ზურაბ ადეიშვილი გაიქცა?!

ზურაბ ადეიშვილი გაიქცა?!

"იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი გუშინ პირადად იყო მისული იურისტ დავით ჯანდიერთან ერთად იუსტიციის სამინისტროში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. თეა წულუკიანს სამინისტროში მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არ დახვედრია - გავრცელებული ხმებით ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა. თეა წულუკიანს სამინისტროს მუშაობის პროცესი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გააცნო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ზურაბ ადეიშვილი გაიქცა?!

"სისტემის გადაბარების პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა არს ისე ხანგრძლივი გამოდგა. თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში მომავალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ხანგრძლივი არ იყო, თუმცა იყო საქმიანი და ნაყოფიერი. მისივე თქმით, მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღო ბურჯალიანის მხრიდან. რამდენადაც ცნობილი გახდა, მომდევნო შეხვედრას მინისტრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი დავით ჯანდიერი გამართავს. საჭიროების შემთხვევაში კი წულუკიანს თავად ექნება პირადი კონტაქტი ბურჯალიანთან. როგორც პრესასთან წულუკიანმა განაცხადა, მან მინისტრ ადეიშვილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა ბურჯალიანს, პასუხი კი ასეთი იყო: "ადეიშვილი დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მე ეს კითხვა დავსვი და მივიღე პასუხი, რომ ის 5 ოქტომბრიდან დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება. პასუხი იმასთან დაკავშირებით, დაბრუნდება თუ არა ის შვებულებიდან, არავინ იცის, მე ადგილსამყოფელი თინა ბურჯალიანთან არ გამირკვევია იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კერძო პირი შვებულებაში იმყოფება, მე არ მევალება ვეძიო, სად არის ის. უცნობია, როდის დაბრუნდება და ალბათ არ დაბრუნდება. რაც შეეხება ბურჯალიანს, მან თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად მოხდეს და რაც მთავარია, სრულფასოვნად, რომ ის და სხვა მოადგილეები ხელს შეგვიწყობენ იმაში, რომ ჩვენი ინფორმაციული უზრუნველყოფა მოხდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო", - დასძენს გამოცემა.

"ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არსებობს ფუნდამენტური პრინციპი, რასაც სახელმწიფოს განგრძობადობა ჰქვია, ამაზე ჩვენ ვთანხმდებით და ეს იყო ჩემი აქ მოსვლის უპირველესი მიზანი. იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოვიღე პასუხი, არ ანადგურებს ხელისუფლების ცვლილების პერიოდში მნიშვნელოვან დოკუმენტებს.. თუ აღმოჩნდება, რომ ეს არ არის მართალი, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ასევე შევთანხმდით, რომ მოქალაქეები მომსახურების არც ერთ სფეროში, რომელაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა, არ იგრძნობენ ხელისუფლების გადაცემის პროცესს", - განაცხადა წულიკიანმა. მისივე თქმით, მშენებლობები, რომელსაც ამჟამად ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, ხელისუფლების გადაბარებამდე შეფერხებულია - "ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებ, რომ მომავალ ხელმძრვანელობას დაუტოვონ მოქმედების არეალი და მომავალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს ინფრასტრუქტურული პროექტების ბედი", - წერს სტატიის ავტორი.

"რაც შეეხება საკითხს, როგორი იქნება საკადრო საკითხები და ვინ წარმოუდგენია თეა წულუკიანს მის მოადგილეებად, ამბობს, რომ თინა ბურჯალიანმა ყოველგვარი კითხვის გარეშე უთხრა, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მას სამსახურში არ დახვდებიან და ისინი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებვენ პოსტებს. რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლები ზურაბ ადეიშვილის მიგნება არ არის, ის ბევრ ევროპის ქვეყანაშია და წარმატებით მუშაობს. მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის სახლების დღევანდელ მუშაობაში ბევრი რამ არის გასაუმჯობესელი, ამიტომ იღებს ვალდებულებას, რომ არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს შეინარჩუნებს, არამედ ნაკლოვან მხარეებსაც გამოასწორებს, რადგან მოქალაქეებს ეფექტური მომსახურება სჭირდებათ", - დასძენს სტატიის ავტორი.