გაზეთი "ალია" გიორგი ბარამიძის უძრავი ქონების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.
გიორგი ბარამიძე, დაბადებული თბილისში 1968 წლის 5 იანვარს. გიორგი ბარამიძის მეუღლე ეკა ჯაფარიძე, დაბადებული თბილისში 1963 წლის 21 ოქტომბერს. შვილი ანა ბარამიძე, დაბადებული ვაშინგტონში 1999 წლის 22 ივლისს.
გია ბარამიძის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისში ელენე ახვლედიანის ქუჩაზე №6, ფართობი 453,0. კვ.მ.
გია ბარამიძე - თბილისში, 25% ბინა უზნაძის ქუჩაძე №6. ფართობი 200,0. კვ.მ.
ეკა ჯაფარიძე - საცხოვრებელი სახლი თბილისში, გორგასლის 1-ლი შესახვევი №8, 120 კვ.მ. და მისივე საკუთრებაშია აქვე მიწის ნაკვეთი, ფართობი - 120,0. კვ.მ.
რაც შეეხება ბარამიძის საკუთრებაში არსებულ ძვირფას ნივთებს, რომელთა ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს, დეკლარაციის მიხედვით, ასეთად სახელდება მინისტრის კედლის საათი.
რაც შეეხება ბარამიძის საბანკო ანგარიშებს, "საქართველოს ბანკში" სახელდება მისი მიმდინარე ანაბარი - 215151,0 ევრო, ხოლო მის მეუღლეს 1035,0 ამერიკული დოლარი აქვს.
ბარამიძის სახლს უკვე ელენე ახვლედიანის ქუჩაზე ძალზე იოლად ვპოულობ, იქვე გზა ადის რეზიდენციისკენ და "პრაეზდის" ბიჭი უპრობლემოდ მითითებს ლამაზი აგურის სახლზე, მაგრამ მაფრთხილებს, - ბარამიძე აქ არ ცხოვრობსო, გაქირავებული აქვსო. ჩემი დევიზი გახდა "დავერიაი, ნო პრავერიაი", ამიტომ მაინც მივდივარ შენობისაკენ. მინისტრის სახლის უკან ლამაზი ეკლესიაა, ეგება აქ ინანიებს ცოდვებს ჯერ კიდევ მინისტრი ბარამიძე? მაგრამ, ნურას უკაცრავად! აქ მისი ფეხი არ დადგმულაო, - კოვზს ნაცარში მიგდებენ აქაური მათხოვრები.
მრევლი მიდასტურებს, რომ ბარამიძის კი არის სახლი, მაგრამ დიდი ხანია, უკვე ვიღაცეები ცხოვრობენ. ეგ აქ არ მოდისო. გიას შემდეგი სახლი კამოზეა. კამოს, იგივე უზნაძის ქუჩაზე ყველამ იცის, ვინ არის გია ბარამიძე. რას ერჩით, "სტრანა ზნაეტ სვაიხ გეროევ!" კაცს ვაჩერებ და ბარამიძის ზუსტ მისამართს უხალისოდ მიხსნის. სკოლელი აღმოჩნდა. გიაზე ამბობს, - მაგას ჩვენ სულ კარებში ვაყენებდით, სხვა არაფერი იცოდაო (ისე, უტრირება რომ მოვახდინო იმ კაცის ნათქვამის, ბარამიძე ახლაც, პრინციპში, კარებში დგას, ოღონდ გასაქცევად გამზადებული!).
გზაში ხნიერი ცოლ-ქმარი მხვდება.
- ბარამიძე აქ დიდი ხანია, თვალით არ გვინახავს! აქ ეგ როგორ იცხოვრებს? იკადრებს? რასაც ხედავთ ტელევიზორში, აი, ისაა! როგორ იქნება კარგი? რასაც ვუყურეთ, რაც იბრიქა ზუგდიდში, ეს კარგია? ეგ აქ ნამდვილად არ ცხოვრობს. კიდევ აქვს ბინა.
მოკლედ, არ ცხოვრობს ბარამიძე დასახელებულ სახლებში. რჩება მეუღლის სახლი, თუმცა "მშენებარეო", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ამის შემდეგ ორთაჭალა მოდის. სანამ უგულავა უგულავობს, მინდა ვუთხრა, რომ მთელი ორთაჭალა ხელახლაა დასანომრი, აქ კაცი ვერ გაიგებს, რომელი ჩიხი რომელ შესახვევშია. ამასობაში ძლივს ვაგნებ ეკა ჯაფარიძის მშენებარე სახლს. თავად ეკაზე კი აი, რას მეუბნებიან მეზობლები:
- ბარამიძის ცოლი აქ ქალბატონივით მოდის, ზევიდან გვიყურებს. ეგ აშენებს ამ სახლს. აქაური კაცისგან იყიდა ეს სახლი წინა ომის დროს, 20 წლის წინ ძალიან იაფად, სულ მუქთად. ძველი სახლი იყო და დააზღვია ეს სახლი, მერე ერთხელაც მიაყენა მანქანა და დაანგრევინა. იმ მოხუცებსაც ბოლომდე არ მისცა ფული, ეგრე გამოვიდა ხმა. ძველი სახლი დაანგრევინა და ადგილი დარჩა და აქ აშენებს ახლა დიდ სახლს. გია მოდის ხოლმე და ნახულობს მშენებლობას, თუ დაუცდი, გამოჩნდება. კვირაში ერთხელ მოდის.
მოკლედ, ეს იყო, რაც იმ დეკლარაციის მიხედვით გავარკვიეთ, რეალური დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.