"ზურაბ ადეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, ბაჩო და დათა ახალაიები, მეგის ქარდავა, დიმიტრი შაშკინი - ხელისუფლების გადაბარებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოხელეებმა საქართველო დატოვეს. დროებით გაერიდნენ მათთვის აუცილებელ პროცესს თუ სამუდამოდ - ეს არავინ იცის. "მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამსახურის გადაბარებისას შვებულების აღება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "შვებულებაში გაქცეული მინისტრები / ზურაბ ადეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, ბაჩო და დათა ახალაიები, მეგის ქარდავა და დიმიტრი შაშკინი საქართველოდან წავიდნენ.
"საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საქართველო რომ დატოვა, ამის შესახებ "რეზონანსს" ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ აცნობა. "ჩემი ინფორმაციით, რომელიც გუშინ მომაწოდეს, ზოდელავამ საქართველო დატოვა. კონკრეტულად საით გაემგზავრა, ეს ჩემთვის უცნობია. მიკვირდა კიდეც, რომ მურთაზ ზოდელავა, რომელსაც არაერთი უკანონო საქმე აქვს ჩადენილი და იმდენ უკანონო განაჩენზე აქვს დირექტივა მიცემული, აქამდე არ წავიდა ქვეყნიდან. ეს ჩვენთვის, ადვოკატებისთვის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია", - ამბობს კორკოტაძე, რომელიც ზოდელავას მხრიდან საქართველოს დატოვებას არათუ მოულოდნელად თვლის, მიაჩნია, რომ ეს ასეც მოხდებოდა. ადვოკატი თქმით, მას აცნობეს, რომ "მთავარ პროკურატურაში კომპეტენტური პირი, ვისაც რამე კონკრეტულ საკითხზე შეიძლება დაელაპარაკო, ადგილზე არავინ არ არის", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა იუსტიციის მოქმედი მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანზე დაყრდნობით დაადასტურა. "ბურჯალიანმა მითხრა, რომ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება. დაბრუნდება თუ არა ის შვებულებიდან, ვერ გეტყვით, რადგან, რამდენადაც ვიცი, ბურჯალიანი ამ საკითხით არ დაინტერესებულა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამსახურის გადაბარებისას შვებულების აღება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია", - განუცხადა "რეზონანსს" წულუკიანმა. იმავეს ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძეც, რომლის თქმით, შვებულებაში გასვლა მაშინ, როცა უნდა გადააბაროს სხვას იუსტიციის მინისტრობა, რა თქმა უნდა, ალოგიკურია", - დასძენს გამოცემა.
"უცხოეთშია შაშკინიც. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილმა და შაშკინმა საქართველო დატოვეს, მაშინ სალომე მახარაძის კომენტარი გავრცელდა, რომ შაშკინი მივლინებაშია და 6 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ შაშკინი დღესაც არ დაბრუნებულა საქართველოში. ესენი არიან უპასუხისმგებლოები. თუმცა არასდროს ასრულებდნენ კანონს და ახლა რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ადგნენ და ქვეყანა უკანონოდ დატოვეს?!" - აცხადებს ნათია კორკოტაძე. როგორც ცნობილია, ქვეყანა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამაც დატოვეს. "გურიანიუსის" ცნობით, ძმები ახალაიები საქართველოდან 4 ოქტომბერს, გვიან ღამით წავიდნენ, მანამდე კი მათ პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს. ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა ავტომობილებში ჩასხდნენ. თვითმხილველების თქმით, პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები ახალაიები გენერალური შტაბის მე-9 სართულზე, ახალაიას ე.წ. აპარტამენტში ცხოვრობდნენ", - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს:
"თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჟებსკაია არ ფლობს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო უკვე დატოვა პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ. "ესენი უცხოეთში არ უნდა წავიდნენ. ყველაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მათ იმდენი უკანონობა აქვთ ჩადენილი, ასე უცხოეთში წასვლით რომ შერჩეთ, წარმოუდგენელია. ჩვენ, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვართ. თუკი დავინახავთ ახალ პოლიტიკურ ძალაში უკანონობას, მათ აუცილებლად ვამხელთ", - დასძენს ნათია კორკოტაძე. თავად იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების პრესსამსახურებს კი ამაზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურთ".