იუსტიციის სამინისტროს კანონდამრღვევი მოსამართლეების გამოვლენაში ადვოკატები დაეხმარებიან. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელიც მოსამართლეების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეაგროვებს და რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას გადასცემს. ადვოკატები ქვეყანაში ყველა მოქმედი მოსამართლის შეცვლას მოითხოვენ. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმარისად არსებობენ იურისტები, რომლებიც ძველ კადრებს ჩაანაცვლებენ. ძველი საქმეების გადახედვის პირობას დებს გენპროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი, თუმცა ამბობს, რომ კადრების ჩანაცვლება ეტაპობრივად უნდა მოხდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ყველა მოქმედი მოსამართლე უნდა შეიცვალოს - ადვოკატთა ასოციაცია.
"ჩვენ, საქართევლოში მოქმედი ადვოკატების სახელით შევქმენით საინიციატივო ჯგუფი,რომელიც შეისწავლის ყველა იმ საქმეს, სადაც მოსამართლეებს პროკურორებთან ერთად, ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაულები და მივმართავთ მთავარ პროკურატურას, რომ ყველა ეს ადამიანი გასამართლდეს. ჩვენ წინააღმდეგები ვართ, რომ ადამიანების გასამართლება მოხდეს შერჩევით. მოსამართლეების მხრიდან არის უხეში დარღვევები, ძირითადად საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე. საინიციატივი ჯგუფის მიერ დალაგდება საქმეები, გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის, რომ მოსამართლეებს სანქციები დაეკისროს - იქნება ეს სისხლის სამართლებრივი დევნა თუ დაქვეითება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი.
"მოსამართლეების წინააღმდეგ სარჩელებს შეტანა იუსტიციის საბჭოში ადრეც ხდებოდა, მაგრამ ისეთი კანონები დაწერეს, რომ ინფორმაცია საჯარო არ იყო. პასუხს არ გაძლევდნენ იმის შესახებ, თუ რა რეაგირება მოახდინეს შეტანილ საჩივარზე. შეიძლება მოსამართლემ დარღვევა ჩაიდინა, მაგრამ ამის შესახებ ვერავინ იგებდა და ის შესაძლებელი იყო დაეწინაურებინათ კიდეც", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტან საუბრისას ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძე.
"მოქმედი მოსამართლეები თანდათანობით 100 პროცენტით რომ უნდა შეიცვალოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება, მაგრამ აუცილებელია. რაც შეეხება მოსამართლეების პოსტზე ახალ კანდიდატურებს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ შესაძლებელია იდეები მივაწოდოთ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. მთავარი მაინც პოლიტიკური ნებაა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მონობისგან გათავისუფლდებიან, მოქმედი მოსამართლეებიც ობიექტურები იქნებიან, მაგრამ მათ თავიანთ ჩადენილ ქმედებებზე პასუხი აუცილებლად უნდა აგონ", - მიიჩნევს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
"არ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოს პირველი პირი აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. სადამდე მიგვიყვანა ამან, ყველა კარგად ვხედავთ - ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში რეპრესიულ მანქანად მოიაზრება, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლედ მესახება ის, რომ გენერალური პროკურატურა აღიჭურვოს ისეთი საქმეების შესწავლის უფლებამოსილებით, რომლებიც უკვე დასრულებულია, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს საქმე სამართლიანად დასრულებული არ არის. საზოგადოებაში ბევრ ადამიანთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ უკანონო განაჩენის მსხვერპლი გახდა. თუნდაც საპროცესო შეთანხმების ხელმომწერი პირი იყოს, თუკი ის თვლის, რომ იძულებული იყო საპროცესოზე ხელი მოეწერა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა პირს, რომელიც თვლის, რომ უკანონო განაჩენის მსხვერპლია, შესაძლებლობა მიეცეს მომართოს გენერალურ პროკურორს და მოხდება მისი საქმის გადასინჯვა," - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გენპროკურორობის კანდიდატი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი.