გიორგი დემეტრაძე:

გიორგი დემეტრაძე: "ჩემთვის ჩემი შეწყალება ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩემი დაპატიმრება"

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება მისთვის გაუგებარია.

"ჩემთვის შეწყალება ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩემი დაპატიმრება. ვერ გავიგე, ან რას მიჭერენ, ან რას მიწყალებენ, მე არავის მოწყალება არ მჭირდება. ერთადერთი, რაც მჭირდება, გამართლებაა - მე უდანაშულო ვარ. იმედი მაქვს, კანონმდებლობა შეიცვლება და მომეცემა საშუალება, ჩემი საქმე გადაიხედოს", - აცხადებს დემეტრაძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში.

ყოფილი ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიწვიოს.

"სტრასბურგში ჩემი საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მივაღწევ სამართალს და სტრასბურგი აღარ დამჭირდება", - განაცხადა მან.

დემეტრაძე კახი კალაძის რეგიონალური და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, კალაძის სამინისტროს წარმატებაში მალე ყველა დარწმუნდება.

"კახი კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებს", - აღნიშნა დემეტრაძემ.

როგორც ყოფილი ფეხბურთელი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პროტესტის ნიშნად ორი დღე შიმშილობდა, თუმცა მისი თქმით, მსგავსი ფიზიკური ძალადობა მის მიმართ არ ყოფილა.

"გლდანის საპყრობილეში ერთხელ კარცერში ჩამსვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცინოდი. პატიმრები მათთვის მონებთან ასოცირდებოდნენ. ფიზიკური ზეწოლა ჩემს მიმართ არ ყოფილა", - აღნიშნა დემეტრაძემ.