"წარმოუდგენელია ბეჟუაშვილის პარლამენტში შესვლა. იგი წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე"

"რამდენიმე საჩივარი შევიტანეთ და მოვითხოვეთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. პირველი საჩივარი გახლდათ ის, რომ ბეჟუაშვილმა და გუბერნატორმა კირკიტაძემ წლების განმავლობაში გაზის ბიზნესის მფლობელ კალანდაძესა და მის ბიზნესჯგუფს გამოსძალა დიდი ოდენობით თანხები - მილიონებზეა საუბარი და წაართვეს გაზგასამართი სადგურებიც. როდესაც ბიზნესის მთლიანად გადაცემაზე უარი მიიღეს ამ ფირმის წარმომადგენლებისგან, მაშინ ფირმის წარმომადგენელი კალანდაძე დააპატიმრეს. როგორც კი გაზგასამართი სადგურების 50% გადაუფორმეს დავით ბეჟუაშვილის მიერ წარმოდგენილ ფირმას, იმ დღესვე გაათავისუფლეს იგი ციხიდან", - აცხადებს "ქართული ოცნების" თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შაქრო კალაშოვმა ხელისუფლებას ჯიპები და სკუტერები უყიდა".

"არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ადამიანები კვლავ დააპატიმრეს და ამჟამად მოითხოვეს მეორე 50%-იანი წილიც გადაეფორმებინათ და იძულებული გახდნენ, ესეც მიეცათ. შემდეგი მოთხოვნა იყო, თეთრიწყაროს რაიონში კენჭს ვიყრით და თქვენი ხალხი დაგვახმარეთ არჩევნების გაყალბებაშიო, რაზეც უარი მიიღეს და ამის შედეგად ეს ადამიანი დღესაც გლდანის იზოლატორში იმყოფება. მე აღნიშნულ ფაქტზე მოვითხოვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ პიროვნებასთან ერთად, ვინც იცავს მის ინტერესებს. შემდეგი ფაქტი გახლავთ ის, რომ დავით ბეჟუაშვილმა ერთ-ერთ ქართველს დაავალა, დაერეკა კალაშოვისთვის და და მისთვის მოეთხოვა ერთი მილიონი ევრო. ეს პიროვნება არ გაერია ამ საქმეში, მაგრამ სხვა ადამიანები აიძულეს, ჩართულიყვნენ ამ მოლაპარაკებებში და კალაშოვმა მართლაც გამოუგზავნა ერთი მილიონი ევრო. ეს იყო საფასური, რომ კალაშოვს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.

"ამ ერთი მილიონის ევროს მიღების შემდეგ მოითხოვეს 130 ათასი დოლარი წყნეთში ბეშუაშვილების აგარაკის გასარემონტებლად. შემდეგ 450 კვმ ფართობის ბინა ავლაბარში და ესეც შეუძინეს თავისი ორი ავტოფარეხითა და "ტოიოტის" ორი ჯიპით. ასევე სკუტერი და მოტოციკლეტი და კიდევ დაამატებინეს 200 თუ 300 ათასი დოლარი. ამ ადამიანებმაც, რომლებსაც ამის შეძენა აიძულეს, შეიტანეს სარჩელი ბეჟუაშვილის წინააღმდეგ. შემდეგი საჩივარი კი შევიტანეთ იმ მოქალაქეების ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომლებიც თეთრიწყაროში არჩევნებში მონაწილეობდნენ და ბეჟუაშვილმა და მისმა გუნდმა როგორ მოისყიდეს ეს ადამიანები, ჩაუტანეს თანხები და დაავალეს მოსახლეობაში დარიგება იმის სანაცვლოდ, რომ ხმა მიეცათ ბეჟუაშვილისთვის. ვინც ამას წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ მათგანს შვილი დაუჭირეს და ციხეში ჰყავთ, მეორეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მის წამებასაც ჰქონდა ადგილი. არჩევნების შემდეგ სწორედ ამ ადამიანებმა გააკეთეს განცხადებები და ჩვენ მივმართეთ პროკურატურას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დღეს მაქვს შეხვედრა ევროპიდან ჩამოსულ ადვოკატთან, რომელიც გადმომცემს ახალ ფაქტებს ბეჟუაშვილის სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ჩვენ ამ ფაქტების შესახებაც აუცილებლად მივმართავთ მთავარ პროკურატურას. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ეს ეხება ბიზნესების წართმევის ფაქტებს. ჩვენ ფაქტობრივად ერთი საარჩევნო უბნის გამო წაგვაგებინეს თეთრიწყაროში არჩევნები, მაგრამ არც ჩვენ გვძინავს. დღეს თეთრიწყაროს საოლქო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი სხვა მოტივებით და ვითხოვთ გაუქმდეს ერთი რაიონის, ქოსალარის შედეგები. თუ ისინი დათანხმდებიან, გაიმართება განმეორებითი არჩევნები და თუ არადა ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. მაგათ ეგონათ, რომ თეთრიწყაროში საბოლოო შედეგები დაიდო, მაგრამ ასე არ არის. წარმოუდგენელია ბეჟუაშვილის პარლამენტში შესვლა. იგი წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. უფრო მეტიც, ახლა ჩვენ ვეძებთ მასალებს და ფაქტებს - ცნობილი გახდა, რომ მას ავტოავარიის შედეგად მოკლული ჰყავს თეთრიწყაროს მცხოვრები და ჩვენი იურისტების ჯგუფი მუშაობს ამ ფაქტების სააშკარაოზე გამოსატანად", - დასძენს ადვოკატი.

"ეს კიდევ არაფერია. იმდენი რამ გახდება ცნობილი უახლოეს მომავალში, იმდენი მის მიერ შევიწროებული ბიზნესმენია საზღვარგარეთ გაქცეული, ეს ხალხი უკვე გვიკავშირდება და ისინიც აპირებენ სერიოზულ სამართლებრივ ბრძოლას ბეჟუაშვილის წინააღმდეგ. ყოველთვის ვაცხადებდი, რომ ესენი არიან დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში აღატაკებდა და ძარცვავდა ადამიანებს. როგორც კი გაიმართება პარლამენტის სხდომა, რომელიც დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ძალიან სერიოზული მუშაობა ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურას მანამდეც აქვს შანსი და ვალდებულიც არის, რომ დაიწყოს გამოძიება. ვნახოთ, ველოდებით, სამი-ოთხი დღეა შეტანილი გვაქვს და ჯერ პასუხი არ მიგვიღია, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მივიღებთ", - აცხადებს თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და შეკითხვას - "მანამდე, ალბათ, პარლამენტში თქვენი შესვლა-არშესვლის საკითხიც გაირკვევა..." - პასუხობს:

"მანამდე უნდა გადაწყდეს და თუ არ გადაწყდება და დიდხანს განაგრძოებენ თავიანთ უკანონო საქმიანობას, გამოვალთ ინიციატივით, რომ ბეჟუაშვილის, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება არ ცნონ. შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და შეისწავლონ ყველა ის ფაქტი, რაც არჩევნების დროს მოხდა. როგორც მე ვიცი, კვირისთვის "მეცხრა არხი" ამზადებს ფილმს, როგორ წარმართა არჩევნები თეთრიწყაროს რაიონში ბეჟუაშვილმა. გარწმუნებთ, სკანდალური ფილმი იქნება".