პორტუგალიური „პორტოს“ ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ რამდენიმე დღის გადატანილი ინფარქტის გამო კარიერის დასრულებას გეგმავს.
„ოდესმე დადგება დღე, როდესაც კარიერის დასრულება მომიწევს. ნება მომეცით, ამის შესახებ მაშინ შეგატყობინოთ, როდესაც ეს დღე დადგება. ახლა ყველაფერი მშვიდადაა. გუშინ ექიმმა გამსინჯა. ყველაფერი კარგად არის! ეს არის კარგი ამბავი, რომელიც მსურს, გაგიზიაროთ“, - დაწერა ესპანელმა გოლკიპერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
დღეს გამოცემა Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გადატანილი ინფარქტის გამო კასილიასმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
37 წლის კასილიასმა ინფარქტი 1 მაისს, ვარჯიშის დროს მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 5 დღის შემდეგ კასილიასი საავადმყოფოდან გაწერეს.
მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში კასილიასმა 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ - ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ - უეფას სუპერთასი. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან ორჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. „რეალიდან“ „პორტოში“ ის 2015 წელს გადავიდა.