"არსენალის" გასულ ნომერში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოვიდა, არსებულ ხელისუფლებას მოვუწოდებდით, არ გაებედა მშვიდობიან მომიტინგეთა დაშლაში საარმიო დანაყოფების გამოყენება. საბედნიეროდ, ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოსვლამდე საქმე არ მივიდა და "ნაციონალებმა" აღიარეს დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოს ისტორიაში "ნაციონალების" ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ იწყება ახალი ერა, რომელმაც საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს შინაგანი თავისუფლება უნდა მოუტანოს, რომელსაც ასე თრგუნავდნენ "ნაციონალები", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (12 - 25 ოქტომბერი, 2012) სტატიაში სათაურით ახალი შანსი ქართული არმიისთვის.
"ირაკლი ალასანია, როგორც შესაძლო თავდაცვის მინისტრი, და ირაკლი სესიაშვილი, როგორც შესაძლო თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, შეიძლება გახდნენ საუკეთესო დუეტი (როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები), რომელიც ურთიერთშეთანხმებულად შეძლებს ქართული არმიის გაძლიერებას და დაიცავს თითოეული სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურის კონსტიტუციურ უფლებებს. შესაძლო თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კატეგორიულად უნდა გამიჯნოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ფუნქციები, როგორც კანონი მოითხოვს და რომელსაც "ნაციონალების" თავდაცვის მინისტრები, განსაკუთრებით კი ოქრუაშვილი და ახალაია, მუდამ არღვევდნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:
"ახალი სისხლის გადასხმა გაერთიანებულ შტაბსაც სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ მას რეალურად არა შტაბის უფროსი, არამედ მისი პირველი მოადგილე, ახალგამომცხვარი ბრიგადის გენერალი გიგი კალანდაძე ხელმძღვანელობს. ეს სწორედ ის კალანდაძეა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მეოთხე ქვეით ბრიგადას მეთაურობდა, რის შემდეგაც ბრიგადის პირად შემადგენლობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა. ბრიგადამ დაკარგა ყველა ტანკი, მთელი არტილერია და ქვეითი და საბრძოლო მანქანები, სამაგიეროდ, მაიორი კალანდაძე ოთხ წელიწადში ბრიგადის გენერალი და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გახდა. გაერთიანებული შტაბის, რომელსაც მალე, ალბათ, ისევ გენერალური შტაბის სახელი დაუბრუნდება, ახალი უფროსის ადგილზე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე მოიაზრება. იგი ერთხელ უკვე ედგა სათავეში გენშტაბს 2004-დან 2005 წლის აგვისტომდე, მაგრამ თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა პოსტი. ბრიგადის გენერალი კაპანაძე აფხაზეთის ომის მონაწილე გამოცდილი სამხედროა, რომელმაც უმაღლესი სამხედრო განათლება აშშ-ში მიიღო, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი და მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო ქვეკომისიის წევრი. არის ყველა წინა პირობა საიმისოდ, რომ ირაკლი ალასანიამ, ვახტანგ კაპანაძემ და ირაკლი სესიაშვილმა პროდუქტიულად ითანამშრომლონ, თუმცა, ყველაფერს მაინც უახლოესი მომავალი გვიჩვენებს".
"წლების განმავლობაში, როცა ჟურნალი "არსენალი" თავდაცვის სამინისტროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე წერდა და მისი მოგვარების გზებს განიხილავდა, პასუხად სხვადასხვა დროს სხვადასხვა დიდმოხელის გულისწყრომა და რისხვა დავიმსახურეთ. ჩვენ მიმართ აშკარად გამოხატავდა ანტიპათიას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და როცა ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხზე კომენტარებისთვის ვურეკავდით, ჩვენს ზარს ან არ პასუხობდნენ, ან პირდაპირ აცხადებდნენ, რომ კომენტარს ვერ მივიღებდით, რადგან ჟურნალ "არსენალის" თანამშრომლები ვიყავით. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდგომ გახდა თვალში საცემი... ტაბუდადებულ თემაზე ინფორმაციის მოპოვებას როგორღაც ვახერხებდით. ჯარისკაცებზე ზეწოლის ფაქტებზე ჰყვებოდნენ ჩვენი რესპონდენტები, თავად ჯარისკაცები და სხვა სამხედრო პირები, რომელთა სახელსა და გვარებს მათივე უსაფრთხოების მიზნით ვცვლიდით. ახალი არ არის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მათ დამალვას ცდილობდა. არ იქნება მართებული, თუ ვიტყვით, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ბაჩო ახალაიას მინისტრობისას დაიწყო. ასე იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ჯარისკაცებზე ზეწოლამ პიკს სწორედ მისი მინისტრობისას მიაღწია", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით რისთვის სცემდა თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს... / გიორგი, 29 წლის: შუაღამისას ნასვამი ბაჩო ახალაია მოვარდებოდა, ბიჭებს წამოყრიდა, მოწყობაზე დააყენებინებდა და ურტყამდა...
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ მოგვაწოდა მესიჯები, რომელიც ჯარისკაცებმა მას ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს გაუგზავნეს. სამხედროები შველას ითხოვდნენ. მკითხველს ვთავაზობთ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნომრიდან მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (სტილი დაცულია): "ჯარს მიაქციეთ ვინმემ ყურადღება, ჯარისკაცების უმიზეზოდ ცემა უკვე ჩვეულებრივი რამ გახდა"; "მომეცით ომბუდსმენის ან ვინმე უფლებადამცველის ნომერი. ჯარში საშინელება ტრიალებს. სასწრაფოდ მჭირდება. დახმარება სჭირდებათ ჯარისკაცებს, გესმით თქვენ?"; "ბატალიონის მეთაური და ბრიგადის მეთაური აწამებენ ასეულის ჯარისკაცებს. ცხინვალში ტყვეები არ უწამებიათ ისე, როგორც ესენი ჯარისკაცებს აწამებენ. ბრიგადის სერჟანტს ფეხი სტკივა ხალხის ცემისგან. ნაომარ ბიჭებს კიდევ ეს უნდათ? რამე გააკეთეთ, თორემ ესენი ვიღაცას შეიწირავენ"; "ნაცემი ბიჭები ყაზარმაში ჰყავთ. საავადმყოფოში არ მიჰყავთ, ყველამ რომ არ გაიგოს. ამიტომ უკვე მეხუთე დღეა ყაზარმული გვაქვს. ბრიგადის მეთაური მოხსნეს და გადამალეს. რაც ეგ შველიძე მოვიდა, საშინელი რაღაცები ხდება. სატანკოს ბიჭები სალიარკის მოპარვისთვის რომ სცემეს, მინისტრმაც კი მიიღო პირადად მონაწილეობა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვისაც რამე შეხება ჰქონია ჯართან, ყველამ იცის, რომ ჯარისკაცების ცემა ჩვეულებრივი რამ გახდა. თუმცა გააჩნია, ვინ არის ბრიგადის მეთაური და ნაწილის უფროსი. დიდი ხანია ჰყვებიან, რომ ბაჩო ახალაია პირადად უბაგუნებდა ჯარისკაცებს და ხშირად ოფიცრებსაც ჯარისკაცების წინაშე. არ დაინდო! - ეს იყო ფრაზა, რომელსაც ბაჩო ახალაია ხშირად იმეორებდა. მისი მინისტრობის შემდეგ დაიწყო ჯარისკაცების დამცირება, გინება და სამხედრო პირებისთვის პროტექციის გაწევა", - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში სერგო, 21 წლის. გიორგი, 29 წლის ამბობს:
"ყველაზე ცუდი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, - ჯარისკაცებს ტყუილუბრალოდ სცემდნენ. შუაღამისას ნასვამი მოვარდებოდა, ბიჭებს წამოყრიდა, მოწყობაზე დააყენებინებდა და ურტყამდა. ერთხელ ბრიგადის სერჟანტმა უთხრა, ეს ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდნენო და ახალაია გაბრაზდა, იბრძოდნენ, თორემ რას ამბობ, გაიმარჯვეს. კურდღლებივით გამოცვივდნენ იქიდანო. რამდენიმე დღეში ის სერჟანტი დაითხოვეს... ამბობდნენ, ახალაია ვანო მერაბიშვილს ეჯიბრებაო, რადგან ცნობილია, როგორც იმუშავეს მაშინ ქართულმა სპეცრაზმის დანაყოფებმა. ამის შემდეგ მუდმივად გვაყვედრიდნენ, რომ ტყუილად გვიხდიდნენ ასობით ლარს... ერთხელ მეც მცემეს. იმიტომ, რომ წინა დღეს ნაცემ ძმაკაცს, რომელიც ვერ ვიპოვე, ანუ ნაწილში მეორე დღესაც არ გამოცხადდა, მობილურზე დავურეკე, რომ გამეგო, ცოცხალი იყო თუ არა. იმ საღამოს მეთაური ორ უცნობთან ერთად ჩამოვიდა და ბიჭების წინაშე დამარტყა... ეტყობა, რომელიმე ჯარისკაცმა ჩამიშვა. ერთმანეთის ჩაშვება ბოლო დროს ჩვეულებრივი გახდა. სამი ჯარისკაცი თუ ერთად ვიკრიბებით, თუ ძალიან სანდო არ არის, არაფერს ვლაპარაკობთ. მეთაურობას თუ რამე არ მოეწონებოდა ჯარისკაცისგან, იბარებდა და ეუბნებოდა, ხელები მექავება, ისე მინდა შენი გაგდებაო, მაგრამ თუ ჭკვიანად მოიქცევი, გაპატიებო. ჭკვიანად მოქცევაში დასმენა იგულისხმება. ახალაიას წასვლის შემდეგ ცემის შემთხვევები შემცირდა. უბრალოდ, ის მეთაურობა, ვინც შეეჩვია ჯარისკაცების ცემას, ჩვეულებას იქამდე ვერ ღალატობდა, სანამ ციხეზე ის ვიდეოფირი არ გავრცელდა. ამის შემდეგ ძალიან "ხავერდოვნები" გახდნენ".
"წინა ხელისუფლება მუდმივად გვსაყვედურობდა, ჩასაფრებული ხართო. იმედია, მკითხველმა იცის, რომ სინამდვილეში იმ პრობლემებისთვის გვინდოდა ფარდის ახდა, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხდებოდა. ძნელია, სერჟანტის, ოფიცრის თუ მასზე მაღალი რანგისგან დამცირებულ ჯარისკაცს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის სიყვარული, მით უმეტეს, თავგანწირვა მოსთხოვო. არადა, ჯარისკაცობა მხოლოდ კამუფლაჟის ტარება და იარაღის ხმარება არ არის, ქართველი ერის ცნობიერებაში მას უფრო ღრმა დატვირთვა აქვს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"რატომ გავებით რუსეთის ხაფანგში? - ეს კითხვა კვლავ აქტუალურია და პასუხს ელის. ერთ-ერთი მთავარი, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული საკითხი აგვისტოს ომის პროვოცირებაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის როლია. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს (ისე, როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების) სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურების ყველა დონეზე ყოველთვის ჰყავდა აგენტები, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვი მისთვის სასურველ პოლიტიკას ატარებდა. რუსეთის სპეცსამსახურებმა საბჭოთა კა-გე-ბეს აგენტურა მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომ წლებში თავადაც ბევრი დაამატეს და დღეისთვის, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ბევრ ჩინოვნიკს, პოლიტიკურ პარტიას, მასმედიის საშუალებას თუ ჟურნალისტს აკონტროლებენ. ამის მტკიცების საფუძველს შემდეგი ფაქტიც გვაძლევს. საიტმა "ვიკილიკსმა" ბევრი დოკუმენტი გამოაქვეყნა საქართველოზე. კერძოდ, საიდუმლო მასალები ასახავდა ამერიკელი დიპლომატების (აშშ-ის ელჩების, ჯონ ტეფტის და ჯინ ბასის) მიმოწერას, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომისა და შემდგომი წლების შეხვედრების ანგარიშებს. გავრცელებული ინფორმაციით "ვიკილიკსი" საქართველოს შესახებ სულ 1167 დოკუმენტის გამოქვეყნებას გეგმავს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით რთული გზა: პოლიტიკური პოლიციიდან ეროვნულ სპეცსამსახურებამდე.
"საიტის მიერ გამოქვეყნებული 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზის დროს ჩვენ ექსპერტ-პოლიტოლოგებს "რატომღაც" გამორჩათ პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის ფრანტიშეკ გაგორის საიდუმლო დეპეშა. პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისთვის გაგზავნილი ეს შეტყობინება კი ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია. ამ საიდუმლო დეპეშის რამდენიმე სტრიქონიდანაც კი ჩანს, რომ ის ეკუთვნის საქართველოს გულშემატკივარ პირს, რომელიც მღელვარებას ვერ მალავს: "`პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო სამხრეთ ოსეთში შეჭრის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რაც რუსეთს აძლევს ხელს... საქართველოთი მანიპულირებდნენ რუსეთის აგენტები, შესაძლებელია თვით (საქართველოს) პრეზიდენტის მრჩეველთა გარემოცვიდან... საქართველოს ეს მცდარი ნაბიჯი მოსკოვისთვისაა ხელსაყრელი", - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს:
"აი ასე, პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე გამოხატავს შეშფოთებას ფრანტიშეკ გაგორი. საინტერესოა, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა პოლონელი გენერალი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ რუსეთის აგენტურაზე მიუთითებდა? სამწუხაროდ, ამ და სხვა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გენერალი გაგორი პასუხს ვეღარ გასცემს, რადგანაც ის 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ პირებთან ერთად".