ტელევიზიების ვალების სასწრაფო ამნისტია

ტელევიზიების ვალების სასწრაფო ამნისტია

"ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ტელეკომპანიებისათვის დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერა ქართული ტელემედიის განვითარებას ხელს შეუწყობს. მედიაექსპერტები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს ამნისტია მხოლოდ ე.წ. ნაციონალური არხებისთვისაა, რომელთაც 2012 წლის ივლისის მონაცემებით, ჯამში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის დავალიანება აქვთ. ამ დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, ბიუჯეტი ზარალდება, საბოლოოდ კი ხალხი, რომელსაც არავინ ეკითხება, სურს თუ არა "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვალების გადახდა. საგადასახადო ამნისტია ტელეკომპანიებისათვის 2010 წელსაც მოხდა, როდესაც რეგიონულ თუ ცენტრალურ ტელეკომპანიებს 2004 წლის 1-ლი იანვრიდან 2010 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი დავალიანებებიდან, ჯამში, 36 მილიონი ლარი ჩამოეწერა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტელევიზიების ვალების სასწრაფო ამნისტია / "იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაისმება, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს".

"თავდაპირველად აღნიშნული შეღავათი რეგიონალური ტელევიზიებისთვის უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათ, ჯამში, მხოლოდ 2 მილიონიანი დავალიანება ჰქონდათ, დანარჩენი 34 მილიონი კი ცენტრალური არხების დავალიანებამ წაიღო. თუმცა დღემდე უცნობია, თითოეულ ტელევიზიას რა რაოდენობის დავალიანება ჩამოეწერა. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 17 ივლისს დავალიანების მქონე კომპანიების, მათ შორის ტელევიზიების სია გამოქვეყნდა, რომელიც 2 დღის შემდეგ მოულოდნელად გაქრა. იმ მონაცემების მიხედვით, ტელეკომანია "იმედს" დაახლოებით 14, "რუსთავი 2"-ს 5,5, ხოლო "საზოგადოებრივ მაუწყებელს" კი 3-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელის, მედია-ექსპერტ მამუკა ანდღულაძის განმარტებით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეარხებს თანაბარ პირობებში არ აყენებს", აღნიშნავს გამოცემა.

"2010 წელს, როდესაც გამოცხადდა ამნისტია ეგიდით - "დავეხმაროთ რეგიონალურ მედიას", აღმოჩნდა, რომ რეალურად ეხმარებოდნენ "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს, ამ ორ ტელევიზიას, რომელიც დღეს კიდევ მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. მაშინ ტელეკომპანიებს 36 მილიონიანი დავალიანება ჩამოეწერათ. ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაქვს, თუ რამდენი ჩამოეწერათ ამ 2 ტელევიზიას, თუმცა ლომის წილი ნამდვილად მათზე მოდიოდა. იმ პირობებში, როდესაც ასეთი პატარა მედია ბაზარი გვაქვს, ეს მდგომარეობა არაა სახარბიელო ყველა მედიასაშუალებისთვის: თუ სხვა მედია იხდის ყველა გადასახადს და მას ერთ თეთრსაც არ არჩენენ, ამ დროს რამდენიმე ტელევიზია სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობს გადასახადების გადავადებით და ამავე დროს, საბოლოოდ, მას ჩამოეწერება ეს დავალიანებები. ამ პირობებში, იმ ტელეკომპანიებს, რომელთაც გადასახადის გადახდა უწევთ, აღარ შეუძლიათ, გაწიონ ხარჯი ძვირადღირებული გადაცემების გაკეთებისთვის, მეორე ტელეკომპანია კი ქმნის ასეთ გადაცემებს და ამავდროულად, არ იხდის გადასახადს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ანდღულაძე.

"მიმდინარე წლის ზაფხულში აღნიშნული ტელევიზიების დავალიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. "იმედს" 14 მილიონამდე, "რუსთავი 2"-ს 6 მილიონამდე, ხოლო "საზ მაუს" 3 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აღმოაჩნდა. არ გაკეთებულა საჯარო კომენტარი, როგორ დაგროვდა ამხელა დავალიანება. სახელმწიფო თუ სპეციალური უწყებები, მიუხედავად საჯარო ინტერესისა, არ გვაწვდიან ინფორმაციას, როდის დაგროვდა ასეთი დიდი დავალიანება, რა დროს, რა პერიოდში, 2010 წლის შემდეგ? მას შემდეგ, რაც ასეთი დიდი ამნისტია მოხდა?! ახლა რა ფორმით მოხდება ეს, ვის უნდა ჩამოეწეროს და ა.შ. იმ ფონზე, როდესაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმედღიანი ინტერვალებით ტელეკომპანიებში აქციების გაყიდვა-გადაფორმება მოხდა, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება სწორედ ამ ტელეკომპანიებისთვის იყოს. საჭიროა გამჭვირვალობა, როგორ და რა ფორმით აპირებენ ამ გადასახადების ჩამოწერას, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და პირდაპირ ფაქტის წინაშე არ უნდა დადგეს. საეჭვოა, რომ ეს ამნისტია მედიაგარემოს გააუმჯობესებს. ეს ალბათ, პირიქით, იმ 2 არხის - "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დასახმარებლად ხდება", - დასძენს მედია-ექსპერტი.

"სავარაუდოდ, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, როდესაც ეს არხები ამბობენ, რომ იცვლიან შინაარსს და თუ ადრე გასართობი გადაცემები ჰქონდათ, ამიერიდან უკვე პოლიტიკური, საზოგადოებრივი შინაარსის საინფორმაციო ჟურნალისტიკა ექნებათ. "რუსთავი 2", "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში იყვნენ. "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს მათ დათმობას და შესაბამისად, სჭირდება, რომ ეს ტელევიზიები იყოს ფინანსურად სუფთა და არ ჰქონდეს ვალები. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ სანამ ჯერ კიდევ აქვთ ძალაუფლება, ეს ვალები ჩამოაწერონ ტელევიზიებს. ალბათ, ასე უნდა ვიფიქროთ, რადგან ახლა რეგიონულ ტელევიზიებს არ ექნებათ სერიოზული ვალი და არც ჰქონიათ. ცხადია, ვალებს იგროვებენ დიდი ტელევიზიები და თუ არის საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ სარგებლობს ასეთი ამნისტიებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი ტელევიზიები... მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღება შეთანხმებით. რაში არის გაცვლილი და რატომ გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ, არ ვიცი. შეიძლება არც არის ეს შეთანხმებული", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჟურნალისტი ია ანთაძე.

"ვიცით, რომ პარლამენტი ქმნის საგამოძიებო კომისიას და მისი თავმჯდომარე თინა ხიდაშელი იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება ამ კომისიის შესწავლის საგანი იქნება. ეს მთავრობა გადამდგარია ოფიციალურად, ისინი მხოლოდ მოვალეობას ასრულებენ და ამ დროს ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს. რაც ყველაზე მთავარია, ამით მთავრობა მედიასაშუალებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რადგან არის ტელეკომპანიები, რომლებსაც ერთი თეთრის დავალიანებაც არა აქვთ და ამ დროს არის ტელეკომპანიები, რომლებსაც მილიონობით ლარის დავალიანება აქვთ. ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ხადური.