ჩვენ შორის მომხდარი ყველას დაწვრილებით აინტერესებს... რა თქმა უნდა, უთანხმოება მხოლოდ ამის ბრალი არ ყოფილა. როდესაც დავინახე, რომ სააკაშვილს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავდა და ამის შესახებ საჯაროდ ავლაპარაკდი, ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა, თორემ რა შემომთავაზა და რაზე ვუთხარი უარი, მეორეხარისხოვანია. ძალიან მალე ყველაფერი ამოტივტივდება და იმდენი რამ გაირკვევა სააკაშვილის ინტიმურ ურთიერთობებზე, რომ მე მონაგონი ვიქნები!"

"ჯერ კიდევ როდის ვთქვი, თუ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მიხეილ ნიკალაევიჩი თავის კარიერას დაასრულებს-მეთქი, რაც რუსმა ე.წ. ლიბერალმა ჟურნალისტებმა არ დაიჯერეს, რადგან სააკაშვილი ძალიან უყვართ. მოგეხსენებათ, მათ ხშირად იწვევდა საქართველოში და კარგადაც "აგულავებდა"... და კიდევ იმის გამო, რომ სააკაშვილთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს, მის მიერ მართული ტელეარხები ჩემ შესახებ ყოველთვის უარყოფით ინფორმაციას ავრცელებდნენ, ჩემს ნათქვამს ამახინჯებდნენ. სააკაშვილს სურს, შემიქმნას იმიჯი, რომ უამრავ ოლიგარქ მამაკაცთან მაქვს ურთიერთობა და ძირითადად ამ "საქმით" ვარ დაკავებული. არადა, ამ სისულელეების არავის სჯერა, ყველამ კარგად იცის, რომ მაქვს უზარმაზარი, რუსეთში ცნობილი საკომუნიკაციო კომპანია და პარალელურად სხვადასხვა კომპანიასთანაც ვთანამშრომლობ... "ჩემი რესტორანი "თინათინიც" ძალიან პოპულარულია მოსკოვში. სამწუხაროდ, ისეთი დაკავებული ვარ, რომ ჩემს რესტორანს დიდ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რუსმა ჟურნალისტებმა არ იციან, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან იმხანად, როცა ბატონი ბიძინა რუსეთიდან წავიდა, დღევანდელი ჟურნალისტები კარიერას იწყებდნენ. სააკაშვილი, მიუხედავად პუტინთან ცუდი ურთიერთობისა, დიდძალ ფულს ხარჯავდა, რუსულ მედიას, რუს ჟურნალისტებს მისთვის თეთრი პიარი რომ აეგორებინათ. ამიტომაც მეუბნებიან რუსი ჟურნალისტები, ივანიშვილს რა უნდა, ქართველი ერის წინამძღოლი მიხეილ სააკაშვილიაო. მე კი წლების განმავლობაში გავკიოდი, ქართველი ერის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წინამძღოლია-მეთქი. ამიტომაც მინდა, "ყველა სიახლის" ფურცლებიდან მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, თუ მომცემთ საშუალებას, როდესაც საქართველოში ჩამოვალ, ვრცელ ინტერვიუს ჩავწერ თქვენთან. ეს აუცილებელია, რადგან რუსეთში ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ქართველი ერის ლიდერია და რაც მთავარია, თუ რუსეთიდან ვინმემ ინტერვიუ უნდა ჩაწეროს ივანიშვილთან, ალბათ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ჟურნალისტი მე, თინა კანდელაკი უნდა ვიყო", - ამბობს თინა კანდელაკი.

"დღეს საზოგადოებრიობა ისეთ საინფორმაციო ველში ცხოვრობს, არაფერი იმალება. ისევე როგორც არ დაიმალა სილვიო ბერლუსკონის, ბუშის და სხვა პირველი პირების სასიყვარულო ისტორიები, თუმცა ამის გამჟღავნებას მათთვის ხელი არ შეუშლია, პოლიტიკური მოღვაწეობა განეგრძოთ, სააკაშვილისა კი რა მოგახსენოთ... მართალია, ქართველები ტემპერამენტიანები ვართ და ეს ყველა ქართველი ვაჟკაცისთვის დამახასიათებელია, მაგრამ, რასაც სააკაშვილი ქალებთან ურთიერთობისთვის აკეთებს, ამას ვაჟკაცობა არ ჰქვია... მე ავდექი და, მის მიერ შემოთავაზებული სისულელე გაგიმჟღავნეთ (მის განვრცობას საჭიროდ აღარ მივიჩნევ), ძალიან მალე კი უამრავი ქართველი გოგონა აიმაღლებს ხმას და მოჰყვება მსგავს ამბებს. დიახ, ვიღაცამ, ისევე როგორც მე, უარი უთხრა ინტიმურ ურთიერთობაზე, ვიღაც დათანხმდა. მაგრამ სააკაშვილს რამდენი ქალიც უნდა ჰყოლოდა, ვერასდროს იქნებოდა ისეთი მამაკაცი, როგორიც ქალებს მოსწონს. მიმაჩნია, რომ მამაკაცმა ქალი არა ფულით და თანამდებობით, არამედ ვაჟკაცობითა და ადამიანობით უნდა მოხიბლოს. ხოლო თუ ქალს რაღაცის სანაცვლოდ ფულს შესთავაზებ და ისიც დაგთანხმდება, ეს ქალის მოხიბვლას არ ნიშნავს..", - განმარტავს ტელეწამყვანი

"უბედურია ქალი, რომელიც შეყვარებული არ არის! - პირადი ცხოვრება ყოველთვის მაქვს, მაგრამ ვცდილობ, არ გავხადო საჯარო. ჯერჯერობით გათხოვებას არ ვაპირებ, რადგან ძალიან დაკავებული ვარ. შვილები ძალიან კარგად არიან. ერთად ვცხოვრობთ მე, ჩემი შვილები და დედაჩემი. როგორც კი დროს გამოვნახავ, ბავშვებთან ერთად ვესტუმრები ჩემს საქართველოს, რომელიც ძალიან მენატრება. ღამით, სოციალურ ქსელში რომ შევდივარ ხოლმე, მხოლოდ საქართველოს ამბებს ვკითხულობ და თბილისის სურათებს ვათვალიერებ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია საქართველოში ჩამოსვლა. არადა, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში დავფრინავდი და საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი. ბოლოს საქართველოში 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ვიყავი" - დასძენს თინა კანდელაკი.