პრეზიდენტის

პრეზიდენტის "ნაშები"და ფავორიტები

მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია, მეცხრე წელი ნელ-ნელა მიიზლაზნება და ამ ადამიანის შესახებ იმდენი ჭორ-მართალი გავრცელდა, მეტი რომ არ შეიძლება.

არჩევიდან პირველივე წლებში, სხვადასხვა კონცერტზე ხან ნინო სუხიშვილის, ხანაც სოფო ხალვაშის ხელში ატაცებით სააკაშვილმა მექალთანის იმიჯის შექმნას თავადვე დაუდო დასაბამი. წლებია, ქართულ საზოგადოებას სრულიად გაუგონარი და ზოგჯერ დაუჯერებელი ამბები ესმის მიხეილ სააკაშვილის ქალების მიმართ გამოჩენილი ზედმეტი "გემო-ვნების" შესახებ. იმ ისტორიებში, რასაც ჟურნალისტები ყველაზე ხშირად ვისმენთ ამა თუ იმ წყაროდან, ბევრი ცნობილი ქალბატონის გვარ-სახელი იკვეთება. ამ ამბების გადამოწმება მათთან შეუძლებელია, რადგან პრეზიდენტის სიმპათიებს შორის ისეთი ქალბატონები არიან, რომლებთან დაკავშირებაც, ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ისინი არც ინტერვიუს თანხმდებიან და არც კომენტარს.

ასე რომ, მივყვეთ თანმიმდევრულად, თუმცა აქვე დავძენთ, რომ ჩვენს რუბრიკას "ჭორი და მართალი" ჰქვია, შესაბამისად, დაზუსტებული ინფორმაცია პრეზიდენტის სასიყვარულო ამბებისა და ვნებების შესახებ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ანონიმური წყაროები, რომლებიც შესაშური ენაწყლიანობით ჰყვებიან ამა თუ იმ კერძო შემთხვევის შესახებ.
2003 წელს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის სათავეში მოსასვლელად იბრძოდა, როგორც ამბობენ, რევოლუციური მისვლა-მოსვლიდან თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა ძველ სიყვარულს, ია ფარულავას.

ხშირად გვსმენია იმის შესახებ, რომ მიშას ია ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როდესაც თანაკლასელები იყვნენ, თუმცა ფარულავა მის გრძნობას გულგრილობით პასუხობდა. ია ფარულავას გული მომავალმა პრეზიდენტმა ვერა და ვერ მოინადირა, სამაგიეროდ, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ძალიან დაუახლოვდა. როგორც აღნიშნავენ, მოგვიანებით, როდესაც იას გვერდით ბიზნესმენი ფადი ასლი აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს მსახიობი ბევრ საჭირო საქმეს უგვარებდა ძველი ნაცნობობის წყალობით. დავუბრუნდეთ ისევ 2003 წლის ნოემბერს. რევოლუციონერი სააკაშვილი ბევრჯერ შეუნიშნავთ იმ პერიოდში ია ფარულავას სახლთან, თუმცა უცნობია, რისთვის სტუმრობდა თანაკლასელსა და ძველ მეგობარს, იქნებ, გარკვეულ რჩევებს ეკითხებოდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით?!.

საგულისხმოა ის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იმ დროს მიშა უკვე დაქორწინებული გახლდათ ჰოლანდიელ სანდრა რულოვსზე და პატარაც ჰყავდა, ედუარდი. როგორც ამბობენ, შვილს ეს სახელი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პატივსაცემად დაარქვა, თუმცა კი ამას შემდეგ წლებში არ აღიარებდა და დაჟინებით აცხადებდა, რომ შვილს სახელი ჰოლანდიელი სიმამრის პატივსაცემად შეურჩია. "მოქალაქეთა კავშირის" "გრიმიტობის" დროს ედუარდის დარქმევა ბავშვისთვის პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, როდესაც საქართველოს "ახალი ისტორიის ათვლა" დაიწყო, გოიმობა.

სანდრასთან დაკავშირებით ამ წლებში ასევე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. სანამ პატარა ნიკოლოზი გაჩნდებოდა, როგორც ამბობენ, პრეზიდენტის მეუღლემ, რომელიც ქმრის განუწყვეტელ ღალატს ვერ უძლებდა, ბევრჯერ სცადა მასთან დაშორება და საქართველოდან რამდენჯერმე გაიქცა. მასთან ურთიერთობის "დალაგება" პრეზიდენტსა და მის გარემოცვას გიგი წერეთლისთვის ჰქონდა დავალებული. გავრცელებული ხმების თანახმად, სწორედ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აწარმოებდა მოლაპარაკებებს პირველ ლედისთან და მას დასაბრუნებლად, როგორც ჩანს, მტკიცე არგუმენტებსაც წარუდგენდა. საბოლოოდ, სანდრა ბედს დამორჩილდა და საქართველოში დაბრუნდა, შემდეგ კი პატარა ნიკოლოზიც მოევლინა ქვეყანას.

თუმცა პრეზიდენტის სიმპათიებზე და ფავორიტებზე საუბარი ამით არ დასრულებულა. ბევრს ლაპარაკობდნენ ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ - პრეზიდენტის ვიზაჟისტი, ქალბატონი, რომლის სახელსაც მხოლოდ იმის გამო არ ვასახელებთ, რომ დღეს ის გათხოვილია, დიდხანს მიიჩნეოდა პრეზიდენტის ერთ-ერთ დიდ სიმპათიად. მისი დღევანდელი მეუღლე, როგორც ბოროტი ხმები ღაღადებენ, ოფიციალურად მისი მეხუთე ქმარია, თუმცა ეს ბევრმა არ იცის. ეს გახლავთ ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც დღესაც თანამდებობაზეა. გავრცელებული ხმებით, სწორედ ამ ქალბატონის გამო აპირებდა პრეზიდენტი სანდრა რულოვსის მიტოვებას და სწორედ მის გამო დატოვა საქართველო რულოვსმა, რომელიც იმ პირობით დაუბრუნდა ოჯახს, თუკი იმ ქალის ხსენებაც კი არ იქნებოდა. მართლაც, მცირე ხანში პრეზიდენტის ყოფილი ფავორიტი გათხოვდა, მის ქორწილს მიშა სააკაშვილიც ესწრებოდა, შემდეგ, ასევე მცირე ხანში გამოთხოვდა და შემდეგ ზემოხსენებული მაღალჩინოსნის ცოლი გახდა.

კიდევ ერთი ასეთი სასიყვარული ამბავი აკავშირებდა პრეზიდენტს ქალთან, რომელიც დღეს კიდევ ერთი, ასევე ძალიან გავლენიანი და დღესაც პოსტზე მყოფი "ნაციონალის" მეუღლე გახლავთ. ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახლაც აქტიურობს და საკუთარ მოსაზრებებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ყოველდღიურ რეჟიმში თამამად და ხშირად უცენზუროდაც გამოთქვამს. ის ოფიციალურად ორჯერ გახლავთ გათხოვილი. სანამ მეორედ გათხოვდებოდა, მანამდე, როგორც ამბობენ, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა შემდეგ ეს ურთიერთობა გაწყდა. როგორც ჩანს, ქალბატონმა თავისი ნამდვილი სიყვარული სხვა "ნაციონალთან" იპოვა...

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ იშვიათ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყოფილ სიმპათიებს გულდაწყვეტილებს არ ტოვებენ. სხვათა შორის, ეს არცთუ ცუდი თვისებაა კაცისთვის, თუკი ამას ბიუჯეტისა და სახელმწიფოს ხარჯზე არ აკეთებს...

ცნობილი ამბავია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი ნინო კალანდაძეც ხშირად ჰყვებოდა, როგორ გაიცნო პრეზიდენტი თვითმფრინავში და როგორ ათრევინა ჩემოდნები, შემდეგ კი, მცირე ხანში როგორ მიიღო შეთავაზება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსაჩენად. კალანდაძე, რომელიც თავიდან ძალიან მხიარული გოგონა ჩანდა და გულთბილად ურთიერთობდა ჟურნალისტებთან, ერთ მშვენიერ დღეს ჩაიკეტა და ქცევის კოდექსიც კი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტარებისთვის იყო განკუთვნილი და გარკვეული პუნქტები ჩაცმულობასაც ეხებოდა. კოდექსში ხაზგასმულად ეწერა, როგორ არ იყო მისაღები ზედმეტად მოკლე კაბა და დეკოლტე პარლამენტარი ქალბატონებისთვის, თუმცა თავად ნინო კალანდაძე მცირე ხნით ადრე ჟურნალ "რეიტინგისთვის" კაბაწამოხდილი პოზირებდა მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი. ამდენხნიანი კარიერის განმავლობაში უცვლელი დარჩა მისი ვარცხნილობა და ზედმეტად ჩახვეული წინადადებები. მცირე ხნის წინ ნინოს შვილი შეეძინა, თუმცა დღემდე არ ამხელს, ვისგან. ის გათხოვილი არ არის და შესაბამისად, ამ ამბავს დიდი ინტერესი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ნინო კალანდაძე დღემდე დუმილს ინარჩუნებს და არ ამბობს, ვინ არის ბავშვის მამა.

ალანა გაგლოევა, რომელიც წლებია, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს პრეზიდენტის აპარატში, ასევე მიიჩნეოდა მიშას ფავორიტად. ამბობენ, რომ როდესაც ალანა ვაზისუბანში ცხოვრობდა, პრეზიდენტის ბრძანებით, პირველ რიგში იქ გააკეთეს გზები, რომ მისი მონახულება უპრობლემოდ შესძლებოდა, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია. ფაქტია, რომ ალანა თავის მოვალეობას თავდაპირველად კარგად ვერ ასრულებდა და პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტზე უხერხულადაც გრძნობდა თავს. მას წინადადების გამართულად თქმა უჭირდა, მოგვიანებით ეს ხარვეზი მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა კი იმ პოსტიდან სხვაგან გადაანაცვლეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დანიშვნის დღიდან ოპოზიციის ყბიდან ვერ ამოვიდა. მისი გარეგნული მონაცემები ძალიან თვალში საცემი გახდა და ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ის პრეზიდენტის პირადი სიმპათიის გამო დაინიშნა ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ის პრეზიდენტმა კანადაში ნახა და როგორც ამბობენ, გულში მაშინვე ჩაუვარდა, თუმცა არა მხოლოდ ის, არამედ მისი და, ნინა ქობალიაც, რომელსაც ტურისტული პროექტების განხორციელება დაევალა საქართველოში. ვერა და ნინა ქობალიები ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ამბობენ, მომღერალ სოფო ნიჟარაძის ბებიის მახლობლად. როგორც კი სოფოს ბებია გადაკეტილ ქუჩას დაინახავდა, მყისვე, მეზობლების თქმით, დები ქობალიების ლანძღვას იწყებდა. რატომ? აი, აქ მივადექით ყველაზე მთავარს, ფავორიტთა ფავორიტს, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, რომლის კარიერის აწყობაც ქართველ ხალხს, ამ სიტყვის პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან ძვირი დაუჯდა. სოფო ნიჟარაძე პრეზიდენტმა პირველად საზღვარგარეთ ნახა.

შეგახსენებთ, მომღერალი 16 წლის ასაკიდან რუსეთში ცხოვრობდა, იქ მიუზიკლებში მონაწილეობდა, თუმცა შემდეგ იგორ კრუტოიმ, როგორც ამბობენ, "ხელი არ მოჰკიდა". აგვისტოს ომის შემდეგ კი სოფომ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა არა ჰაერზე, არამედ პრეზიდენტის პირადი მოწვევით. მას შემდეგ სოფო ნიჟარაძემ პრეზიდენტის ძველი ფავორიტი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩაანაცვლა. ნინის მიხეილ სააკაშვილი, როგორც გვითხრეს, დიდხანს დასდევდა, სანამ გარკვეული ხნით ოჯახმა მოსკოვში არ გადამალა და თუკი მანამდე ბადურაშვილს "ფსოუს წყალი" ამღერეს და სწორედ მისთვის იყო განსაზღვრული ყველა სახელმწიფო ღონისძიებაში მთავარი როლის შესრულება, ეს როლი მისთვის სოფო ნიჟარაძის ქართულ შოუბიზნესსა და თამამად შეიძლება ითქვას, პოლიტიკაში გამოჩენით დასრულდა.

ვრცელდებოდა ხმები, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სოფოზე დაქორწინებას გეგმავდა. ამ ხმების გავრცელებას კი ძალიან უწყობდა ხელს მომღერლის ოჯახის დამოკიდებულება. სოფოს დედა და თავად მომღერალი, ჭორების თანახმად, პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრობენ, ხოლო ქართული მიუზიკლების ვარსკვლავის დედა ახლობლებთან საუბრისას ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მისი სიძე გახლდათ. რომ არა პრეზიდენტის პირადი დაინტერესება, რომელიც მიუზიკლების დადგმაში სერიოზულ როლს თამაშობდა და ყველა დეტალში აქტიურად ერეოდა, გამორიცხულია, ნორმალურ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების მთავარ მოთამაშედ მხოლოდ ერთი შემსრულებელი შეერჩიათ, მაშინ, როცა ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში უამრავი სხვა კარგი მომღერალი არსებობს.

როცა ნიჟარაძისთვის სპეციალურად ჩამოიყვანეს სტივ უანდერის ბექ-ვოკალისტი დეჟა გომესი, რომელთანაც ერთად დუეტი ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს, ყველა საახალწლო ღონისძიების დაგეგმვისას მთავარი ის გახლდათ, ვისთან ესიამოვნებოდა დუეტის შესრულება სოფო ნიჟარაძეს და რამდენად დათანხმდებოდა უცხოელი შემსრულებელი ქართველ მომღერალთან დუეტს. ბოლოს საქართველოს ხოაკინ კორტესი სტუმრობდა, რომელსაც, ამბობენ, მილიონი გადაუხადეს იმისთვის, რომ სოფოს რაბათისადმი მიძღვნილ კლიპში ხელი ერთი-ორჯერ აექნია.

სოფო ნიჟარაძისთვის დაიწერა თითქმის ყველა ის სიმღერა, რომელიც მთავრობამ ამა თუ იმ რეგიონის გასაპიარებლად მოამზადა. უცხოელ მომღერალს ფეხი ისე არ შემოუდგამს საქართველოში, რომ ყურებამდე გაღიმებული და ბრენდულ სამოსში გამოწკეპილი სოფო არ დაეხვედრებინათ აეროპორტში, გინდათ თუ არა, ამ გოგონასთან დუეტი უნდა შეასრულოთო. არადა, როდესაც სოფო ბოჩელისთან თუ ოპერის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ამღერეს, აშკარა იყო უცხოელების დიდი უპირატესობა ქართველ შემსრულებელთან შედარებით, რადგან არ არის სოფო ოპერის მომღერალი და ეს მგონი, ყველასთვის ნათელია. როდესაც გყავს ისეთი საოპერო მომღერლები, როგორებიც არიან ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი და სხვანი, იქ სოფო ნიჟარაძის ადგილი არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო დონის ოპერის შემსრულებლებთან ერთად.

სოფოს საკმაოდ უხეშ ხასიათზე წუწუნებდა თითქმის ყველა, ვისაც კი მასთან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონია. "ვერის უბნის მელოდიების" ორკესტრანტებს ხელფასის გაზრდა უთხოვიათ, თუმცა პირველი, ვინც ამის წინააღმდეგ გამოსულა, სწორედ ქართველი დივა გახლდათ, რომელიც ბევრ რამეს წყვეტდა მიუზიკლებთან, და არა მარტო ამ დადგმებთან დაკავშირებით.

სოფოს საკმაოდ მძიმე ხელი, როგორც ამბობენ, ვერა ქობალიამაც იგემა. თვითმხილველი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჰყვება, რომ ყვარლის რეზიდენციაში ეკონომიკის აწ უკვე ყოფილ მინისტრსა და დივას შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მომხდარა. ორივე ქალბატონი იქ ყოფილა, ვერა გარეთ იჯდა, როდესაც ნიჟარაძე გამოუვარდა, ჯერ სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ. როგორც ამბობენ, სოფომ ვერა ქობალია დაჯაბნა და ფიზიკურად გაუსწორდა, თმით ითრია. რასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია სოფოს, უცნობი დარჩა, თუმცა კი, შესაძლოა, ეს ფავორიტობის თემას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთი, ვისთანაც ამ მხრივ სოფოს შესაძლოა, გასაყოფი ჰქონოდა, უკრაინელი მომღერალი ივანა მელაია. ნანა ლეჟავას ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, რომ ერთ წელს ბათუმის "რადისონში" მელაი და სააკაშვილი ერთსა და იმავე დღეს იმყოფებოდნენ და პრეზიდენტის დაცვამ მომღერალს ნომრის ფულიც გადაუხადა. დღემდე გაუგებარია, იქ, სადაც შოუბიზნესი ისედაც ცუდ დღეშია და ქართველ მომღერლებს არაფრის შესაძლებლობა არ აქვთ, რატომ გაუჩნდა სურვილი უკრაინელ შემსრულებელს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ძლივს ცნობენ და არც დიდი ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა, საქართველოში გადმოსახლებულიყო და კარიერა აქ აეწყო. მელაი თითქმის ყველა ქართულ გადაცემას ესტუმრა და "პიკის" ხარჯზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებდა, მთელი მსოფლიო მოიარა ფრიად უინტერესო გადაცემის შესაქმნელად, რომელსაც დიდად არც არავინ უყურებდა. მელაიმ აქ ისეთი კარიერა აიწყო, როგორზეც უკრაინაში ვერც კი იოცნებებდა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მომღერლებს პურის ფული არ აქვთ. საინტერესოა, რა დაფინანსებით მოახერხა მელაიმ ამ ყველაფრის მიღება? და დარჩება თუ არა საქართველოში მას შემდეგაც, რაც სახელმწიფო მხარდაჭერა და დაფინანსება მოაკლდება?

პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთი გოგონა გამოჩნდა, ის ყველაზე ახალგაზრდაა მიშას ფავორიტებს შორის. ნაზი არონიას 21 წლის შვილი, მარიამ საჯაია, რომელიც შესაშური გარეგნობით გამოირჩევა. ის "ნაციონალების" სიის პირველ ათეულში მოხვდა და როგორც ამბობენ, სწორედ მისთვის დაწიეს პარლამენტარობის ასაკი. გაუგებარი რჩება, რა დამსახურებებისთვის მისცეს მას ერთ დროს მმართველი პარტიის სიის პირველ ათეულში მოხვედრის საშუალება. ამბობენ, რომ მარიამით ფრიად მოხიბლულია საქართველოს პრეზიდენტი და მას თვალი დაადგა. მარიამი, მასთან დაახლოებული პირების თქმით, უბანში ფრიად პოპულარული გოგონაა და მამაკაცების ყურადღებით განებივრებულია, თუმცა როდესაც ქვეყნის ბედს ეხება საქმე, ის გადასაწყვეტად არ უნდა მიანდო 21 წლის გოგონას, რომელსაც ჯერ თავისი გართობა და ტაშფანდური არ აქვს მოლეული.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტსაც, თუმცა ეს, კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას, არ უნდა ხდებოდეს ბიუჯეტისა და ქვეყნის, ხალხის ინტერესების ხარჯზე. საკუთარ ფულს კი ვინ ვის დაახარჯავს, არავისი საქმე არ არის...

პრეზიდენტის ფავორიტებზე არ წერს მხოლოდ ჟურნალი "რეიტინგი". წინა კვირას რუსული ინტერნეტსივრცე მოიარა "ტაინი-ზვეზდ.რუ"-ს ერთ-ერთმა პუბლიკაციამ სახელწოდებით "მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება თავის საყვარლებს გადაუნაწილა". "მიხეილ სააკაშვილს მინისტრთა კაბინეტი კი არა, ნამდვილი ჰარამხანა აქვს, - აღშფოთებულები საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები, - პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილის საყვარლებით არის დაკომპლექტებული. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ხუმრობაც კი დადიოდა, თუ გინდა გახდე მინისტრი, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩაუგორდე საწოლშიო. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, სხვადასხვა თანამდებობაზე ერთი-მეორის მიყოლებით ულამაზესი ქალბატონები დაინიშნენ", - წერს რუსული საიტი. მასალაში საუბარია "პოლიტიკურ სტრიპტიზიორ" ვერონიკა ქობალიასა და ალანა გაგლოევაზე, ნინო კალანდაძეზე, ასევე სოფო ნიჟარაძის შესახებაც. სტატიაში ნახსენებია ნინა წკრიალაშვილიც, რომელიც, როგორც რუსი ჟურნალისტი წერს, მას შემდეგ დაინიშნა კულტურის სამინისტროში, რაც ეროვნული დროშის სიმბოლიკიანი ბიუსტჰალტერით გადაიღო ფოტო. რუსული საიტი, რომელიც ვარსკვლავთა საიდუმლოებების შესახებ წერს, აქვეყნებს ზემოთ ჩამოთვლილი ქალბატონების ფოტოებსაც და დასძენს, რომ ურიცხვ საყვარლებთან გართობის გამო სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო მოვალეობებს ნორმალურად ვერ ასრულებს.