საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ხილვით აღშფოთებული საზოგადოება ემოციის გამოხატვას არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაურბოდა და არც საქალაქო ტრანსპორტში. სწორედ სამარშრუტო ტაქსიში ამ თემაზე საუბრისას გავიცანი გოგონა, რომელიც "გამომიტყდა", რომ ნაცმოძრაობის პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ყოფილი კლასელი იყო... პროფესიით კინოჟურნალისტი სოფო სურგულაძე ნაცმოძრაობის პრესსპიკერის ბავშვობასა და მასთან ბოლო შეხვედრაზე გვიამბობს:
- მე და ჩიორა თაქთაქიშვილი 57-ე სკოლაში (ფალიაშვილის ქუჩაზე) ერთ კლასში ვსწავლობდით. საკმაოდ გულჩათხრობილი გოგონა იყო, თუმცა ყოველთვის კარგად სწავლობდა და მასწავლებლებსაც უყვარდათ. ბაბუაჩემი, რეზო სურგულაძე, ისტორიას ასწავლიდა და ბაბუაც აქებდა. თუმცა აქტიური, სიცოცხლით სავსე ბავშვი არასდროს ყოფილა... კლასელები სახელის გამო ეხუმრებოდნენ. გამხდარი, სათვალიანი ბავშვი იყო, არასდროს იპრანჭებოდა. უბრალოდ, ჯიბრიანი იყო, ძალიან უყვარდა რაღაცის მტკიცება.
- კონფლიქტური იყო?
- არა, "კომსომოლა" ხუთოსანი გახლდათ. მისთვის მთავარი მაღალი ნიშნის მიღება იყო. არც შეყვარებული ჰყოლია და არც არასდროს უთქვამს ვინმეზე, მომწონსო. სხვათა შორის, ახლახან რომ ვნახე, გამომიტყდა, გავთხოვდიო, ვისზე, არ უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, ბავშვის გაჩენას ჯერ არ ვჩქარობთო.
- ახლა თუ გაქვს ჩიორასთან ურთიერთობა?
- სკოლის დამთავრების შემდეგ არ მყავდა ნანახი. არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ შევხვდი. მცირეწლოვანი შვილი მყავს, უმუშევარი ვიყავი და იქნებ სამსახურის დაწყებაში მომეხმაროს-მეთქი. შეხვედრა რომ ვთხოვე, პარლამენტში დამიბარა. საკმაოდ თბილად შემხვდა, ბაბუა მოიკითხა, ვუთხარი, გარდაიცვალა-მეთქი. არც სკოლის პერიოდი უხსენებია და არც ჩვენი კლასელებიდან ვინმე. შევჩივლე, უმუშევარი ვარ, ძალიან მიჭირს, დიდი ხანია სხვადასხვა ვაკანსიაზე ვგზავნი ჩემს მონაცემებს, მაგრამ არავინ შემეხმიანა, ჩვენს ქვეყანაში ხომ სამსახურს მხოლოდ ნაცნობობით თუ დაიწყებ-მეთქი. სხვათა შორის, ჩიორა დამეთანხმა - სწორედ ამ პრობლემას ვებრძვითო და მითხრა, მხოლოდ ის შემიძლია, ნაცმოძრაობის სახელით რეკომენდაცია გაგიწიო რომელმე საარჩევნო უბანზეო.... ისე, ბევრი მეკითხება, ჩიორამ ამდენს როგორ მიაღწიაო. არ ვიცი, თუმცა მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა იცოდე პენიტენციურ სისტემაში რაც ხდება და მაინც უტიფრად იცავდე ხელისუფლებას?! როგორ შეუძლია ამდენი სიყალბის გაზიარება?! სხვათა შორის, ჩიორასთან შეხვედრისას შევესწარი, რომ საფრანგეთიდან ელოდნენ სტუმრებს და ბჭობდნენ, სად წაეყვანათ, რომელ რესტორანში ექეიფებინათ და რა ეჩვენებინათ, საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება რომ შექმნოდათ. შევატყვე, დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ხელისუფლებაში დარჩებოდნენ.
- ამდენი წლის უნახავ თანაკლასელთან შეხვედრის შემდეგ რა განცდა დაგეუფლა?
- შიშის... შუშის თვალები აქვს, ადამიანური აღარაფერი აქვს შერჩენილი. არადა, კარგი მშობლები ჰყავს, წესიერი, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ. ნუთუ არ ეუბნებიან, რომ მისი მოქმედება ადამიანობის ჩარჩოებს სცილდება?
მხოლოდ ჩიორას კი არა, მთლიანად ნაცმოძრაობას აქვს შუშის თვალები და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. როგორ იპოვეს ერთმანეთი, სად შეიკრიბნენ, არ ვიცი.
- როგორ ფიქრობ, ჩიორა ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, რა განცდა დაეუფლება?
- დარწმუნებული ვარ, გაუკვირდება, რადგან პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. თუმცა მაქვს უფლება, მისი საქციელი გავაპროტესტო. ან რატომ უნდა გავჩუმდე? ცხოველი არ გააკეთებს იმას, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა. დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ციხეებში და ვითომც აქ არაფერი, მშვიდად განაგრძობდნენ დემაგოგობას. მართლა ძალიან მიკვირს, ჩემი კლასელი ასეთ არაადამიანად როგორ ჩამოყალიბდა.