თინა ხიდაშელი;

თინა ხიდაშელი;"უგულავას სურს კუდ-იდან და სოდ-იდან გაშვებული ის ხალხი დაასაქმოს, ვისთანაც განსაკუთრებულ ვალშია... "

"დედაქალაქის არჩეული მერი გიგი უგულავა საკუთარ ექსკლუზიურ სპეცსამსახურს ქმნის! მერიის 9 ოქტომბრის N23 ბრძანებით მერიაში ქალაქის უსაფრთხოების სამსახური იქმნება, რომლის დებულებაში ვკითხულობთ, რომ ახალი სამსახური 7 განყოფილებისგან შედგება, რომელთა შორისა კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ქვეგანყოფილებებიც. ამ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მხოლოდ უგულავა და ეს უფროსი ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მხოლოდ უგულავას წინაშე. ჩვენ კი უგულავას, ამ უფროსისა და თითოეული სპეცრაზმელის წინაშე ვართ ანგარიშვალდებული, ქამრები კიდევ უფრო შემოვიჭიროთ და დენს მიბმულ ნაგავს ახლა გიგი უგულავას პირადი უსაფრთხოება მივაბათ", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "უგულავა პრეზიდენტობანას თამაშობს".

"რაც მთავარია, ამ ახალ სტრუქტურასაც თავიდან ბოლომდე თბილისის მოქალაქეები აფინანსებენ - ანუ ჩვენსავე დარბევაში ფულიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რისთვის დააწიოკა და გააუქმა ვანო მერაბიშვილმა 2008 წელს კერძო დაცვის სამსახურები, რომლთაც ლიცენზია 50 000 ლარი გაუხადა და საბანკო გარანტიად 200 000 ლარი დაუწესა? ვითომ რატომ არ უნდა ისარგებლოს ვანოს მიერ მონოპოლიზებული დაცვის სამსახურით უგულავამ და რაში სჭირდება მერიას ექსკლუზიური დაცვა? დაბოლოს - გიგი უგულავა ამ თავისი გადაწყვეტილება-დებულებებით აბსოლუტურად კანონგარეშეა და მისი ბრძანება ერთ ან ორს კი არა, - ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე კანონს ერთდროულად არღვევს!" - აღნიშნავს გამოცემა.

"კონსტიტუციით, მმართველობის შესახებ კანონითა და თბილისი შესახებ კანონით მკაფიოდაა განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები. არც ერთ კანონში არსად არაა მითითებული, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა თვითმმართველი ერთეულის უფლებაა. ქვეყანაში არსებობს სახლემწიფო დაცვის სპეცსამსახური და დაცვის პოლიცია, რომლებიც სახელმწიფო ობიექტების დაცვას ისედაც უზრუნველყოფენ. არსებობს კანონი კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებაც, სადაც წერია, რომ ეს უფლებამოსილება აქვს ლიცენზირებულ კერძო კომპანიას - ამ ლიცენზიის მფლობელი კი მერია ვერ იქნება, ამას კანონი არ უშვებს. მერიის დებულებაში იმდენი სკვერი და მერიის ბალანსზე არსებული ობიექტია ჩამოთვლილი, ბუნებრივია, მათ დაცვას დიდი რესურსი სჭირდება და მომავალი წლის ბიუჯეტი როგორ გაიღებს ამ ხარჯებს? გარდა ამისა, სარევიზიო კომისიასა და აუდიტის სამსახურს როგორ დაუსაბუთებს უგულავა ამ გადწყვეტილების მიზნობრიობას? - ვერანაირად! მერიის ეს ბრძანება კანონგარეშეა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების ექსპერტი და საბიუჯეტო და აუდიტორულ საქმიანობათა სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი.

"დასაბუთების პროცესი ძალიან მძიმედ წარმომიდგენია. ის ფუნქციები, რაც ჩვენ ამ ბრძანებაში წავიკითხეთ, პირდაპირ გახლავთ ოპერატიული სამძებრო სამსახურების ფუნქცია: ინფორმაციის შეგროვება, მონიტორინგი... ამ ყველაფერს ისე ვერავინ განახორციელებს, კანონი თუ არ აძლევს ამის უფლებას, ხოლო ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, მერია, რა თქმა უნდა, ნახსენები არსადაა! თვითმმართველი ორგანოების ზემდგომ პირებზე ზედამხედველი,მ მთ შორის მათი ბრძანების გაუქმების უფლებამოსილების მქონე არიან გუბერნატორები, ხოლო თბილისისა და აჭარის 5 თვითმმართველი ერთეულის შემთხვევაში ეს უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო - კანონით იგი ვალდებულია თვითმმართველი ორგანოების მიერ გაგზავნილ აქტებს სამართლებრივი კონტროლო გაუწიოს - როცა რაღაცას უგზავნიანი უპირობოდ კი არ უნდა გამომიქვეყნოს საკანონმდებლო მაცნეში, ჯერ მისი კანონშესაბამისობა უნდა შეისწავლო. ასე რომ, პრემიერის გარდა, იუსტიციის სამინისტროსთანაც კითხვა მაქვს - აბა, მაჩვენონ თუ აქვთ ამ კანონგარეშე დადგენილებაზე რა რეაგირებაა მოხდენილი. ამგვარად, ის ორი უწყება, ვისაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ, უკვე გამოკვეთილია", - დასძენს ლევან ალაფიშვილი.

"სახელმწიფო სამსახური პირდაპირ პრეზიდენტს ექვემდებარება და ძალიან მარტივი სქემა მოქმედებს - იმ ფონზე, როცა ძალოვანებზე კონტროლი დაკარგეს, ცდილობენ არასრულფასოვანი, მაგრამ რაღაც კვაზიჩანაცვლება გააკეთონ. როგორც ჩანს ამას ერთჯერადად, მხოლოდ ერთი მიმართულებით არ გეგმავენ და სქემაში ჩნდება ახალი მოთამაშე - ქალაქის მერი. თუმცა აქ ერთი პატარა პრობლემა აქვს გიგის - სააკაშვილს ამის გაკეთების კომპეტენცია მაინც ჰქონდა, აი, უგულავა საერთოდ რა შუაშია, გაუგებარია - მას მსგავსი გადაწყვეტილებებიის მისაღებად არანაირი მექანიზმი არ აქვს" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

"გვესმის მერიის მხრიდან ასეთი განმარტებებიც - ამ ახალ სამსახურს შეიარაღება არ ექნებაო და ა.შ. მაგრამ ეს ახლა, თორემ, ამოცანა ის ხომ არ არის, რა უფლებამოსილბა ექნება ამ სამსახურს, არამედ ის, რომ ზოგადად შერჩეთ ამ ერთეულის გაჩენა - ამის მერე უფლებამოსილებებსაც შეიძენენ. იმ ფუნქციების მიხედვით, რაც ამ სამსახურს უწერია, უგულავა პრეზიდენტობანას თამაშობს. მას არ უნდა ეგონოს, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს - ეს ასე არ იქნება. როცა არჩევნებს აგებ, შედეგებსაც უნდა შეეგუო. თუმცა ეს "ბოლო გაფართხალება" და ახალ რელსებზე გადასვლა რევანშის მზადყოფნისთვის ხდება და ეს გასაგებია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"უგულავა ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს: 1. კუდ-იდან და სოდ-იდან გაშვებული ის ხალხი უნდა დაასაქმოს, ვისთანაც განსაკუთრებულ ვალშია, თორემ შეიძლება ხელში ფურცელი და კალამი აიღონ, ან ლამერის წინ დაიწყონ ლაპარაკი. 2. ისინი ხალხის დაშინებისა და კონტროლის მექანიზმების გარეშე არაფერს წარმოადგენენ, ამიტომ სხვანაირად არსებობა არ შეუძლიათ და ამიტომ მერმა სახელმწიფოში ნახევრად გასამხედროებული სტრუქტურის შექმნა გადაწყვიტა. ამის უფლება უგულავას ვერ მივცემთ, ამას არ დავუშვებთ! 3. ეს გაბრძოლებაა იმის საჩვენებლად, ჯერ აქ ვარ, ხელისუფლებაში და ახლა ნახეთ, რას ვიზამო. მგონი, გიგი დაავიწყდა, რომ იმ ქალაქის მერია, სადაც მისმა გუნდმა ათივე ოლქი სამარცხვინოდ წააგო და ამით სილა მთელ "ნაცინალურ მოძრაობას" გაეწნა! ამიტომ უგულავა რაც უფრო თავმდაბალი იქნება და თავდახრილი დაელაპარაკება საკუთარ მოქალაქეებს, იქნებ პასუხისმგებლობის საკითხსაც გადაურჩეს", - ამბობს თინა ხიდაშელი.

"დიდი იმედი მაქვს, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით თბილისი საკრებულოს ერთხელ მაინც აღმოაჩნდება პოლიტიკური უნარი და გამბედაობა, უარი უთხრას უგულავას, რომელიც მას პირდაპირ კანონის დამრღვევ და უფლებამოსილების გადამმეტებელ აქტს სთავაზობს. ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება - ეს აქტი გაუქმდება. შეიძლება საკრებულომ აქტი მიიღოს კიდეც, მაგრამ ერთი ადამიანიც კმარა სასამართლოში სარჩელის შესატანად. მე კი სასასამართლოს სამართლიანობის იმედი მაქვს. გარწმუნებთ. ამ აქტის მომავალი გაუქმებაა, თუ მის შემქმნელ გიგი უგულვას წინ უფრო მძიმე მომავალი არ ემუქრება" - დასძენს თინა ხიდაშელი.