ვის რა გაჰქონდა სახელისუფლებო არხებზე, ანუ როდის გაახსენდათ ჟურნალისტებს ცენზურა

ვის რა გაჰქონდა სახელისუფლებო არხებზე, ანუ როდის გაახსენდათ ჟურნალისტებს ცენზურა

არ მიყვარს ხოლმე კოლეგებზე აუგის თქმა, ელემენტარული კოლეგიალობის ხათრით მაინც, მაგრამ იმდენი ქნეს პოლიტიკოსებმა, თქვენი ბუკლიკოც გარიეს პოლიტიკაში. რამ გამამწარა? კოლეგების უტიფრობამ და აფერისტობამ. დღეს რომ გაახსენდათ ცენზურა და ზეწოლა, იმან! არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დითირამბებს რომ უძღვნიდნენ მწამებლურ ხელისუფლებასა და პოლიტიკას, ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს რომ ბლოკავდნენ, მერე უცბად რომ აღმოაჩინეს, რომ სიტყვის თავისუფლება წაართვეს და ოპოზიციურ, ახლა უკვე სამთავრობო არხებს მიაშურეს საჩივლელად. გვიამბეს, როგორ იზღუდებოდნენ წლების განმავლობაში, როგორ უთანხმებდნენ სტუმრების სიას ტელევიზიის ხელმძღვანელობას და როგორ უბლოკავდნენ რომელიმე ოპოზიციური სტუმრის გამო ამა თუ იმ არაპოლიტიკურ გადაცემას. საწყლები, ცრემლიც კი მომერია, მათ შემხედვარეს...

რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, ეკა ხოფერიას არჩევნების შემდეგ რომ გაახსენდა, როგორ დაუბლოკა გია ჭანტურიამ კობა დავითაშვილის მონაწილეობის გამო გადაცემა, რომელიც დიეტებს ეძღვნებოდა თურმე... და რატომ დღეს?! ძალიან მინდოდა, ამ შეკითხვით ეკასთვის თავად მიმემართა, მაგრამ მან ჩემს არც სატელეფონო ზარს უპასუხა და არც მესიჯს გამოეხმაურა.
"მაესტროს" ეთერში ნინო ჟიჟილაშვილის შეკითხვაზე, თუ სად იყო აქამდე, დაახლოებით ასეთი პასუხი გასცა: მე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი და ჩემი გამქონდაო. რა გაჰქონდა ეკა ხოფერიას? ხელისუფლების მომღერალი ბულბულების მოწვევა სტუდიაში და მათთან არაპოლიტიკურ თემებზე საუბარი?! მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილო იყო აგრეთვე "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნინო თოლორდავას მხრიდან არხის დატოვების მიზეზიც. თურმე, ნუ იტყვით და, ქალბატონ ნინოს წნეხის ქვეშ ატარებდნენ, მკაცრ ცენზურას მიმართავდნენ და ტყუილებს ალაპარაკებდნენ.

წარმოგიდგენიათ, რა დღეში ყოფილა გოგო?! მთელი 9 წელი! მაგრამ ეს კი არ აწუხებდა, იმან გააღიზიანა, არჩევნების შემდეგ ცენზურა უფრო რომ გაუმკაცრეს. დაიბნა გოგო, ვერ გაერკვა რა ხდებოდა. აბა, რა უნდა ექნა, ადგა და წამოვიდა. ნეტავ, რომელი ტელევიზია გაუღებს კარს ამ მომხიბვლელ და თვალებფახულა მატყუარას, წლების განმავლობაში ბედნიერი სახით რომ გვიყვებოდა, როგორ ყვავის ეკონომიკა, როგორი ინტენსივობით შენდება ქვეყანა და როგორ იდეალურ პირობებში გვყავს პატიმრები განახლებულ საპატიმროებში.

პატიმრების თემას ვახო სანაია თავის უკანასკნელ გადაცემაში გამოეხმაურა. იგი ამბობს, რომ მის გადაცემაზე ცენზურა არ ხორციელდებოდა, არც სტუმრებს უთანხმებდა არხის ხელმძღვანელობას, მაგრამ გადაცემა მაინც დაუხურეს. ისე საინტერესოა, რით დაიმსახურა სანაიამ მსგავსი ნდობა? ნუთუ თვითცენზურით?

ეკასგან განსხვავებით ვახომ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა და ამომწურავი პასუხებიც გაგვცა შეკითხვებზე.

ვახო სანაია:
- მე ვერ მოვისმინე ზუსტი განმარტება, რის გამო გაგვათავისუფლეს სამსახურიდან, მხოლოდ მე არა, მთელი ჩვენი გუნდი. არხიდან მოიხსნა "ევროპული არჩევანი" და "ვახო სანაიას რეპორტაჟი". მიმაჩნია, რომ უკანონო გადაწყვეტილებაა და ვამზადებთ სარჩელს, რომელიც უახლოეს მომავალში შევა სასამართლოში და ჩვენ ამ სარჩელს მოვიგებთ, დარწმუნებული ვარ.

- ვახო, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" არასაზოგადოებრივ მიდგომებზე ბევრს ლაპარაკობდნენ წლების განმავლობაში, აკრიტიკებდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ფარსს გვიყვებოდნენ ტელეეკრანიდან. შენც მოხვდი კრიტიკის ქარცეცხლში, როცა "საზოგადოებრივი არხის" წინ ძალადობა გააპროტესტე და ის, თუ რატომ არ აშუქებდა ამ აქციებს "პირველი არხი". ისმის შეკითხვა, რატომ დღეს?
- ამაზე მარტივი პასუხი მაქვს. ჩემს გადაცემაზე ცენზურა არ ხორციელდებოდა, ამას ვამბობ ყველგან. ჩემი გადაცემა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში ყველაზე დაბალანსებულ გადაცემად აღიარეს, სადაც ყველაზე სერიოზული თემები შუქდებოდა, მათ შორის პატიმრების თემაც. ეს არ არის ჩემი დასკვნა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაა, ამიტომ არ მესმის ჩემი მისამართით დასმული შეკითხვა, რატომ დღეს. არასდროს მითქვამს, რომ ჩემს გადაცემაზე ცენზურა ხორციელდებოდა და რა უნდა გამეპროტესტებინა? გადაცემის მზადების დროს მე დამოუკიდებელი ვიყავი, პროდიუსერთან და ჟურნალისტებთან ერთად ვარჩევდით თემებს, სტუმრებს.

- როგორ გგონია, რით დაიმსახურე ეს ნდობა, მაშინ როცა ამ ტელევიზიის სხვა ტელეწამყვანები გადაცემის თემებსა და სტუმრებს არხის ხელმძღვანელობას უთანხმებდნენ? იქნებ თვითცენზურით ხსნით ამას?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ უთანხმებდნენ სტუმრებსა თუ თემებს არხის ხელმძღვანელებს. ჩემს გადაცემაში ვერავინ ვერ ჩაერეოდა, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონორის მიერ იყო დაფინანსებული. ან რომელ თვითცენზურაზე მელაპარაკებით, უმწვავესი თემები მქონდა გაკეთებული, საკმაოდ საინტერესო სტუმრებს ვიწვევდი და უმწვავეს კითხვებს ვსვამდი. ეს არ არის ჩემი შეფასება. ეს საერთაშორისო შეფასებაა.

- მაშ, რატომ მოიხსნა გადაცემა ეთერიდან და რატომ დაგატოვებინეს ეს ტელეარხი?
- ამ შეკითხვით დიდი ხანია მივმართავ გია ჭანტურიას და პასუხი ვერ მივიღე. მე მაქვს ჩემი ვარაუდები, მაგრამ დღეს ამ ვარაუდების გამომჟღავნებისგან თავს შევიკავებ.

- ვახო, ხომ არ მიგიღია შემოთავაზება სხვა რომელიმე ტელევიზიიდან?
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა. შემოთავაზებები მქონდა მანამდეც, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა და მაქვს დღესაც. მაგრამ მე ვრჩები "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და ბოლომდე ვიბრძოლებ.