"ბაჩო ახალაია, როლანდ ახალაია, მეგის ქარდავა სამივენი ზუგდიდში არიან და ემზადებიან... სარფის საბაჟოს კადრებს რაც შეეხება, რომლის თანახმადაც თითქოს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, ეს არის აფერა, ეს იყო სპექტაკლი და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან ზუგდიდში. არსად ესენი არ წასულან. დათა სად არის არ ვიცი. როლანდ ახალაია ზუგდიდში ჩნდება, ხოლო ბაჩო და მეგისი - არა", - აცხადებს "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა მიქაია ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადგილსამყოფელს "ალიას" ექსკლუზიურად უმხელს!
"არჩევნების დღეს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ თბილისიდან ჩამოიყვანეს ათასკაციანი დაჯგუფება და ეს ხალხი დააბანაკეს ურთის მთაზე. ამ ხალხს დავალებული ჰქონდა ომის დაწყება. დიახ! მათ სამოქალაქო ომი უნდა დაეწყოთ იმ შემთხვევაში, თუ მიშას გაუჭირდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ესენი აირივნენ და დაიბნენ! ახლა ეს ათასკაციანი დაჯგუფება ურთის მთაზე არ არის, არ ვიცი სად არის, მაგრამ საკუთრივ ზუგდიდში გამალებით მიმდინარეობს ყოფილი ზონდერების, ე.წ. რეზერვისტების შეკრება. "ტყის ძმები", ძველი მხედრიონელები ახლა იკრიბებიან. ეს ხდება ჩიქობავას ქუჩაზე. ამ სახლის პატრონი არის ვინმე გოგიტა ჩომახია, რომელსაც 20 წელი ჰქონდა მისჯილი და ბაჩო ახალაიამ 3 წელიწადში გამოუშვა ციხიდან. აი, ამ სახლში იკრიბება ეს ხალხი, ხოლო მანქანა, რომელიც ამ სახლის წინ დგას , არის ცნობილი თორნიკე მალაზონიას მანქანა - იმ მალაზონიასი, რომელიც ალასანიამ ერთხელ უკვე ახსენა, როცა ბაჩოს ახალაიასადმი დაქვემდებარებული ზონდერდაჯგუფებები ჩამოთვალა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია.
"იმავე სახლში ასევე იკრიბებიან კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები. ზუგდიდის კუდ-ისა და სოდ-ის ხელმძღვანელებმა - რუსლან შამახიამ და ბაკურ გულუამ თავიანთ ხელქვეითებს უკვე უბრძანეს - მე გეუბნებით ციტატას - "დაიწყეთ ყაჩაღობა, ჩაიდინეთ კრიმინალი, ოღონდ არ "დაიწვათ!" ეს ყაჩაღობები უკვე დაწყებულია და ხალხის დაყაჩაღება გახშირდა. გეტყვი ასევე იმას, რომ 14 ოქტომბერს კვირას ზუგდიდში, დათო შენგელიას სიმამრის სახლიდან გამოვიდა 4 დაბურულმინებიანი ჯიპი და ერთი წავიდა ანაკლიაში - ვკითხულობ, რა ხდება და სად არის ის ათასი კაცი, ის ზონდერები, რომლებსაც მე ავაკითხე სქურში? ჩემი ინფორმაციით, ისინი გადანაწილებული არიან სახლებში და ელოდებიან ბაჩო ახალაიას ბრძანებას! ახალაიები და მათი ზონდერები ყველაფერს ელოდებოდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარებას! თუმცა მათ მაინც ჰქონდათ ძალიან ცუდი რაღაცის მოლოდინი და დამარცხების შემთხვევაში პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, რასაც გეგმავენ კიდეც!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"პირდაპირ ვაცხადებ - აშშ-ის ელჩმა ნორლანდმა გააჩერა მიხეილ სააკაშვილი, რათა მას არ მოწყო პროვოკაციები სამეგრელოში და მთლიანად საქართველოს მასშტაბით. სააკაშვილი ვერ წავიდა დასავლეთის ნების წინააღმდეგ და მას მოსთხოვეს მარცხის აღიარება, რადგან ფაქტი სახეზე იყო - არჩევნები სუფთად მოიგო ბიძინა ივანიშვილმა. ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ზუგდიდში ხმა მისცა როლანდ ახალაიას და ეს არის ზუგდიდისა და ზუგდიდელების - მთელი სამეგრელოს სირცხვილი. ირაკლი ალასანიასთვის კი არა, როლანდ ახალაიას ვინც გინდა ჰყოლოდა ზუგდიდში მოწინააღმდეგე, იმისთვის უნდა მიეცათ ხმა და კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ეს არის სამეგრელოს სირცხვილი! მიმიფურთხებია იმ ზუგდიდელისთვის, ვინც ნაძირალა როლანდ ახალაიას მისცა ხმა და მრცხვენია, რომ როლანდს აძლევენ ხმას ჩემს ქალაქში!" - ამბობს კახა მიქაია.
"კიდევ ერთხელ ვკითხულობ - სად არიან ეს ზონდერები? რატომ იკრიბებიან ამ სახლებში ეს ადამიანები, რას აპირებენ? რევანშისთვის ემზადებიან სააკაშვილის ხელისუფლება და ახალაიები? ბაჩო ახალაია ისეთი ფსიქიკის კაცია, რომელიც, ალბათ, სააკაშვილს არ დაუჯერებს და თავისას იზამს! - პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. თუ აახალმა ხელისუფლებამ ესენი არ გაასამართლა და გარეთ დატოვა, ესენი ყველაფერს იზამენ და გადატრიალებას მოაწყობენ. ესენი არიან სახელმწიფო დამნაშავეები და კრიმინალები. ეს ხროვა უნდა გასამართლდეს და სამაგალითოდ დაისაჯოს - ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, ერთ სიტყვაში შეიძლება ჩამოყალიბდეს - კრიმინალი! კრიმინალი უნდა იყო ციხეში", - დასძენს კახა მიქაია.